Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

პირველი ივნისიდან 215 000-ზე მეტი ბავშვი ყოველთვიურად 150-ლარიან დახმარებას მიიღებს - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

პირველი ივნისიდან 215 000-ზე მეტი ბავშვი ყოველთვიურად 150-ლარიან დახმარებას მიიღებს - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ივნისის თვიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება გაიზერდება:

„ერთი წლის წინ ჩემი გადაწყვეტილებით სოციალურად დაუცველ ბავშვებს დახმარება გავუორმაგეთ და გავხადეთ 100 ლარი. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს დახმარება გახდეს 150 ლარი. პირველი ივნისიდან თითოეულ სოციალურად დაუცველ ბავშვზე დახმარება შეადგენს 150 ლარს. ამ მიმართულებით წელს ჯამური ბიუჯეტი 341 მილიონი ლარი იქნებს. ეს დახმარება გაგრძელდება მომავალი წლიდან. ბავშვებზე ზრუნვა ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა სოციალურად დაუცველი ადამიანის მდგომარეობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება 215 000-ზე მეტ ბავშვს. ჩვენ ვგეგმავთ სხვა პროგრამების დაწყებას, რომელიც შეეხება სოციალურად დაუცველ ადამიანებს, როგორიც არის, მაგალითად, დასაქმების პროგრამა. ჩვენი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ და დავეხმაროთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. ეს მიზნობრივი დახმარებები სწორედ ამ მიზნით არის გაკეთებული,“- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

წყარო: ​ტელეკომპანია „იმედი“

წაიკითხეთ სრულად