ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„გაზიარება, თვალით კონტაქტი და თანატოლებთან თამაში რომ არ უყვარს ბავშვს, ეს ძალიან საყურადღებოა,“ - ბავშვთა ნევროლოგი სოფო ტატიშვილი
ბავშვთა ნევროლოგმა სოფო ტატიშვილმა ბავშვებში გავრცელებულ ნეიროგანვითარების დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროცესში მშობლების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია:
„ზოგადად ნეიროგანვითარების დარღვევები არ არის მიჩნეული დაავადებად. ეს არ არის ისეთი დაავადება, რომელსაც შემდეგ მედიკამენტით უმკურნალებ და გამოჯანმრთელდები. ის ეხება ფუნქციურ მიზნებს და საჭიროებებს. რა თქმა უნდა, ამას მულტიდისციპლინური მიდგომა სჭირდება. მულტიდისციპლინური გუნდის ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს ოჯახი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს მაქსიმალურად ჩართული ამ პროცესში. ამ ერთი წლის განმავლობაში დისტანციურად გვიწევს მუშაობა. როდესაც მშობელი არის ჩართული პროცესში, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.“
სოფო ტატიშვილის თქმით, მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს, რამდენად სწორად ვითარდება მისი შვილი:
„ინტერნეტში არსებობს სხვადასხვა ვებ-გვერდი, სადაც მითითებულია, როგორ უნდა ვითარდებოდეს ბავშვი ყოველ თვე, რას უნდა აკეთებდეს ერთი თვის, ორი თვის ბავშვი და ა.შ. მშობელი უნდა დააკვირდეს, როდის უნდა დაიჭიროს ბავშვმა თავი, როდის უნდა დაიწყოს თვალის გაყოლება. ერთ თვეზე ბავშვმა თავი უნდა დაიჭიროს, მზერის ფიქსაცია ერთი თვიდან უნდა დაიწყოს, თვალის გაყოლება ორი თვიდან. ადრე თუ იყო, რომ რვა თვეზე ბავშვი აუცილებლად უნდა იჯდეს, ახლა გადაიწია ათ თვეზე. ჯდომის ელემენტებიც სამ ეტაპად დაიყო. საყრდენი ჯდომა ცალკეა, როტაციები ცალკეა. ახლა ამაზე არ შევჩერდები. თვრამეტი თვის ბავშვმა დამოუკიდებლად სიარული აუცილებლად უნდა იცოდეს. ოციდან ოცდაოთხ თვემდე ყველაზე ეფექტიანია დიაგნოსტირება და ჩარევა. გამოსავალი ბევრად უფრო კეთილსაიმედოა, როდესაც დროულად იწყება მკურნალობა. ამიტომ ასეთ რაღაცებს მშობლის მხრიდან ყურადღება უნდა მიექცეს.“
„გაზიარება, თვალის კონტაქტი და თანატოლებთან თამაში რომ არ უყვარს ბავშვს, ეს ძალიან საყურადღებოა. აუცილებლად უნდა მიაქციონ ამას ყურადღება, რომ ნეიროგანვითარების დარღვევა, მაგ. აუტისტური სპექტრი არ იყოს. მე არ შევაშინებ მშობლებს, მაგრამ თუ დამატებითი ნიშნებიც არის (თვალით კონაქტის, კომუნიკაციის და მეტყველების პრობლემა), საყურადღებოა ნამდვილად. შეიძლება მოტორულად კარგი განვითარების ბავშვი იყოს, მაგრამ იყოს ემოციური, სოციალური და სოციალური ინტეგრაციის პრობლემები. ვგულისხმობ თამაშს, რაღაცის გაზიარებას. მნიშვნელოვანია მზერით კონტაქტი. არსებობს ნეიროგანვითარების დარღვევები, რომლებიც შეიძლება გამოგვეპაროს. აუცილებლად უნდა მიაქციოს მშობელმა ამას ყურადღება,“ - აღნიშნულ საკითხზე სოფო ტატიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.