Baby Bag

„დედის გული მართლაც საგანგებო გულია, მამას არ აქვს ეს გული,“ - შალვა ამონაშვილი

„დედის გული მართლაც საგანგებო გულია, მამას არ აქვს ეს გული,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა დედის განსაკუთრებულ უნარებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედის გული შვილის გასაჭირს გრძნობს:

„დედის გული კიდევ რა არის? დედის გული მართლაც საგანგებო გულია. მამას არ აქვს ეს გული, მაგრამ მამას აქვს სიბრძნე. ​დედას წინათგრძნობა აქვს გულში, ამიტომ უნდა დაიცვას ბავშვი. ჩვენ ბავშვების დამცველები ვართ. უნდა დაიცვა ბავშვი, რომ ხიფათი არ მოუვიდეს. მნიშვნელოვანია, როგორ დაიცავ ბავშვს. შეიძლება იძულებით დაიცვა, შეიძლება ცხრაჯერ აუხსნა, ცრემლებით შეეხვეწო, დაანამუსო.“

შალვა ამონაშვილის თქმით, მშობლებმა შვილები ხიფათისგან უნდა დაიცვან:

„რასაკვირველია, ბავშვს ბევრი ხიფათი ელოდება, ძალიან ბევრი და თუ მამა არ დაიცავს, ვინ არის სხვა დამცველი?! დედის გულმა სულ უნდა იგრძნოს ბავშვის მოძრაობა. მე მშვენიერი რძალი მყავს თამრიკო. გული აქვს ასეთი: ექიმებმა ოპერაცია გაუკეთეს ჩემს შვილიშვილს და მაინც ავადაა. არავინ არ იცის რატომ. ექიმები იფიცებენ, რომ ყველაფერი კარგადაა. მარტო ერთმა დედამ იცის, რომ ოპერაცია სწორად არ შედგა. ექიმებს ხელახლა გააკეთებინა ოპერაცია. ტამპონი აღმოჩნდა შიგ ჩარჩენილი. განა დედა ოპერაციას ესწრებოდა?!“

​ხანდახან მკაცრად უნდა უთხრა ბავშვს: „შვილო, მე შენ ამას გიკრძალავ! გთხოვ, რომ ეს არ გააკეთო! დამიჯერე თუ შეიძლება.“ თუ გაქვთ სიყვარული, ბავშვი დაგიჯერებს. თუ არ გაქვთ სიყვარული, ბავშვი თავს დაგიქნევს, იმიტომ, რომ ეშინია. რატომ მიდის ქალი მეგობართან, რომ რაღაც უთხრას? იმიტომ, რომ შეიმსუბუქოს, რაც აწუხებს. მშვიდდები და შეიძლება ის ნაბიჯი არ გადადგა, რასაც გამწარებული გადადგამდი. რატომ არ გვანდობენ ბავშვები ბევრ რამეს? იმიტომ, რომ მე ჩემი პრინციპით მინდა ბავშვი გაიზარდოს, იმას კი თავისი გზა აქვს,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„შესაძლოა, კოვიდი ცხიმის უჯრედებში იმალება,“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე

„შესაძლოა, კოვიდი ცხიმის უჯრედებში იმალება,“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ახალი კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ახალი კვლევის თანახმად, კოვიდის ვირუსი ადამიანის დაინფიცირების შემდეგ ცხიმის უჯრედებში ილექება:

მეცნიერები ეძებდნენ, თუ სად „ილექება”/„გროვდება” კოვიდი ადამიანის დაინფიცირების შემდეგ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან, რომ დაამარცხო ან შეამცირო პოსტკოვიდური მდგომარეობა, აუცილებელია, ვიცოდეთ, სად არის ვირუსი და „მივხედოთ” მას.

ახალი კვლევა, ჯერ არ არის ბოლომდე გადამოწმებული სხვა კოლეგების მიერ, თუმცა მან აჩვენა, რომ კოვიდი შესაძლოა „იმალება” ცხიმის უჯრედებში.

შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, თუ რატომ მიმდინარეობს ჭარბწონიან პაციენტებში, კოვიდი და პოსტკოვიდი უფრო რთულ/მწვავე ფორმებში.

ისეირნეთ ყოველდღე 10,000 ნაბიჯი. შეეცადეთ, მიხედოთ ჭარბ კოლოგრამებს და შესაძლოა, ესეც დაგეხმაროთ კოვიდთან ბრძოლაში.

ნაკლები ცხიმოვანი უჯრედები - ნაკლები კოვიდი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - წერს გიორგი ფხაკაძე

წაიკითხეთ სრულად