ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
რატომ არის ბუშტი ბავშვისთვის ყველაზე სახიფათო სათამაშო?
რთული წარმოსადგენია, მაგრამ ბუშტებით თამაში ბავშვის სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ბუშტი სათამაშოებს შორის ყველაზე ხშირად ხდება ბავშვთა სიკვდილიანობისა და უეცარი გარდაცვალების მიზეზი. მკვლევარებმა დეტალურად შეისწავლეს იმ ნივთების ფორმები, მოცულობა და სახეობები, რომლებიც ბავშვების დახრჩობას იწვევდა. კვლევებით დადგინდა, რომ ბავშვებისთვის განსაკუთრებით საშიშ ნივთებს შორის გვხვდება მცირე ზომის სათამაშოების ნაწილები, რომელთა დიამეტრი 3,17 სანტიმეტრს უტოლდება. როგორც აღმოჩნდა, ბავშვებისთვის განსაკუთრებით საფრთხის შემცველია სფეროს ფორმის საგნები, როგორიც არის ბურთი, მინის პატარა ბურთულები, თოჯინები, რომლებსაც სფეროს ფორმის თავი აქვთ. სფეროს ფორმის ნივთებზე უფრო საშიშად მეცნიერებმა ისეთი საგნები დაასახელეს, რომლებიც ბავშვის სასუნთქი გზების ფორმას ერგებიან. სწორედ მსგავსი ნივთების კატეგორიაში მოხვდა ბუშტიც. კვლევებით დგინდება, რომ ბუშტის ნაწილის საჰაერო გზებში მოხვედრის შედეგად გარდაცვლილი ბავშვების რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 3-6 წლის ბავშვებში.
ექიმები მშობლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ურჩევენ, რომ ბუშტებთან მიმართებაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ. მშობლებმა ბავშვების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შემდეგი რეკომენდაციები აუცილებლად უნდა დაიცვან:
არასდროს ჩათვალოთ, რომ სათამაშო ბავშვისთვის უსაფრთხოა, რადგან მას გავლილი აქვს შესაბამისი ტესტირება, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი ალერგიული არ არის.
არ ჩათვალოთ, რომ ბავშვს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ის უკვე სამი წლის გახდა.
თუ ამჩნევთ, რომ საგანი, ან მისი რომელიმე ნაწილი ბავშვის პირის ღრუში ეტევა, ყოველთვის ყურადღებით დააკვირდით ბავშვს, როდესაც ის ამ საგნის სიახლოვეს იმყოფება.
არასდროს მისცეთ ბავშვს შესაძლებლობა ითამაშოს ბუშტით, როდესაც თქვენ მის გვერდით არ ხართ.
გახსოვდეთ, ქაღალდისგან დამზადებული ბუშტები ლატექსის მასალისგან დამზადებულ ბუშტებთან შედარებით გაცილებით უსაფრთხოა.
აუცილებლად იყავით ინფორმირებული პირველადი დახმარების გაწევის პროცედურების შესახებ. გახსოვდეთ, რომ სიცოცხლე, რომელსაც თქვენ გადაარჩენთ, შესაძლოა, თქვენთვის ყველაზე ძვირფასი იყოს!
ყველა ზემოთ დასახელებული რეკომენდაცია მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რათა გაუთვალისწინებელი შემთხვევებისგან მაქსიმალურად დაიზღვიონ თავი.