Baby Bag

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ფიქრობენ, რომ „დელტაკრონმა“ არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ახალი შტამის „დელტაკრონის“ შესახებ ისაუბრა:

„თუ ომიკრონის სისწრაფეს გავითვალისწინებთ, ხანმოკლე პერიოდში ძალიან სწრაფად ვრცელდებოდა თითოეულ ქვეყანაში. ახალ ვარიანტთთან დაკავშირებით ასეთი თვისება არ დაფიქსირებულა. რამდენად შეიძლება ეს იყოს შემაშფოთებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით უმრავლესი შეფასება არის ნეგატიური. ფიქრობენ, რომ ამ ვირუსმა არ უნდა გამოიწვიოს პანდემიის ახალი ტალღა. ამ მხრივ მოლოდინი არ არის, რომ ეს ვირუსი იქნება იმის მსგავსი რაც იყო ან დელტა, ან ომიკრონი. გარკვეულწილად ფიქრობენ, რომ ასეთი მუტაციების შექმნა პანდემიის ბოლო პერიოდში უფრო ვითარდება. ჰიბრიდული მუტაციები, როგორც წესი, შემდეგ უკვე აღარ ვითარდებიან. ესეც დადებითი მაჩვენებელია.“

„იაშვილში ჩვენ ძირითადად აქცენტს ვაკეთებთ პოსტკოვიდური გართულებების მკურნალობაზე. ბოლო პერიოდში ამ რიცხვმა მკვეთრად მოიმატა. ჩვენ ამის პროგნოზს ვაკეთებდით ჯერ კიდევ 4-5 კვირის წინ. საქართველოში ყოველ ათას ინფიცირებულ ადამიანში ორასი ბავშვია. ამ ბავშვებში მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარების ალბათობა არსებობს. ბოლო ათი დღის განმავლობაში ყოველ დღე შემოდის ჩვენთან ერთი პაციენტი ამ დიაგნოზით. ამ პაციენტების შემოსვლის ალბათობა მომდევნო ერთი თვის განმავლობაში რჩება,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პარასკევი იყო, საღამოს ექვსი საათი და მე სამსახურიდან წამოვედი“

„პარასკევი იყო, საღამოს ექვსი საათი და მე სამსახურიდან წამოვედი“

მოკლედ…

პარასკევი იყო, დღის სამი საათი. ოფისში ვიჯექი და ვმუშაობდი. თათბირიდან ახალგამოსული მომდევნო თათბირამდე გაძლებას ვნატრობდი, როცა ტელეფონმა დამირეკა. ავდექი და გარეთ გავედი. კარგი ამბები იყო. უკან შემოვედი და პატარა რაღაც ვითხოვე. წესით ყველაფერი კარგად უნდა დასრულებულიყო. არაო. სამჯერ არაო. მეოთხეზე ისევ გარეთ გავედი. დავრეკე, მხარდაჭერა ვითხოვე, მივიღე. საათი უკვე ექვსს უჩვენებდა. ფურცელი ავიღე, ერთი, ორი, სამი, ოთხი და როგორც იქნა, გავთავისუფლდი. ოთახში ჩამოვიარე, რაღაცები ავიღე, უფრო მეტი დამრჩა. ჩავეხუტე, ჩამეხუტნენ, იტირეს, ვერ ვიტირე. წამოვედი. მოკლედ… პარასკევი იყო, საღამოს ექვსი საათი და მე სამსახურიდან წამოვედი.

უკვე მესამე კვირაა რაღაცების გააანალიზებას ვცდილობ. საფიქრალი დრო ნამდვილად ბევრი მქონდა და მეც ვიჯექი და ვფიქრობდი. ჩვენს რეალობაში ნამდვილად რთულია ისე მოიქცე, როგორც სამართალი, მორალი, კანონი, წესი, პატიოსნება მოითხოვს, თუმცა შეუძლებელი არაა. მსგავს სიტუაციაში სულ ორჯერ ვიყავი და ალბათ არ უნდა გაგიკვირდეთ, რომ ორივეჯერ გავიმარჯვე (გახსოვთ ხომ ის სცენა, ვოლტერ ვაითი რომ სკაილერს ურეკავს და ეუბნება, მე მოვიგეო. აი, ზუსტად ეგ ვოლტერ ვაითი ვიყავი დედას რომ დავურეკე და ეს ამბავი ვუთხარი).

ხშირად მიფიქრია, თუ რამდენად უღირსები შეიძლება ვიყოთ ადამიანები. მე, მაგალითად, მიზანმიმართულად ხშირად რაღაცებს არ ვაკეთებდი, არ ვამბობდი, მნიშვნელოვან დეტალებზე არ ვამახვილებდი ყურადღებას და შეიძლება, დიახ, ასეთ მომენტებში უღირსი ვიყავი, ვარ და ვიქნები, მაგრამ ნუთუ ეს საკმარისია ამ წოდებისთვის? ნუთუ ადამიანები უფრო მეტის უფლებასაც არ აძლევენ საკუთარ თავს და ამ ყველაფერს ძალაუფლების ჩრდილქვეშ არ აყენებენ? ნუთუ ვიღაცის ავტორიტეტს ამოფარებული ადამიანი, რომელიც ამ ავტორიტეტს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, უფრო უღირსი არაა? ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ კი, მაგრამ საერთო ფონი და რეალობა სასტიკია და მიუხედავად ჩვენი შეთანხმებებისა, ყველაფერი მაინც უარესობისკენ მიდის.

კინემატოგრაფიასა და ლიტერატურაში საკმაოდ პოპულარულია დისტოპიური ჟანრი. წარსულის, აწმყოსა თუ მომავლის ტოტალიტარული რეჟიმების აღწერა მწერლებისა და რეჟისორების საყვარელი საქმიანობაა. ამ სიუჟეტებს ერთი საერთო აქვს – ადამიანები, რომლებიც მზად არიან, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად, აღუდგნენ წინ იმას, რასაც არ ეთანხმებიან (გთხოვთ, სუსტი ნებისყოფის ადამიანები ამას ნუ გაიმეორებთ და რა თქმა უნდა, ჩემი პარალელიც გაზვიადებულია სიტუაციის მძაფრად აღსაქმელად). ასეთი წარსული ჩვენ უკვე გვქონდა, არც თუ ისე შორს, რომლის კლანჭებიდან ჯერ კიდევ ვერ დავიძვრინეთ თავი. მაგრამ თქვენ ალბათ არ იცით, რომ ის აწმყოშიც ცოცხლობს, მართალია (საბედნიეროდ) დიდ მასშტაბებზე ვერ ვრცელდება, თუმცა რეჟიმის ფუნდამენტურ პრინციპებს ზედმიწევნით იმეორებს – „ბედნიერება“, ფაქტებისა და მოვლენების მიჩქმალვა, „მინის ფარდა“, პროპაგანდა, ცენზურა.

მოსწავლე როცა ვიყავი, განსაკუთრებით მომწონდა ერთი ფრაზა – „შენი უფლებები მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვისი“. უნიკალური წინადადებაა, რომელიც ყველაზე კარგად აღწერს სიტუაციას, თან თუ „უფლებების“ მაგივრად სხვა სიტყვებსაც ჩასვამ, მშვენიერი გასართობია, თან გონებასაც გაივარჯიშებ. მიუხედავად უნიკალურობისა, ეს წინადადება ჩემი ერთი წლისა და 66 დღის ყველა მონაკვეთში უსუსურად გამოიყურებოდა, იმ ორშაბათს ჰგავდა, რომლის დანახვა და დაწყება არავის უნდა, ჩვენს კოსმონავტებს ჰგავდა უწონადობის სამყაროში, ჰარი პოტერს ჰგავდა უჩინმაჩინის მოსასახმით დემენტორების გვერდით (ვინც არ იცით, დემენტორებს უჩინმაჩინის მოსასახმით ვერ მოატყუებ). ხვდებით, ხომ რასთან მქონდა საქმე?

როცა რაღაცით მინდა, რომ თავი შევაქო, სულ იმას ვახსენებ საკუთარ თავს, რომ იმდენად ძლიერი ვარ ფსიქოლოგიურად, ქიუნეთის მრავალდღიანმა ზეწოლამაც ვერ დამაკლო რამე. მიუხედავად ამისა, ერთი წლისა და 66 დღის მანძილზე პატარ-პატარა ტრავმებს, სტრესებს და შფოთვებს მაინც ვერ ავცდი. არა უშავს, ჯერ კიდევ როდის დაიწერა სოლომონმა ბეჭედზე „ესეც გაივლისო“.

გითხრათ, რა არ გაივლის? არა, უმჯობესი იქნება, იმ ამბავზე მოგიყვეთ მოკლედ, რომელიც ამ თხრობის ინსპირაციაა…

მოკლედ…

პარასკევი იყო, 17 მაისი, საღამოს ექვსი საათი და სამსახურიდან წამოვედი. ახლა შაბათია, 8 ივნისი ანუ ის შვიდი დღეც ამოიწურა, რომელიც საკუთარ თავს მივეცი. ორშაბათიდან მოყოლებული ერთი კონკრეტული ორგანიზაციისგან უკანასკნელ სმს-ს ველოდები, უკანასკნელ ცნობას მათგან, რომ ოდესმე ვარსებობდი. ის არ ჩანს. მოკლედ, დღეს შაბათია, 8 ივნისი, დილის საათები და მე მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს, რატომ?

მაშა გვარამიას სხვა ბლოგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - ​მაშას ბლოგი

წაიკითხეთ სრულად