Baby Bag

„ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ...“ - მაია ბუწაშვილი ომიკრონის შტამის სახლის პირობებში მართვის შესახებ

„ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ...“ - მაია ბუწაშვილი ომიკრონის შტამის სახლის პირობებში მართვის შესახებ

ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მსუბუქ პაციენტებს სახლის პირობებში ომიკრონის შტამთან გამკლავების წესები გააცნო:

„ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურად მზად უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევათა უმრავლესობა მსუბუქად მიმდინარეობს. მაგრამ ამჟამად უფრო დიდი პრობლემაა ბინაზე მართვაში ჩართული ექიმების დეფიციტი. მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტები და უსიმპტომოებიც კი ღელავენ და დიდი უკმაყოფილებაა იმაზე, რომ ექიმი არ დაუკავშირდა, ან ერთხელ დაუკავშირდა და შემდეგ აღარ. ოჯახის ექიმები უკიდურესად გადატვირთულები არიან და მათთვის საყვედურის თქმა ნამდვილად არასწორია. თუმცა პაციენტების უკმაყოფილებაც გასაგებია. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ინფიცირებულთა დიდ ნაწილს არავითარი დახმარება არ ჭირდება, ყველა პაციენტს აუცილებლად ესაჭიროება ექიმთან კავშირი. ამიტომ ამ რგოლში (ანუ დისტანციური მეთვალყურეობის) რაც შეიძლება მეტი ექიმის ჩართვა ახლა ძალიან მნიშვნელოვანია. (ალბათ,სხვა პროფილის ექიმების სწრაფად ტრეინინგი და კოვიდზე კონსულტირებაში ჩართვაც კარგი იქნებოდა).

მანამდე კი ბინაზე მყოფმა პაციენტებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში იმის გამო, რომ ექიმი არ/ვერ უკავშირება და ახსოვდეთ რამდენიმე ძალიან მარტივი წესი (რაც ძალიან ხშირად გაჟღერებულა, ახალი არაფერია, მაგრამ კიდევ ერთხელ გამეორება ალბათ არ იქნება ზედმეტი ამჟამინდელი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით):

1. კოვიდის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად რაიმე წამალი უნდა მიიღოთ. უმრავლესობას არავითარი წამალი არ ჭირდება

2. ომიკრონისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია ძლიერი ყელის ტკივილი, რაც ადამიანებს ძალიან აშინებთ. ტკივილი მართლად ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ როგორც წესი, არავითარ გართულებებს არ იწვევს და რამდენიმე დღე თუ მოითმენთ, აუცილებლად გაივლის. შეიძლება დავეხმაროთ გამაყუჩებლებით და სავლებით.

3. ისევ აქტუალურია სატურაციის ზომვა. კიდევ ერთხელ შეხსენებისთვის, თითი თბილი უნდა იყოს გაზომვისას. ნორმალური მაჩვენებელია ჟანგბადის შემცველობა 94-ზე მეტი.

4. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულია გარკვეული კვლევები, მაგრამ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ყველა ინფიცირებულმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს. ამას ექიმი წყვეტს და თუ აუცილებლად არ მიაჩნია, ამის გამო ნუ ვეჩხუბებით ექიმებს. თქვენივე სასიკეთოდ გირჩევენ, რომ არ გჭრდებათ ტომოგრაფია და ხშირად ლაბორატორიული კვლევებიც, რომელთა გასაკეთებლად ზოგჯერ რიგებში მოგიწევთ დგომა, ხშირად სრულიად არასაჭიროდ.

5. კოვიდს არავითარი გადასხმები არ ჭირდება. თუ სითხის მიღება შეგვიძლია, გადასხმის არავითარი საჭიროება არ არსებობს. გადასხმა არ არის მკურნალობა, უბრალოდ სითხის შევსებაა.

6. საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც სამედიცინო დახმარებას უნდა მოვუხმოთ, არის გულმკერდის არეში ტკივილი და ზეწოლა, გამოფხიზლების გაძნელება, მნიშვნელოვნად გამოხატული ქოშინი.

7. სიცხე, თუნდაც მაღალი, ჩვეულებრივი სიმპტომია და არ ნიშნავს, რომ დაავადება მძიმედ მიმდინარეობს. თუ დაავადების მიმდინარეობისას ტემპერატურა დაუბრუნდა ნორმალურ ციფრებს სიცხის დამწევის გარეშე და შემდეგ დღეებში ისევ მკვეთრად მოიმატა, ასეთ შემთხვევაში შეიძლება საყურადღებო იყოს.

8. იზოლაციის ვადა შემცირდა 8 დღემდე უსიმპტომო და მსუბუქი შემთხვევებისთვის.

ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ ყველას,“ - წერს მაია ბუწაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი ბავშვისთვის... ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - პედიატრი ქეთი ნემსაძე

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვების გასაღვიძებლად მაღვიძარას გამოყენების მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაღვიძარა ბავშვისთვის სტრესია:

„მაღვიძარა არის სერიოზული სტრესი. მე პიროვნულად იმის წინააღმდეგიც ვარ, როდესაც ბავშვებს ენურეზი აქვთ და თითოეულ წვეთზე იწყება ზარის ჩართვა, რაც ბავშვს აღვიძებს. ეს არ არის დადებითი სიგნალი ბავშვისთვის. ჩვენ როდესაც სტრესზე ვსაუბრობთ, ღმერთმა დაგვიფაროს, განვაცხადოთ, რომ ბავშვმა სტრესი არ უნდა მიიღოს. პოზიტიური სტრესი კარგია. პოზიტიური სტრესი არის, მაგალითად, დილას, როდესაც დედა მოეხვევა ბავშვს, აკოცებს და ეტყვის: „ჩვენი ადგომის დროა.“ რასაკვირველია, მნიშვნელობა აქვს ასაკს.

ის ხმიანობა, რაც ჩართულია მაღვიძარაში, ეს შეხსენება მშობელს თვითონს სჭირდება. მას შეუძლია თვითონ დაიდგას მაღვიძარა, შემდეგ შევიდეს და სხვა მეთოდით, მოფერებით გააღვიძოს ბავშვი. ბავშვისთვის გაღვიძება სტრესია. სტრესის დროს გამოიყოფა სტრესული ჰორმონები, კორტიზოლი. მოფერება ამ სტრესს დაწევს. ეს უნდა გახდეს გაღვიძების მეთოდი. ჩვენ უნდა ვიქცეთ მაღვიძარად ჩვენი შვილებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად