Baby Bag

„რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის თავში ხელის წამორტყმა?“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„რატომ არ შეიძლება ბავშვისთვის თავში ხელის წამორტყმა?“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

​ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ბავშვისთვის თავის არეში ხელის წამორტყმის საფრთხეებსა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე ისაუბრა:

„მინდა მოგიყვეთ, რა შეიძლება მოჰყვეს, როდესაც ვიღაც ბავშვს თავის არეში წამოარტყამს ხელს. საქართველოში ზოგიერთი ადამიანი მაინც გამოირჩევა უხეშობით და ბავშვზე ხელს იღებს. როდესაც ბავშვს ურტყამს ვინმე თავის არეში, ამას შეიძლება მოჰყვეს გარკვეული გართულებები. სერიოზული გართულება, რომელიც ამას მოჰყვება, შეიძლება იყოს სისხლჩაქცევა თავის ტვინში. შეიძლება ადამიანს სისხლჩაქცევა ჰქონდეს მსუბუქი, მაგრამ მისი გართულება შემდგომში იყოს მძიმე. ერთ-ერთი მდგომარეობა არის უშაქრო დიაბეტი.“

„როდესაც ბავშვს თავის არეში ხელს წამოარტყამენ, ამას შეიძლება მოჰყვეს სისხლჩაქცევა ჰიპოთალამუსში. შესაძლოა ამ დროს დაზიანდეს ბირთვები და ჰიპოთალამუსმა აღარ გამოყოს ანტიდიურეზული ჰორმონი და განვითარდეს ცენტრალური გენეზის უშაქრო დიაბეტი. ამ დროს თირკმელები ვეღარ ახერხებს შარდში არსებული წყლის სხეულში დაბრუნებას. მე წყალს ორგანიზმიდან ვკარგავ, რადგან ის რჩება მხოლოდ შარდში. ამ მდგომარეობის დროს ადამიანმა, შესაძლოა, დღე-ღამეში 20 ლიტრიც კი მოშარდოს. საბოლოო ჯამში გამოშრები. შენი სხეულიდან წყალი დაიკარგება და გექნება გაძლიერებული წყურვილის შეგრძნება. შესაძლოა, გამოშრობის ეპიზოდებს მოჰყვეს კრუნჩხვები. ამ დროს ორგანიზმიდან იკარგება დიდი რაოდენობით კალიუმი, რაც იწვევს კუნთების დადამბლავებას, ადამიანის გულისცემა გაიშვიათდება, შეიძლება გული გაჩერდეს კიდეც. თავის მიდამოში უბრალო ხელის წამორტყმას, ბავშვში შეიძლება მოჰყვეს უშაქრო დიაბეტის განვითარება და გულის გაჩერებაც კი. უშაქრო დიაბეტის შემთხვევათა 16% ბავშვებში სწორედ ამ ტრავმებით არის გამოწვეული. ბევრმა უნდა იცოდეს, რა შეიძლება მოჰყვებს ბავშვისთვის თავში უბრალო ხელის წამორტყმას, რაც დაუშვებელია,“- აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

რა ფსიქოლოგიურ ზიანს ვაყენებთ ბავშვს, როდესაც ვცდილობთ სასურველი მოქმედება დაშინებით გავაკეთებინოთ - ფსიქოლოგი ანა მეუნარგია

რა ფსიქოლოგიურ ზიანს ვაყენებთ ბავშვს, როდესაც ვცდილობთ სასურველი მოქმედება დაშინებით გავაკეთებინოთ - ფსიქოლოგი ანა მეუნარგია
როგორ უნდა მიუდგეს მშობელი ბავშვს, რომელიც არ უჯერებს (მაგალითად, ჭამის, ჩაცმის, მეცადინეობის დროს) და რა ფსიქოლოგიურ ზიანს ვაყენებთ პატარას, როდესაც ვცდილობთ სასურველი მოქმედება დაშინებით გავაკეთებინოთ? ამ საკითხებზე ​Momsedu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ანა მეუნარგია.

​- ქალბატონო ანა, ხშირად მშობლები ბავშვებს აშინებენ (პოლიცია მოვა, „ბუა“ წაგიყვანს და ა.შ.), რომ საჭმელი აჭამონ, ჩააცვან, დაუჯერონ. რა სახის ზეგავლენას ახდენს ეს ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარებაზე?

​- მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ნეგატიური გავლენა აქვს. მარტივად რომ ვთქვათ, ასე ბავშვებს ვასწავლით, საკუთარ საჭიროებებს არ მოუსმინონ. მათ ცხოვრებაში 0-1 წლამდე არის პერიოდი, როცა ბავშვი დამოკიდებულია მშობელზე და გარშემომყოფ უფროსებზე. ბავშვზე მზრუნველი ადამიანი მისი ტირილით უნდა მიხვდეს, თუ რა აწუხებს და რა სჭირდება მას. ასე უყალიბდება პატარას გარემოსა და ადამიანებისადმი ნდობა. თუმცა ამ დროსაც კი ბავშვი მიგვანიშნებს, როდის დანაყრდა, აღარ შია და ა.შ. ე.ი. მნიშვნელოვანია მოსმენა. ასაკის მატებასთან ერთად ნელ-ნელა სწავლობს, რომ მიგვანიშნოს და მერე გვითხრას თავისი საჭიროებების შესახებ, მაგალითად, როდის შია, წყალი უნდა თუ წვენი და ასე შემდეგ. ამ პერიოდში უყალიბდება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი და დამოუკიდებლობის ხარისხიც იზრდება. როცა მშობელი ბავშვს საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას აძლევს და ბავშვთან ერთად ცდილობს ამოიცნოს მისი საჭიროებები, პატარა სწავლობს იმის გარჩევას, თუ რა მოსწონს ან არ მოსწონს, როდის სცივა ან შია, რა აინტერესებს და ა.შ. მაშინ კი, როცა მშობელი ბავშვის მაგივრად აკეთებს რაღაცას და თან არ უსმენს, მაგალითად, აცმევს 5 ან 4 წლის ასაკში, მხოლოდ იმას, რაც თავად სურს, ოთახსაც ისე უწყობს, როგორც თავად წარმოუდგენია, მაშინ აჭმევს და მხოლოდ იმას, რაც თვითონ უნდა, ასე ბავშვს ვეუბნებით და ვასწავლით, რომ ის, რაც მას სურს და აინტერესებს უმნიშვნელოა, სხვისი ინტერესები და საჭიროებები მეტად მნიშვნელოვანია, ვასწავლით საკუთარი თავის მიმართ უნდობლობას.

​- არის თუ არა დაშინებით მიღწეული შედეგი ბავშვზე ძალადობა?

​- დაშინება ემოციური, ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახება ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე და შემდეგ ქცევაზეც. „გუდიანით“ შეშინება კი ცალკე პრობლემაა, რადგან ამით, მშობელი ბავშვს მესიჯს აწვდის, რომ ის თავის პატარას ვერ დაიცავს, რაც უკიდურეს შფოთვასთან ასოცირდება. შედეგად კი ბავშვისგან შეიძლება, მივიღოთ უარესი ქცევა, რადგან მისი ემოციური მდგომარეობა არეულია. შესაძლოა, მშობლები იყენებდნენ დაშინებით მეთოდს და თავადაც ვერ ხვდებოდნენ ამას, ერთ-ერთი მაგალითია, როცა დედა, მამა ან ბებია-ბაბუები ეუბნებიან ხოლმე ბავშვს: „ამის მერე შენი დედა (მამა, ბაბუა) აღარ ვიქნები“, „ე.ი. არ გიყვარვარ, ხო? მაშინ აღარ მოხვიდე, არც მე მიყვარხარ!“. ამით ბავშვის უსაფრთხოების განცდას პირდაპირ ზიანს ვაყენებთ და ვეუბნებით, რომ თუ ის „კარგია“, ჩვენთან იქნება და თუ „ცუდია“, აღარ გვჭირდება. თანაც „ცუდია“ და „კარგია“ განისაზღვრება ბავშვისგან საკუთარი სურვილების, ინტერესების ან საჭიროებების დაცვის დროს (ზოგადად ბავშვის ამ კატეგორიებად დაყოფა, კიდევ ცალკე პრობლემას წარმოადგენს). თუნდაც, როდესაც ვეუბნებით, ჭამე თორე ბუა წაგიყვანს, ამ დროს, ბავშვს არ შია, ან საჭმელი არ მოსწონს და უარს გვეუბნება, ჩვენ კი ამით ვაწვდით მესიჯს, რომ თუ შენ საკუთარ ინტერესებს იცავ, ცუდი ხარ, მე აღარ მჭირდები. ჩვენ მათ ვაყენებთ არჩევანის წინაშე, ან საკუთარი თავი ან მშობელი (ბებია, ბაბუა). სევდიანია, არა?!

​- რამდენად დიდია შანსი, რომ ასეთი ქმედებით ბავშვის ფსიქიკა არასრულფასოვნად (არაჯანსაღად) ჩამოყალიბდეს?

​- როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ასეთ დროს ადამიანს, ბავშვს უჩნდება დაუცველობის განცდა, მომატებული შფოთვა, ექმნება თვითშეფასებასთან დაკავშირებული პრობლემები, დანაშაულის შეგრძნება სხვადასხვა საკითხის მიმართ.

​- არის კატეგორია ბავშვების, რომლებიც არანაირი ქმედებით არ უჯერებენ მშობლებს, ასეთ შემთხვევაში რას ურჩევდით, როგორ მიუდგნენ შვილებს?

​- მგონია, რომ ასეთი ბავშვები არ არსებობენ. ალბათ, ბავშვი, როცა ასეთ წინააღმდეგობას გვიწევს, აქვს განცდა იმისა, რომ არ უსმენენ და მხოლოდ ასე თუ შეძლებს, გააგებინოს მშობელს თავად რა სურს. მეორე ვარიანტია, რომ ბავშვი ზომავს სადამდე შეუძლია საკუთარი საზღვრის გადაწევა, ამიტომაც, ორივე შემთხვევისთვის მნიშვნელოვანია, რომ მშობელს ჰქონდეს ​ავტორიტეტული აღზრდის სტილი. ფსიქოლოგები საკმაოდ დიდხანს იკვლევდნენ და ეძებდნენ ოპტიმალურ აღზრდის სტილს და კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ ავტორიტეტული აღზრდის სტილით ბავშვის აღზრდა საუკეთესოა. ამ დროს, პატარებში ნაკლებია შფოთვა, დეპრესია, თვითშეფასების პრობლემები და ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვებიც თავს უფრო ბედნიერად და წარმატებულად გრძნობენ. ავტორიტეტული აღზრდა გულისხმობს სითბოსა და წესების დაცვას შორის ბალანსის დაჭერას. სადაც, ერთი მხრივ, ვითვალისწინებთ ბავშვის სურვილებსა და ინტერესებს, მის ხასიათს, გუნება-განწყობის ამოცნობას, პატივისცემას ვცდილობთ და ამასთან, წესების დაცვით ვამყარებთ ბალანსს. აქ ვგულისხმობ, რომ გვაქვს წესები (რამდენიმე, რასაც ოჯახის ყველა წევრი აუცილებლად იცავს) და ვაკვირდებით ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რა აწუხებს, რა სურს და ა.შ.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად