Baby Bag

რა არის ანტიალერგიული აცრა და ვისთვის არის მისი გაკეთება რეკომენდებული? - ალერგოლოგი ნინო ლომიძე

რა არის ანტიალერგიული აცრა და ვისთვის არის მისი გაკეთება რეკომენდებული? - ალერგოლოგი ნინო ლომიძე

ექიმმა-ალერგოლოგმა ნინო ლომიძემ სეზონურ ალერგიასთან ბრძოლის მეთოდებზე ისაუბრა:

„რას მივაქციოთ ყურადღება, როდესაც სეზონური ალერგია გვეწყება? ეს არის ცემინება, სურდო, თვალების ქავილი, ხველა, ხმის ტემბრის ცვალებადობა. პანდემიის პერიოდია და შესაძლებელია ადამიანმა დასაწყისში სწორად ვერ გააკეთოს დიფერენცირება. არის დეტალები, რითაც ალერგიის ინფექციისგან განსხვავება შეგვიძლია. ერთ-ერთი არის ქავილი. გაციების დროს ქავილი არ გაქვს. ვირუსული ინფექცია 7-10 დღე გრძელდება. ალერგია შესაძლებელია გაგრძელდეს თვეობით.“

„ბუნება იღვიძებს თებერვლის დასაწყისიდან და გვიან შემოდგომამდე ყვავის. მცენარეთა სხვადასხვა ჯგუფი ენაცვლება ერთმანეთს. მნიშვნელოვანია დიაგნოსტიკა, რომ ვიცოდეთ, რომელი მცენარეა დამნაშავე ჩვენს ალერგიაში. თუ ადამიანმა იცის, რომ კვიპაროსზე აქვს ალერგია, სანამ კვიპაროსი ყვავილობას დაიწყებს, 10 დღით ადრე პრევენციულად უნდა მივცეთ მას მედიკამენტი, რომ შემზადებული შეხვდეს ყვავილობას და მინიმუმამდე დავიდეს სიმპტომები. როგორ უნდა დავეხმაროთ ასეთ ადამიანებს გრძელვადიან პერსპექტივაში? განკურნების გზა მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად არის იმუნოთერაპიის გზა. ეს გულისხმობს ანტიალერგიულ აცრებს. ჩვენ რომ ვიცით, რაზეა პაციენტი ალერგიული, ინექციის სახით ალერგენი შედის ორგანიზმი, რომ ორგანიზმმა ანტისხეულები გამოიმუშაოს და ტოლერანტული გახდეს. ეს ძალიან ეფექტიანია. კეთდება როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე ზრდასრულებში. ეს ეხება არამარტო მცენარეებს, არამედ ოთახის მტვერს, ცხოველზე ალერგიას,“- აღნიშნულ საკითხზე ნინო ლომიძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „პოსტ ალიონი“ ისაუბრა.

წყარო: ​პოსტ ალიონი

შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ ეს საშუალება იყო გამოყენებული თქვენი მკურნალობისთვის, 90 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია,“ - მარი მალაზონია

„თუ ეს საშუალება იყო გამოყენებული თქვენი მკურნალობისთვის, 90 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია,“ - მარი მალაზონია

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საზოგადოებას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები გააცნო. აღნიშნული რეკომენდაციების თანახმად, განსაზღვრულია სპეციალური ჯგუფები, რომელთაც კონკრეტული დროის შუალედში ვაქცინაციის ჩატარებისგან თავი უნდა შეიკავონ:

„საგანგებოდ არის გამოყოფილი შემდეგი რეკომენდაცია, თუ როდის არ უნდა აიცრან პირები. მითითებულია, რომ თუ პირველი აცრის მერე იყო ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევა, ეს ადამიანი თავისი ნებით არ მიდის მეორედ ასაცრელად. აუცილებლად მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით და ექიმის გადაწყვეტილებით, ​ყველა პარამეტრის შეფასების შემდეგ ხდება აცრა.“

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, კარანტინში მყოფი პირებისთვის აცრა არ შეიძლება:

„ეს ინფორმაცია, რომელსაც ახლა მე თქვენ გეტყვით, ეხება ყველას. თუ პირი იმყოფება კარანტინში, ამ პირის აცრა არ შეიძლება. კარანტინში იმყოფებით, არ დაგიდასტურდათ ვირუსი და შეიძლება თუ არა აიცრათ? ვიდრე არ დადასტურდება ნამდვილად, რომ არ გაქვთ ვირუსი, ვიდრე არ გაივლით კარანტინის ვადას, ნუ დარეგისტრირდებით. აუცილებლად დაელოდეთ ამ მომენტს. ის პირები, რომლებსაც ჰქონდათ საეჭვო კონტაქტი და ჯერ არ აქვთ დადასტურებული დაავადება, ამ პირების აცრაც არ არის მიზანშეწონილი.“

„რაც ყველაზე საინტერესო და ახალია, არის ის, რომ თუ პირი მკურნალობდა სტაციონარში კოვიდ-19-ის გამო, იტარებდა მკურნალობას და გამოყენებული იყო მკურნალობის პერიოდში ტოცილიზუმაბი, ამ პირებისთვის 90 დღის განმავლობაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაცია. ​ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს ექიმთან ერთად განხილული. თუ თქვენ იცით, რომ გამოჯანმრთელებული ადამიანის პლაზმა გადაგისხეს, თუ ეს საშუალება იყო გამოყენებული თქვენი მკურნალობისთვის, აქაც 90 დღიანი ვადაა განსაზღვრული,“ - აღნიშნულ საკითხზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად