Baby Bag

„2021 წელი იყო საქართველოსთვის ჩერნობილის შემდგომ ყველაზე მაღალი რადიაციული შკალა,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„2021 წელი იყო საქართველოსთვის ჩერნობილის შემდგომ ყველაზე მაღალი რადიაციული შკალა,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ფარისებრი ჯირკვლის იმ პრობლემების შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტად არის გავრცელებული:

„შესაძლებელია იყოს ფარისებრი ჯირკვლის გარკვეული სტრუქტურული ცვლილებები. სისხლში მისი ჰორმონები იყოს აბსოლუტურად ნორმალური, ან იყოს პირიქით. შეიძლება ფარისებრი ჯირკვალი სტრუქტურულად იყოს უცვლელი, მაგრამ ჰორმონალურად გვქონდეს დარღვევა. არსებობს კვანძოვანი ჩიყვი. ნებისმიერი წარმონაქმნი, რომელიც არ არის ჩვენთვის ფიზიოლოგიური, სამედიცინო ტერმინით არის სიმსივნე. ის შეიძლება იყოს კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი. რაც შეეხება ჰორმონალურ ცვლილებას, თუ არის დიფუზური ჩიყვი, ის შეიძლება გამოწვეული იყოს ორი პათოლოგიის გამო: ენდემური ან დიფუზურ-ტოქსიური ჩიყვით. ეს ხდება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს იმაზე მეტ ჰორმონს, ვიდრე ეს ჩვენი ორგანიზმისთვის არის საჭირო.“

ლაშა უჩავას თქმით, პოპულაციაში ხშირია ჰიპოთირეოზის, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევები:

„ჰიპოთირეოზი არის ფუნქციის დაქვეითება, რომელიც ხშირია პოპულაციაში. ამ დროს ცხიმოვანი ქსოვილი ბევრად მეტად წარმოიქმნება და შეიძლება ამან პროვოცირება გაუკეთოს წონაში მატებას. ჰიპოთირეოზის სიმპტომებია: ბრადიკარდია, ნერვული სისტემის აღგზნებადობა, ძილიანობა, სუნთქვითი უკმარისობა. ჰიპოთირეოზის დროს ნერვული სისტემა უფრო ლაბილურია. შესაძლოა, ძალიან სევდიან ამბავზეც არანაირი რეაქცია არ ჰქონდეს ადამიანს. ჰიპერთირეოზის დროს, როდესაც დიდი რაოდენობით ჰორმონები გამომუშავდება, ამ დროს ადამიანი უმიზეზოდ კარგავს წონას, ვითარდება ტრემორი, ხელების კანკალი, ბევრად უფრო აღგზნებულები არიან, ემოციების მართვა რთულია. ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა ორივე ფორმისთვის არის დამახასიათებელი.“

„ენდემური ჩიყვი არის იოდის დეფიციტი, რომელიც უპირატესად ვლინდება ბავშვთა ასაკში. ეს შესაძლებელია იყოს პირველადი, ორსულობის დროს დედასთან განვითარებული იოდდეფიციტით გამოწვეული. უპირატესად შეინიშნება ორი-სამი წლის ასაკიდან. ამ დროს ზრდა-განვითარება და გონებრივი განვითარება ცოტათი ჩამორჩება ფიზიოლოგიას. რადგან საქართველო ენდემური ზონაა, პედიატრები ყოველთვის ურჩევენ მშობლებს, რომ იოდი საკვები დანამატის სახით იყოს გამოყენებული 3 წლის ასაკიდან. ეს საპრევენციო ზომაა. მწვანე პროდუქტებში ბევრი იოდია. ბოლო პერიოდის განმავლობაში და განსაკუთრებით ჩერნობილის შემდგომ დასავლეთ საქართველოში ბევრად უფრო მაღალია კვანძოვანი ჩიყვის შემთხვევები. გარემოში უფრო მეტი რადიაცია იყო. გასულ წელს გერმანელი ექსპერტების დასკვნა დაიდო, რომ 2021 წელი იყო საქართველოსთვის ჩერნობილის შემდგომ ყველაზე მაღალი რადიაციული შკალა. მხოლოდ 2021 წლიდან დაიწყო მისი ნელ-ნელა დაქვეითება და კლება. ზღვისპირა ქვეყნებში უფრო მაღალია ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები. ესეც ჩერნობილის გამო. რადიაცია მზის სხივების ფონზე ბევრად უფრო აქტიურია. გარკვეული ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების დროს მზის სხივები კატეგორიულად აკრძალულია, ისევე როგორც სოლარიუმი,“- აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო:​ „ექიმები“

შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად