Baby Bag

„იოდის ბადით რადიაციული საფრთხისგან თავის დაცვა არის შეუძლებელი,“- ქირურგი დავით ჯიქია

„იოდის ბადით რადიაციული საფრთხისგან თავის დაცვა არის შეუძლებელი,“- ქირურგი დავით ჯიქია

ქირურგმა დავით ჯიქიამ რადიაციული საფრთხის არსებობის შემთხვევაში იოდის ბადისა და კალიუმის იოდიდის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ცნობებზე ისაუბრა:

„თავიდანვე ვთქვათ, რომ იოდის ბადით იოდის მარაგი არ ივსება. იოდის ბადით რადიაციული საფრთხისგან თავის დაცვა არის შეუძლებელი. იოდი ძალიან კარგად ხსნადია სითხეში, ოფლში, ცხიმში. შესაბამისად კანის თავისებურებებიდან გამომდინარე ერთ ადამიანს უფრო მშრალი კანი აქვს, მეორეს უფრო ცხიმიანი. ერთთან ის უფრო სწრაფად გაიხსნება და ჩამოიშლება, მეორესთან უფრო ნაკლებ ვადაში. არანაირი კავშირი ამას არ აქვს იოდის დეფიციტთან, შეწოვასთან და პროფილაქტიკასთან. იოდი ქრება არა იმიტომ, რომ იოდი გვაკლია ორგანიზმში, არამედ იმიტომ, რომ ის ხსნადია და თქვენი კანის თავისებურებებია ასეთი.”

„თუ ბირთვულ კატასტროფასთან გვაქვს საქმე, ამ დროს მარტო რადიოაქტიური იოდ-131 არ გამოიყოფა. ასობით ახალი რადიოაქტიური ელემენტი წარმოიქმნება. ჩვენს ორგანიზმში მარტო იოდ-131 არ მოხვდება. არსებობს კალიუმის იოდიდის გამოყენებასთან დაკავშირებული ცნობები. რუსულ წყაროებში წარსულში არსებობდა რეკომენდაციები, რომ უშუალოდ რადიოაქტიური მტვერის ჩაყლაპვის და შესუნთქვის დროს, 8 დღის განმავლობაში დღეში ერთხელ კალიუმის იოდიდის განსაზღვრული დოზის მიღება იყო საჭირო. ეს უშუალოდ იმ ადამიანებისთვის არის განკუთვნილი, რომლებიც მრავალჯერადად შედიან დაბინძურებულ გარემოში. არავითარ შემთხვევაში ფართო საზოგადოებამ არ უნდა გამოიყენოს კალიუმის იოდიდი. ამას აზრიც არ აქვს. ეს დიდ ზიანს აყენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს. ეს იგივეა, რომ 500-კილოიანი ატომური ბომბისგან დავიცვა თავი ქოლგით,“- აღნიშნულ საკითხზე დავით ჯიქიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით?

უნდა გავრეცხოთ თუ არა ძირს დავარდნილი საწოვარა მდუღარე წყლით? - კითხვას ექიმი ლევან ხარაშვილი პასუხობს. 

მისი თქმით, საწოვარას დავარდნის შემდეგ არ არის აუცილებელი, რომ ის მდუღარე წყლით გავრეცხოთ:

,,ადუღებული წყლის დასხმით, შეიძლება ისეთი ნივთიერება გამოიყოს, რომელიც არ არის სასარგებლო ადამიანის ორგანიზმისთვის. ცხელი წყლისგან შეიძლება დადნეს ან დეფორმაციაც განიცადოს საწოვარამ. ჩვეულებრივი, გამდინარე ონკანის წყლით შეიძლება გავრეცხოთ საწოვარა და დავუბრუნოთ ბავშვს,'' - აღნიშნა ლევან ხარაშვილმა. 

ექიმის თქმით, არანაირად არ შეიძლება, ძირს დავარდნილი საწოვარა დედამ გამოივლოს პირში და შემდეგ დაუბრუნოს პატარას:

,,სამედიცინო თვალსაზრისით, მიუღებელია მსგავსი ქმედება, რადგან ადამიანის პირის ღრუ მიკრობებით ყველაზე მეტად დაბინძურებული ადგილია. ამიტომ ძირს დავარდნილს კიდევ ჩვენი მიკროფლორა დავუმატოთ და ბავშვს ჩავუდოთ, არასწორია.''

წყარო: ​,,ჯანმრთელობის ფორმულა''

წაიკითხეთ სრულად