Baby Bag

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ახალი შტამის „დელტაკრონის“ შესახებ ისაუბრა:

„თუ ომიკრონის სისწრაფეს გავითვალისწინებთ, ხანმოკლე პერიოდში ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა თითოეულ ქვეყანაში. ახალ ვარიანტთთან დაკავშირებით ასეთი თვისება არ დაფიქსირებულა. რამდენად შეიძლება ეს იყოს შემაშფოთებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით უმრავლესი შეფასება არის ნეგატიური. ფიქრობენ, რომ ამ ვირუსმა არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა. ამ მხრივ მოლოდინი არ არის, რომ ეს ვირუსი იქნება იმის მსგავსი რაც იყო ან დელტა, ან ომიკრონი. გარკვეულწილად ფიქრობენ, რომ ასეთი მუტაციების შექმნა პანდემიის ბოლო პერიოდში უფრო ვითარდება. ჰიბრიდული მუტაციები, როგორც წესი, შემდეგ უკვე აღარ ვითარდებიან. ესეც დადებითი მაჩვენებელია.“

„იაშვილში ჩვენ ძირითადად აქცენტს ვაკეთებთ პოსტკოვიდური გართულებების მკურნალობაზე. ბოლო პერიოდში ამ რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. ჩვენ ამის პროგნოზს ვაკეთებდით ჯერ კიდევ 4-5 კვირის წინ. საქართველოში ყოველ ათას ინფიცირებულ ადამიანში ორასი ბავშვია. ამ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარების ალბათობა არსებობს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ყოველ დღე შემოდის ჩვენთან ერთი პაციენტი ამ დიაგნოზით. ამ პაციენტების შემოსვლის ალბათობა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რჩება,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა ამ რეჟიმის დაცვა ყველასთვის?

რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა ამ რეჟიმის დაცვა ყველასთვის?

დღეს სამშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ენდოკრინოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიეტაზე, კეტოგენურ დიეტაზე მოგაწვდით კომპეტენტურ ინფორმაციას. რას გულისხმობს კეტოგენური დიეტა, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს მას და რეკომენდებულია თუ არა ამ რეჟიმის დაცვა ყველასთვის, - სწორედ ამ საკითხებს შეიტყობთ დღევანდელი სტატიიდან.

კეტოგენური დიეტა ბოლო დროს დიდი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. ბევრი ადამიანი მას თვითნებურადაც კი მიმართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ინფორმირებულობა ამ საკითხზე საკმაოდ მწირია და კეტოგენური დიეტის მიმდევართა უმეტესობამ არ იცის, რომ ამ რეჟიმით შესაძლოა, ზიანიც კი მიადგეს ორგანიზმს. 

კეტოგენური, იგივე კეტოდიეტა - გულისხმობს საკვებ რაციონში ნახშირწყლების მინიმუმამდე შემცირებას: 70% მოდის ცხიმებზე, 25% ეთმობა ცილებს, ხოლო დანარჩენი 5% კი უკავია ნახშირწყლებს. 

ცნობილია, რომ ჩვენი ორგანიზმი ენერგიის ძირითად წყაროდ იყენებს ნახშირწყლებს, ხოლო კეტოგენური რეჟიმის დროს ენერგიის ძირითადი წყარო ხდება ცხიმი, კონკრეტულად კი ცხიმის წვისგან მიღებული კეტონური სხეულები. თუმცა რაოდენ მომხიბვლელადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ეს ტერმინი, კეტოდიეტას თან ახლავს არაერთი გვერდითი მოვლენა.

განვიხილოთ კეტოგენური კვების რაციონი: ამ დროს რაციონი გაჯერებულია ძირითადად ცხიმოვანი საკვებით. 

კეტოგენური დიეტის დროს დაშვებულია: 

  • რძის პროდუქტები ცხიმის მაღალი შემცველობით,
  • კვერცხი,
  • ნებისმიერი ხორცეული, 
  • თევზი და ზღვის პროდუქტები, 
  • მწვანე ბოსტნეული, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით უჯრედისს, 
  • სოკო, 
  • თხილეული, 
  • მცენარეული ზეთი, 
  • ნაღების კარაქი,
  • ხილიდან - კენკროვნები და ავოკადო.

რაციონის მთავარი პრინციპი კი არის პროცენტული ბალანსის დაცვა - 70% ცხიმი, 25% ცილა და 5% ნახშირწყლები. აქვე აღვნიშნავ, რომ კალორაჟის კონტროლი კეტოდიეტის დროსაც ისევე აუცილებელია, როგორც ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.

შევეხოთ კეტოგენური დიეტის დადებით მხარეებს: ყველაზე ხშირად რასაც ამ დროს პაციენტები აღნიშნავენ არის ის, რომ მათ პრაქტიკულად არ შივდებათ. ამ ტიპის რეჟიმის დროს რეგულირდება ჰორმონ ინსულინის დონე. ინსულინი არის ანაბოლური (მაშენებელი) ჰორმონი, რომელიც იწვევს მადის გაძლიერებას, შესაბამისად, ამ ტიპის კვების დროს ხდება მადის დაქვეითება, წონაში კლება კი მიმდინარეობს ცხიმების ხარჯზე და თან ნაკლებად ხდება კუნთური მასის შემცირება. აქვე განვაგრძოთ მისი უარყოფითი მხარეების ჩამოთვლა: კეტოგენურ კვებას შეუძლია ორგანიზმში გამოიწვიოს ყაბზობა (შეკრულობა), სიმძიმე კუჭ-ნაწლავის არეში, გულისრევის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე რომელიც მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ვიტამინების დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს. კეტო მიმდევართა უმეტესობა ამ რეჟიმზე გადასვლიდან დაახლოებით ერთ კვირაში აღნიშნავს ძლიერ სისუსტეს, თავბრუსხვევას, არტერიული წნევის დაქვეითებას და კუნთების ტკივილს, რასაც „კეტო ფლუ“ (კეტო გაციება) ეწოდება. როგორც წესი, ეს ჩივილები რამდენიმე დღეში ქრება. ასევე რადგან აღნიშნული კვების რეჟიმის დროს უფრო მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა ღვიძლს და თირკმლებს, შესაძლებელია, მოხდეს მათი ფუნქციის დარღვევა. გვერდით მოვლენას მიეკუთვნება ორგანიზმში ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინის მატება.

კეტო რეჟიმის დაცვა არ შეიძლება ორსულებისთვის და ლაქტაციაში მყოფი ქალებისთვის. ასევე აკრძლულია ნებისმიერი ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანისთვის (დიაბეტი, გულის უკმარისობა და ა.შ). მისი დაცვა კატეგორიულად აკრძალულია ბავშვთა და მოზარდთა ასაკში.

ბოლოს კი, ტრადიციულად ჩვენს მკითხველს ისევ შევახსენებ, რომ კვების ნებისმიერი ტიპის დროს მხოლოდ რაციონს არ ენიჭება უპირატესობა, აუცილებელია კალორაჟის და კვების ჯერადობის კონტროლი. კვლავ გავუსვათ ხაზი იმას, რომ ყველა ორგანიზმი არის ინდივიდუალური და არ არსებობს ყველასთვის მორგებული არც კვების ტიპი და არც კვების რაციონი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

ექიმი ენდოკრინოლოგი თინათინ კაჭარავა

წაიკითხეთ სრულად