რა იწვევს მშობლებში გადამეტებულ შფოთვას და რა ზეგავლენას ახდენს ეს ბავშვზე? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე.
- ხშირად მშობლები ზედმეტად ბევრს შფოთავენ ბავშვთან დაკავშირებულ ყველა დეტალზე. ცუდად ხომ არ აისახება ეს პატარას ფსიქიკაზე?
- მშობლებს, განსაკუთრებით კი ახალბედა მშობელებს, რომლებსაც ახალშობილი ჰყავთ სახლში, ხშირად აქვთ შფოთვა, შიში ყველა დეტალის გამო, რომელიც ბავშვს უკავშირდება. ეს შფოთვა ხშირ შემთხვევაში ქრება ან მცირდება, დროსთან ერთად, მშობლები მეტ გამოცდილებას იღებენ და უფრო მარტივად უმკლავდებიან ახალ გამოწვევებს. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მშობლის შფოთვა გრძელდება და თან ახლავს ბავშვის განვითარების ყველა ეტაპს, ყოველდღიურობას.
ბავშვები აკვირდებიან მშობლების რეაქციებს, თუ მშობელი გამუდმებით შეშფოთებული და შეშინებულია, ბავშვი იფიქრებს, დაადგენს, რომ სხვადასხვა სცენარი, მოვლენა საშიშია, თავადაც მოერიდება ახალი გამოცდილებების მიღებას. ასეთ შემთხვევაში, გენეტიკური რისკ-ფაქტორებისა და დასწავლილი ქცევის კომბინაციით, ბავშვსაც გადაეცემა მშობლის შფოთვა.
- რა განსხვავებაა ამ კუთხით დედებსა და მამებს შორის? თითქოს დედები უფრო მეტად შფოთავენ და მეტ პასუხისმგებლობას გრძნობენ.
- რადგან დედები უფრო აქტიურად არიან ჩართულები ბავშვის მოვლასა და აღზრდაში, შესაბამისად, უფრო თვალსაჩინოა ხოლმე დედის შფოთვა, რადგან მას უფრო მეტი გადაწყვეტილების მიღება უწევს ბავშვთან დაკავშირებით. თუმცა მამებიც ხშირად განიცდიან შიშს და შფოთვას, განსაკუთრებით, ახალბედა მამები. ორივე მშობლის შემთხვევაში, შფოთვის რისკი უფრო მაღალია მაშინ, როცა წარსულში ადამიანს ჰქონდა დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა. როდესაც ადამიანს არ აქვს ემოციური და სოციალური მხარდაჭერა, აქვს ფინანსური პრობლემები, მშობიარობამ რთულად ჩაიარა, თუ ბავშვს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ა.შ.
მშობლის შფოთვა შეიძლება უკავშიდებოდეს ნებისმიერ საკითხს, ბავშვის ძილს, ჭამას, მის თანატოლებთან ურთიერთობას. შფოთვა, ჩვეულებრივ, ჩნდება მაშინ, როცა მშობელი ფიქრობს, რომ ვერ ახერხებს საკითხის, პრობლემის მოგვარებას.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ დაძლიონ ეს პრობლემა?
- მშობლებს ვურჩევ, უფრო მეტი ისაუბრონ იმ საკითხებზე, რაც აწუხებთ, ისაუბრონ სხვა მშობლებთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ინფორმაციის, გამოცდილების გაცვლა მნიშვნელოვანია. ხშირად მშობელი რაღაცას ძალიან განიცდის, ფიქრობს, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას. სხვა მშობლებთან საუბრის დროს და მათი გამოცდილების მოსმენით, აღმოაჩენს ხოლმე, რომ „პრობლემა“ უბრალოდ ასაკობრივია, მისი გადაჭრის მეთოდები კი მრავალფეროვნი და სახალისო.
საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სპეციალისტს უნდა მიმართონ. ესაუბრა მარიამ ჩოქური
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია''
სიცილისა და დაცინვის თემაზე ფსიქოლოგმა გაგა ნიჟარაძემ პირველი არხის გადაცემაში ,,დღის კოდი'' ისაუბრა.
,,სიცილის წარმომავლობაზე დიდი კამათი იყო, ბევრ ადამიანს „უმტვრევია“ თავი. ითვლებოდა რომ სიცილსა და იუმორზე მონოპოლია ადამიანს აქვს, მაგრამ ამ ბოლო დროს აღმოაჩინეს, რომ მთლად ასე არ არის. უმაღლეს მაიმუნებში - შიმპანზეს, ორანგუტანგს, გორილას აქვთ იუმორის მსგავსი რამ, იცინიან ღიტინის დროს, სპეციფიკურ გამომეტყველებას ღებულობენ უწმაწურ ქმედებებზე, რომელსაც თვითონვე აკეთებენ და უხარიათ. რა თქმა უნდა, მას შემდეგ იუმორმა ფორმირება განიცადა და ბევრი მოსაზრება არსებობს თუ რატომ განვითარდა. პირველი, ეს არის სტრესის მოსახსნელი საშუალება და მეორე, ფლირტი. იუმორის მქონე ადამიანები, განსაკუთრებით მამაკაცები, წარმატებით სარგებლობენ საწინააღმდეგო სქესთან.''
გაგა ნიჟარაძის თქმით, ითვლება, რომ ადამიანს იუმორი უჩნდება პირველი წლის ბოლოდან. როდესაც ერთი წლის ბიჭი ან გოგო ხედავს, რომ დედამისი მის საწოვარიან ბოთლს იღებს და ვითომ სვამს, ამაზე ეღიმება. ესე იგი, ის ხედავს შეუსაბამობას, შეუსაბამობა კი აუცილებელი ნიშანია იუმორისა. ერთი ფრანგი ფსიქოლოგი აღწერს შესანიშნავ ამბავს. ზაფხულის დილაა, ის ზის თავის ოთახში და შემოდის მისი პატარა შვილიშვილი, სამი წლის გოგო. მიდის და ეუბნება- „ბაბუ, საღამომშვიდობისა“ (ამ დროს დილაა) და ამაზე ბავშვი იცინის. ეს არის დიდი ნაბიჯი ადამიანის განვითარებაში, როდესაც ის ხვდება, რომ შეუძლია გადატრიალების შექმნა სამყაროში, თავისი სიტყვით. ანუ, შეუძლია თქვას დილით - საღამომშვიდობის და ამით არ დაინგრევა ქვეყანა.
,,როდესაც ადამიანი ცუდ მდგომარეობაშია და ამ დროს, იუმორს არ კარგავს, ეს მის თავისუფლებაზე მეტყველებს. ცნობილ პოეტს, ფრანცუა ვიიონს ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და მან სიკვდილის წინ დაწერა - „რას იწონის ჩემი ტანი, ხვალ ჩემი კისერი გაიგებს“- ამას რომ დაწერ სიკვდილის წინ დიდი შინაგანი თავისუფლების მატარებელი უნდა იყო.''
როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, იუმორის გრძნობა არის ინდივიდუალური. სად გადის ზღვარი არ ვიცი, ვიღაცას აქვს, ვიღაცას არა. აი მაგალითად, მე წამიკითხავს ნაწარმოები, რომელიც თურმე იუმორისტულად არის დაწერილი, მაგრამ ვერ მივხვდი, გერმანული იუმორია ასეთი. ასევე, ეთნიკური იუმორიც თავისებურია, ის რაც ერთ ადგილას სასაცილოა, მეორეგან სრულიად შეუსაბამოა.
,,ხშირად, იუმორი არის თავდაცვის საშუალება. აი, ახლა მე რომ ჩამოვვარდე ამ სკამიდან, შევეცდები გავიცინო, რადგან ამ მარცხის გადაფარვას იუმორით შევძლებ. მაგალითად, საშუალო ასაკის მასწავლებელი, რომელიც მარტოა სახლში და დაჯდომის დროს ჩაუტყდა სკამი, არაფერს იტყვის, შეიძლება ქმარი მოიხსენიოს, რატომ არ იყიდა სკამიო და ა.შ. ის არ ეცდება იუმორი შემოიტანოს მოქმედებაში. ასევე იქნება პირველ კლასელებთან, რადგან ამ ბავშვების წინ ეს მარცხი მის თვითშფასებას ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ იგივე მოხდა თანამშრომლების თანდასწრებით, მაშინვე დაიწყებს სიცილს,'' - დასძინა გაგა ნიჟარაძემ.
რამდენად შეიძლება დაცინვა იყოს მსუბუქი?
,,თუ რომის პაპს დასცინებ - ერთია და თუ შენს მეგობარს - მეორე. ყველაფრის იუმორში გადატანა მეგობრულ ურთიერთობას შესაძლოა აძლიერებდეს, მაგრამ ქორწინებაში არამომგებიანია. თუ პრობლემა იუმორში გადაჰყავს ქმარს, ცოლი ამას ვერ გაუგებს. ასე რომ, იუმორს თავისი ადგილი აქვს.
ასევე, არსებობს შავი იუმორი, როდესაც ვიცინით ისეთ რამეზე, რაზეც არ უნდა ვიცინოდეთ. შავი იუმორის განსაზღვრებაა ასეთი, რომ ის ჰგავს ფეხებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ცნობილია, რომ შავკანიანები, შავკანიანების შესახებ ანეგდოტებზე არანაკლებად იცინიან, ვიდრე თეთრკანიანები. ეს იმის მაჩვენებელია რომ ორ ერს შორის გარკვეული დაძაბულობა არსებობს, მაგრამ სერიოზული არა. აი, ოსური ანეგდოტები იმ დღეს მოისპო, როდესაც ცხელ ფაზაში გადავიდა ქართულ-ოსური ურთიერთობები.
ბატონი ზიგმუნდ ფროიდი ამბობდა, რომ ანეგდოტის სამი ძირითადი თემა არსებობს: სექსი, ტუალეტი და პოლიტიკა. დიდი ხანია აღარ გამიგია პოლიტიკაზე ანეგდოტები (როგორც ორთქლის გამოშვების საშუალება), რაც შეიძლება იმის ნიშანი იყოს რომ არ ვართ ისე ცუდად, რომ ეს დაგვჭირდეს. ადამიანს, რომელსაც თვითონ უფლებები დათრგუნული აქვს და არ არის კარგად, ყველაზე ძლევამოსილი ფიგურა გამოჰყავს ისე, როგორც იდიოტი.''
,,ინტერნეტის დიდი ჭია არ ვარ და კარგად არ ვიცნობ ამ სამყაროს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც პასუხისმგებლობა მოხსნილია (ანონიმურობიდან გამომდინარე), ადამიანი აკეთებს უფრო უარყოფითს, ვიდრე მაშინ როდესაც ეშინია რომ გამოიჭერენ.''