Baby Bag

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს,“- პედიატრი ლელა ზანგურაშვილი

პედიატრი ლელა ზანგურაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოთხი რამის შესახებ საუბრობს, რომელიც კოვიდინფიცირებულ ბავშვს არ სჭირდება:

„ოთხი რამ, რაც არ სჭირდება ბავშვს, რომელსაც კოვიდი აქვს (და არც მოზრდილს, სხვათა შორის):

ვიტამინები

კოვიდეპოქის გარიჟრაჟზე არსებული ვარაუდები არ გამართლდა - კოვიდის მშვიდობიანად გადაგორებას არ ეხმარება არც D და C ვიტამინი და არც ესოდენ პოპულარული თუთია (ცინკი). თუ ბავშვს ასაკობრივად ეკუთვნის რაქიტის პროფილაქტიკა და D ვიტამინს იღებს, ცხადია, უნდა გააგრძელოს.

ანალიზები

სტანდარტული მიმდინარეობის შემთხვევაში (და შემთხვევათა უმეტესობა ასეთია) კოვიდი მანამდე მთავრდება, ვიდრე რაიმე ანალიზის საჭიროება დადგება. ის, რომ სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები უშურველად აფინანსებენ ანალიზებს, არ ნიშნავს, რომ მათი გაკეთება სავალდებულოა. ე.წ.პოსტკოვიდური ანალიზები საერთოდ სამედიცინო მითების, უარეს შემთხვევაში კი, სამედიცინო აფიორის სფეროს განეკუთვნება. არანაირი „აუცილებელი ანალიზების პაკეტი" არ არსებობს. თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს კონკრეტული ანალიზის საჭიროება და შემთხვევათა 99 პროცენტში ისინი უბრალოდ უსარგებლოა.

გადასხმა

„გადასხმა" მხოლოდ მაშინ ხდება საჭირო, როდესაც ბავშვი ვერ სვამს წყალს (ვერ წოვს ძუძუს), სითხეს კი აქტიურად კარგავს ღებინების, ფაღართის ან ძალიან მაღალი სიცხის გამო. საჭიროების გარეშე გაკეთებული გადასხმა უკეთეს შემთხვევაში უსარგებლოა, უარეს შემთხვევაში - ძალიან საზიანო. კოვიდის წინა „ვერსიების" დროს, რადგანაც პროცესში ფილტვები იყო ჩართული, უთავბოლო „გადასხმა" ძალიან ხშირად ამძიმებდა პაციენტებს ფილტვის შეშუპების გამო.

ანტიბიოტიკი

კოვიდის შემთხვევაში უკიდურესად იშვიათად ხდება საჭირო. ბინაზე მყოფ პაციენტებში - პრაქტიკულად არასდროს. არადა გულისგამხეთქი სიხშირით ინიშნება. ამის შედეგებს ალბათ მომავალში მოვიმკით, რომელიღაც ზერეზისტენტული ბაქტერია რომ დაგვერევა.

სულ ეს მინდოდა მეთქვა ,”- წერს ლელა ზანგურაშვილი.

შეიძლება დაინტერესდეთ

იტალიიდან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ ქირურგიულ პროცედურებს ჩაატარებენ

იტალიიდან მოწვეული ორთოპედ-ტრავმატოლოგები „ნიუ ჰოსპიტალსში“ ქირურგიულ პროცედურებს ჩაატარებენ

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრს იტალიელი სპეციალისტები, ალესანდრო პისანი და ლუიჯი სოლიერა ქირურგიული პროცედურების ჩასატარებლად ივლისში ეწვევიან.

მოწვეულ სპეციალისტებთან მოსახვედრად, პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ უფასო კონსულტაცია გაიარონ ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრის ქირურგთან, გიორგი დუღაშ​ვილთან და საჭიროების შემთხვევაში დაგეგმონ ქირურგიული ჩარევა, რომელსაც ალესანდ​რო პისანი და ლუიჯი სოლი​ერა ჩაატარებენ. უფასო კონსულტაციაზე ჩაწერა შესაძლებელია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ დადგენილი სკოლიოზი, ლუმბალური სტენოზი, დისკის თიაქარი ან სპონდილოლისთეზი. პაციენტებს, რომლებსაც დაუდგინდებათ ქირურგიული ჩარევის საჭიროება, მონაწილეობას მიიღებენ ონლაინ კონსილიუმში იტალიელ სპეციალისტებთან.

სამხრეთ იტალიის ორთოპედიული ინსტიტუტის (Istituto Ortopedico del Mezzogiorno d'italia, Messina, Italy) მთავარი ექიმი, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ალესანდრო პისანი და ამავე კლინიკის ორთოპედ-ტრავმატოლოგი ლუიჯი სოლიერა, ყოველწლიურად 500-მდე ქირურგიულ პროცედურას ატარებენ. 2022 წლის ივლისიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ გუნდს შემოუერთდებიან და პაციენტებს მომსახურებას გაუწევენ სკოლიოზის, ლუმბალური სტენოზის, დისკის თიაქრის და სპონდილოლისთეზის ქირურგიის მიმართულებით.

ულტრათანამედროვე აღჭურვილობის მქონე ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი, რომელსაც ევროპული გამოცდილების მქონე ექიმები ხელმძღვანელობენ, სპეციალიზებულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მწვავე, ქრონიკული, თანდაყოლილი და შეძენილი დაავადებების დიაგნოსტიკაზე, მკურნალობასა და პაციენტების პოსტოპერაციულ რეაბილიტაციაზე. ცენტრი 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს გადაუდებელ ტრავმატოლოგიურ დახმარებას და ორთოპედიულ ოპერაციებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის ან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაუკავშირდით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლ ცენტრს ნომერზე 032 2 190 190.

R.

წაიკითხეთ სრულად