Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„მოუწესრიგებელი, დაულაგებელი სახლები, ბავშვები უწესრიგოდ ჩაცმულები, უწესრიგობას მიჩვეულები...“ - დეკანოზი შალვა კეკელია სიზარმაცის დამაზიანებელ ძალაზე

„მოუწესრიგებელი, დაულაგებელი სახლები, ბავშვები უწესრიგოდ ჩაცმულები, უწესრიგობას მიჩვეულები...“ - დეკანოზი შალვა კეკელია სიზარმაცის დამაზიანებელ ძალაზე

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქვეყნის წინსვლისთვის თითოეული ადამიანის მონდომებასა და სიზარმაცის დაძლევის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი:

„თუ ჩვენ ვიქნებით გაუნათლებელი, ქვეყანა იქნება გაუნათლებელი. ადამიანები მოშორდებიან წიგნს, უწიგნური ქვეყანა გვექნება. ადამიანი თუ იქნება სიზარმაცეს მიჩვეული, ყველაფერი გაუბედურებული და გაპარტახებული იქნება ამ ქვეყანაში: დაულაგებელი ეზოები, მოუწესრიგებელი, დაულაგებელი სახლები, ბავშვები უწესრიგოდ ჩაცმულები, უწესრიგობას მიჩვეულები... შენ თუ გახდები მოწესრიგებული, როდესაც დაალაგებ შენს ეზოს, გამოხვალ და გარეთად ქუჩას დაალაგებ, მერე ეს ქვეყანა გახდება სხვანაირი.“

დეკანოზის თქმით, ქართველებს ევროპელობა გვინდა, მაგრამ არ გვსურს იმ წესების გადმოღება, რომელიც ევროპაშია დამკვიდრებული:

„ევროპელობა გვინდა, მაგრამ რაც ევროპაში ხდება, ის არ გვინდა. ევროპაში ადამიანები გამოდიან გარეთ, ქუჩებს რეცხავენ. რატომ? მას სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს.​ ჩვენთან რომ იყო, მე სახელმწიფოს ვპარავ, შენ კი არ გპარავ. სახელმწიფოს რას მოპარავ? შენ გაკლდება ეს ყველაფერი.“

„სახელმწიფო ცალკე არ არის. შენი არ არის ის? შენ რომ სტადიონი გაანადგურე, ღობე რომ მოაძვრე, შენი არ იყო ეს სტადიონი? შენმა შვილმა არ უნდა ითამაშოს იქ ფეხბურთი? ქრისტიანობა არის: „მტერი შეიყვარე.“ მტრის შეყვარებას გთხოვს ქრისტე და ჩვენ ზოგჯერ ჩვენი დედმამიშვილები, მეუღლეები არ გვიყვარს. მეუღლეებს ვერ ვეგუებით, ვეჩხუბებით. მტრის შეყვარებაზე კი არ არის ლაპარაკი, მეუღლეებს შორის არის კონფლიქტი. ამ ქვეყნის გაფრთხილება დავიწყოთ საკუთარი თავიდან. ვიფიქროთ იმაზე, ჩვენ რას მივცემთ ამ ქვეყანას,“ - აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

​წყარო

წაიკითხეთ სრულად