Baby Bag

რატომ ჰგონია ხალხს, რომ ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის ამოწყვეტაა დაგეგმილი? - საკითხის ფსიქოლოგიური ასპექტები

რატომ ჰგონია ხალხს, რომ ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის ამოწყვეტაა დაგეგმილი? - საკითხის ფსიქოლოგიური ასპექტები
როგორ აიხსნება ფსიქოლოგიურად ხალხის შიში იმის შესახებ, რომ ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის განადგურებაა შესაძლებელი? - ამ საკითხზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოთერაპევტი, ტრენერი ნინო ვერხვიაშვილი.

- რატომ ჰგონია ხალხს, რომ ვაქცინაციით მსოფლიო მოსახლეობის ამოწყვეტაა დაგეგმილი, ფსიქოლოგიურად რა ფენომენია ეს?

- არა მარტო ჩვენთან, არამედ სხვა ქვეყნებშიც არის ტენდენცია, როდესაც ხალხი უარს ამბობს ვაქცინაციაზე, რადგან ვაქცინა ახალი შექმნილია და შესაბამისად, მოსახლეობა სიფრთხილით უდგება ამ საკითხს. 

კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც თქვენს კითხვაში გაჟღერდა, არის შიშის და ნდობის მომენტი, ეს ორი ფაქტორი წყვეტს, რამდენად წავა და აიცრება ადამიანი, გააჩნია, ვის ან რას უფრო ვენდობით.

ზოგადად, სოციუმის დაყოფა „ვაქსერებად“ და „ანტივაქსერებად“ ცოტა არ იყოს გადაჭარბებულია. „ანტივაქსერებში“ ძირითადად მოიაზრება ხოლმე ის ხალხი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ვაქცინაციას. თითქოს ზუსტად ისინი შეადგენენ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ცივილიზაციას ვაქცინაციით საფრთხე ემუქრება. მთლად ასე არ არის, იმ ადამიანებშიც, რომლებიც არ არიან მომხრეები, რამდენიმე ჯგუფი გამოიყოფა. 

კვლავ ნდობის საკითხი მინდა შემოვიტანო იმიტომ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც, როგორც უკვე ვთქვი, არ ენდობიან ვაქცინას და ჯანდაცვის სისტემას საკუთარი გამოცდილების ხარჯზე, ან იმ ინფორმაციის ხარჯზე, რაც ყოველდღიურად ვრცელდება, სადაც დიდი დოზით არის ასახული ვაქცინაციის უარყოფითი მხარეები. 

ასევე, არსებობს ჯგუფი საზოგადოებისა, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ ფსიქიკურ, სულიერ ჯანმრთელობაზე და ენდობიან საკუთარ სხეულს, სიჯანსაღეს, რის გამოც ამბობენ უარს. ისინი, ძირითადად, ვაქცინის წინააღმდეგ არ მიდიან, უბრალოდ თვითონ არ თვლიან საჭიროდ, რომ აიცრან. 

აქვე გამოვყოთ კატეგორია, რომლებიც, პირიქით, არ ენდობიან საკუთარ სხეულს და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება სრულად იყვნენ ვაქცინირებულები, მაინც შიშით უყურებენ ამ საკითხს, ასე ვთქვათ „დაპანიკებული“ ხალხის ჯგუფი.

კიდევ ერთი ჯგუფი, რომელსაც ხშირ შემთხვევაში რელიგიასთან აქვს მჭიდრო კავშირი და რომლებიც ჩიპების მოლოდინში არიან, ეს ყველაფერი კი ანტიქრისტესთან ასოცირდება, ზუსტად ამიტომ ენდობიან იმ ინფორმაციას, რომელსაც იღებენ მათთვის პატივცემული ადამიანებისგან. ანუ გააჩნია, ვის ენდობა ამ შემთხვევაში ადამიანი.

- როგორ შეიძლება ამ კუთხით ხალხის ნდობის მოპოვება და ეჭვებთან შებრძოლება?

- სიმართლე გითხრათ, მე დაგვიანებულად მეჩვენება ეს ყველაფერი, რადგან ადამიანებს გვახასიათებს ასეთი თავისებურება, რომ როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, ისე განვეწყობით ხოლმე, რომ შემდეგ რითიც შეგვიძლია მხარს ვუჭერთ უკვე ჩამოყალიბებულ აზრს ამა თუ იმ საკითხზე, გვიყვარს, როდესაც მართლები ვართ. შესაბამისად, კარგი იქნებოდა, აქამდე მიღებულიყო ზომები, რათა სხვანაირად მიეღო მოსახლეობას ინფორმაცია. ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან თვეები გავიდა და ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, როდესაც თითქმის ყველა ადამიანმა იცის, უნდა თუ არ უნდა აცრა. შესაბამისად, ვთვლი, ნდობის მოპოვებასთან დაკავშირებით ზომების მიღება დაგვიანებულია ან ძალიან რთული იქნება.

- სამედიცინო კუთხით ვიცით, რომ ინფორმირებაა საჭირო, თუმცა ფსიქოლოგიურად როგორ შეიძლება მივუდგეთ ამ საკითხს? ფაქტია, ძადატანება უკუშედეგს იძლევა.

- ერთადერთი ვერსია იქნებოდა ძალდატანებითი ვაქცინაცია, რა შემთხვევაშიც აიცრებოდნენ ადამიანები, რასაც პირადად მე ვერანაირად ვერ მივესალმები. 

ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცო​დნე დედების ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

სასწავლო პროცესი 1-ლ აპრილს არ აღდგება

სასწავლო პროცესი 1-ლ აპრილს არ აღდგება

​საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. 

,,საქართველოს მთავრობამ და მე, დღეს, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე,'' - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:

1. შეჩერდა სასწავლო პროცესი;

2. ჯარში გაწვევა;

3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზეა გადასული;

4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;

5. ეტაპობრივად შეიზღუდა როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, აიკრძალა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;

6. დაწესდა საკარანტინო პროცედურები, გამჯაცრდა თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;

7. დაიხურა სამთო-სათხილამურო კურორტები,;

8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;

9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება - როგორც კულტურული, ისე სპორტული;

10. გაიცა სავაჭრო ობიექტების დახურვის რეკომენდაციები, გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო და საბანკო მომსახურებისა.

„საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ კიდევ პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 თებერვალს. დღეს არის 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და ბევრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

შესაბამისად, თავიდანვე შევქმენით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები - კონკრეტული შედეგების მისაღწევად,'' - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)


წაიკითხეთ სრულად