Baby Bag

„დაღლილობის მიზეზი ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება,“ - ნევროგოლი მარინა ჯანელიძე

„დაღლილობის მიზეზი ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება,“ - ნევროგოლი მარინა ჯანელიძე

ნევროლოგმა მარინა ჯანელიძემ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სწორი კვებისა და სითხის სათანადოდ მიღების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ტვინში არის ძალიან წვრილი სისხლძარღვები. იქ რომ სისხლმა გაიაროს, უნდა იყოს ძალიან დენადი. თუ წყალს არ დავლევთ, სისხლი ნაკლებად მოძრაობს. ჯანმრთელმა ადამიანმა ყოველ კილოგრამზე 30 მილილიტრი სითხე უნდა მიიღოს.“

მარინა ჯანელიძის თქმით, დაღლილობას ხშირად არასწორი კვების რეჟიმი იწვევს:

„მე მაინც ვთვლი, რომ ჩვენ არასწორი კვების რეჟიმი გვაქვს. განვითარებულ ქვეყნებში დილის და შუადღის კვებაა წამყვანი. ქართველები, სამწუხაროდ, მიჩვეული ვართ საღამოს ჭარბ კვებას. დაღლილობის მიზეზი ხშირად არის გვიან დიდი რაოდენობით ულუფების მიღება. მათი დამუშავება დიდ ენერგიას მოითხოვს. დილას დაღლილი გაღვიძება ხშირად არის ამ წანაცვლების შედეგი.“

„საქართველოში პრაქტიკულად დილას არავინ ნოყიერად არ საუზმოს. ეს იწყება დღის მეორე ნახევრიდან. თუ ამას ჩავანაცვლებთ, დარწმუნებული ვარ, რომ კვებით გამოწვეული დაღლილობა ნამდვილად შეიცვლება. დიდი ულუფა კიდევ უფრო დაღლილობას იწვევს, ვიდრე მცირე ულუფა,“ - აღნიშნულ საკითხზე მარინა ჯანელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის დილა იწყება ყვირილით და ჩხუბით, არ იწყება მოფერებით, სიყვარულით. ეს ბავშვებში ძალიან ცუდ მუხტს ტოვებს,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

„ბავშვის დილა იწყება ყვირილით და ჩხუბით, არ იწყება მოფერებით, სიყვარულით. ეს ბავშვებში ძალიან ცუდ მუხტს ტოვებს,“ - დეკანოზი შალვა კეკელია

​​დეკანოზი შალვა კეკელია საზოგადოებასა და ოჯახში მომძლავრებული აგრესიის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ბავშვებს მძიმე გარემოში უხდებათ ცხოვრება, რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს:

„აგრესია გლობალური თემაა, რომელიც სახელმწიფომ გლობალურად უნდა განიხილოს. არავის უსაუბრია იმაზე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ის აგრესია, რომელიც დღეს საზოგადოებაში არის. ჩემი აზრით, არის დასაწყები ტელევიზიებიდან. ტელეგადაცემებში მუდმივი დაპირისპირებაა ადამიანებს შორის. ამას ხომ ბავშვი ხედავს?! ყველგან ბავშვი ხედავს აგრესიას. ოჯახში ხედავს აგრესიას, დედასა და მამას შორის დაპირისპირებას. მშობელი შვილს სულ აკრძალვით ელაპარაკება. ეს ბავშვებში ძალიან ცუდ მუხტს ტოვებს.“

მამა შალვა კეკელიას თქმით, მშობლები ხშირად დილას ყვირილითა და ჩხუბით იწყებენ, რაც ბავშვზე მძიმე ზემოქმედებას ახდენს:

„ბავშვი ხედავს, რომ მშობელი სულ ეუბნება: „ადექი დროზე!“ „დროზე ჩაიცვი!“ ​ამას ეუბნება ყვირილით. დილა იწყება ყვირილით. მშობელს ეჩქარება, სამსახურში უნდა გაიქცეს. ის ბავშვზე დილიდანვე ახდენს ზეწოლას. დილა იწყება ყვირილით და ჩხუბით, არ იწყება მოფერებით, სითბოთი, სიყვარულით. ადამიანებს არ გვყოფნის იმის ძალა, რომ ჩვენს შვილებს თვითონ დაველაპარაკოთ. ადვილია, ბავშვს ყურზე მოქაჩო, უცებ ჩააცვა, რაღაც უცებ გააკეთებინო. იმის ახსნას, თუ როგორი მნიშვნელოვანია დილით ადრე ადგომა, დრო სჭირდება. ჩვენ ეს დრო არ გვაქვს სამწუხაროდ და ეს იწვევს ამ ყველაფერს. ბავშვი დილიდანვე უკვე აგრესიულია.“

მამა შალვა კეკელია აცხადებს, რომ მშობლების მოუცლელობაც უდიდესი პრობლემაა, რაც ბავშვთან სრულფასოვან ურთიერთობას შეუძლებელს ხდის:

„მთელი დღე მშობელს არ სცალია შვილისთვის. არ არის დრო, რომ მშობელი შვილს ესაუბროს, დაუჯდეს შვილს და ელაპარაკოს ძალიან თბილად. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა ერთიანად. ეს ყველაფერი არის ერთობლივად მოსაგვარებელი. საიდან იწყება ადამიანის აღზრდა? ​ადამიანის აღზრდა იწყება ოჯახში. ოჯახი არის უმთავრესი. მეორე არის სკოლა და ის გარემო, სადაც ადამიანი ტრიალებს.“

„შვილს ყოველთვის ტკბილად ვერ დაელაპარაკები, ზოგჯერ გვიწევს საყვედურის თქმა. შვილს უნდა მოექცე ისე, როგორც ღმერთი გექცევა შენ. ღმერთი შენზე განსაცდელებს არ უშვებს ხოლმე? რამდენი განსაცდელი დაუშვია. ამ განსაცდელებით გზრდის ის, ეს განსაცდელი ტკივილთან ასოცირდება ხშირად. განსაცდელი ისეთი რამეა, რომ შენ​ რაღაც გეკრძალება ხშირად. ზოგჯერ ამაზე უარის თქმა ძალიან რთულია, რადგან რაც გეკრძალება გსიამოვნებს. თუმცა, რაც გსიამოვნებს არ არის ზოგჯერ მისაღები ადამიანისთვის,“- აღნიშნული საკითხების შესახებ მამა შალვა კეკელია საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „განთიადი“ საუბრობს.

წყარო: ​„განთიადი“

წაიკითხეთ სრულად