Baby Bag

როგორ მოაგვარო ყელის ტკივილი მარტივად და სწრაფად? - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

როგორ მოაგვარო ყელის ტკივილი მარტივად და სწრაფად? - გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაციები

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ყელის ტკივილის დასამარცხებლად საუკეთესო საშუალების შესახებ ისაუბრა:

„აქ შენ გაიგებ იმას, როგორ შეიძლება ეს პრობლემა მოიშორო უმარტივესად. ძალიან ბევრს აწუხებს ყელის ტკივილი. როგორ მოაგვარო ყელის ტკივილი, თუ სახლში ხარ, იღებ მედიკამენტებს და შედეგი არ გაქვს. ყელის ტკივილი თავისითაც აგილაგდება 2-დან 7 დღეში. მე შენ გასწავლი უფრო მარტივ, უფრო კარგ გზას ყელის ტკივილის წინააღმდეგ, ვიდრე მედიკამენტებია.“

გიორგი ღოღობერიძის თქმით, ყელის ტკივილის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტიანი მარილიანი თბილი წყლის სავლებია:

„ყველაზე კარგი გზა, რომ ყელის ტკივილი მოაგვარო, არის მარილიანი თბილი წყლის სავლები. დამერწმუნე, ეს არის პირველი ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება, როდესაც ვინმეს აქვს ყელის ტკივილი. უნდა აიღო 240 მილილიტრი თბილი წყალი. მასში უნდა გახსნა ნახევარი ჩაის კოვზი სუფრის მარილი. კარგად მოურიო და გამოივლო 15 წამის განმავლობაში ძალიან კარგად. ეს ხსნარი არ გადაყლაპო. სავლები უნდა გაიკეთო ყოველ 1-2 საათში.“

„სოდის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ სჯობს გამოიყენო მარილი. ეს ნამდვილად სანდოა. ყელის ტკივილის მართვა ასევე უნდა მოხდეს პარაცეტამოლით და იბუპროფენით 6 თვის ასაკიდან. ეს წამლები არ უნდა იყოს გამოყენებული ერთჯერადად, არამედ ყოველ 6 საათში, სანამ შენ ყელი გტკივა. მიიღეთ ბევრი სითხე. მოერიდეთ საუბარს, თამბაქოს კვამლს, ცხელ ან ცივ საკვებს, უხეშ და მკვრივ საკვებს, ცხარეს და მჟავეს,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო:​ Usmle მოსამზადებელი ცენტრი 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ნაყინი ანგინას არ იწვევს, ანგინა ბაქტერიული ინფექციაა,“ - ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე

ოტორინოლარინგოლოგი ქეთევან გოცაძე გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ნაყინის, როგორც ანგინის გამომწვევი ტკბილეულის შესახებ მითს ამსხვრევს:

„მინდა გითხრათ, რომ ცივი წყალი და ნაყინი აუცილებელია ბავშვებისთვის, არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც. ნაყინი ეს არის პოზიტივი, ენდორფინი, ეს იმას ნიშნავს, რომ როდესაც კარგ განწყობაზე ვართ, იმუნიტეტიც კარგი გვაქვს. ნაყინი რეკომენდებულია ბავშვებისთვის. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვს გამთბარი ნაყინი ან გამთბარი წყალი. ვიცი, რომ ახლა საყოველთაოდ ამიჯანყდებიან ბებიები. ნაყინი და ცივი წყალი არის გაკაჟების ერთ-ერთი აუცილებელი პირობა. ხშირად უთბობენ ხოლმე ბავშვებს ნაყინს, რაც საჭირო არ არის.“

„არსებობს კატეგორია ბავშვების, რომლებსაც ყელში ქრონიკული ინფექციის წყარო აქვს. ასეთ ბავშვებს ეკრძალებათ ნაყინის მირთმევა, იმიტომ, რომ, შესაძლებელია, ინფექცია გამწვავდეს. თვითონ ნაყინი ანგინას არ იწვევს, ანგინა ბაქტერიული ინფექციაა, ნაყინმა და ცივმა წყალმა, შესაძლებელია, გააქტიუროს უკვე არსებული ინფექციური კერა. ვინაიდან რძის პროდუქტები მიკრობებისთვის ნოყიერი საკვებია, ნაყინის მირთმევის შემდეგ წყლის გამოვლება კარგია, რათა პირის ღრუში რძის ნარჩენები არ დარჩეს, რომლებიც მიკრობების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნიან. ნაყინის მირთმევის შემდეგ კბილების გამოხეხვაც კარგი იქნება,“ - აღნიშნავს ქეთევან გოცაძე.

წაიკითხეთ სრულად