Baby Bag

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

რა იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში? - მარი მალაზონიას რეკომენდაციები

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვების სიმსუქნის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„რა იწვევს ბავშვის სიმსუქნეს? პირველი, ეს არის ოჯახური მოდელი. მე კვებაზე ვსაუბრობ, თორემ ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს. აღარაფერს ვამბობ გენეტიკურ წინასწარგანწყობაზე. საოჯახო ფოტოალბომს გადაავლეთ თვალი. თუ ოჯახში, თაობიდან თაობაში არის თვალშისაცემი სიმსუქნე, გაითვალისწინეთ, რომ ეს რისკი თქვენ უკვე გაქვთ. მეორე მიზეზი არის, როდესაც თქვენს ოჯახში არის მსუყე ნადიმების ტრადიცია. ასეთ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ასეთი რისკი.“

„თუ თქვენს ოჯახში უყვართ გვიანი ვახშამი, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ სისტემატურად გვიან იღვიძებთ, ტოვებთ საუზმეს და კვებას იწყებთ დღის მეორე ნახევარში, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ თქვენ ნაკლებად ვარჯიშობთ და ნაკლები ფიზიკური აქტივობა გაქვთ, თქვენ გაქვთ ასეთი რისკი. თუ ოჯახში არის კონფლიქტი, სირთულეები, სტრესი, ჩათვალეთ, რომ ამ ოჯახში ბავშვებს აქვთ მაღალი რისკი, რომ ეს მათ წონაზე აისახოს და დააგროვონ ზედმეტი კილოგრამები. თუ ბავშვს აქვს სისტემატურად შფოთვა ღამით, შეიძლება ეს აისახოს მის წონაზე,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„რაც უფრო გვიან დაეწყებათ ბავშვებს სქესობრივი მომწიფება, მით უფრო მაღლები იქნებიან,“ - ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე

„რაც უფრო გვიან დაეწყებათ ბავშვებს სქესობრივი მომწიფება, მით უფრო მაღლები იქნებიან,“ - ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე

ენდოკრინოლოგმა ნინო ხელაძემ ბავშვის სიმაღლეში ზრდის პერსპექტივებსა და ხელშემწყობ ფაქტორებზე ისაუბრა. მან მშობლებს სპეციალური ფორმულა გააცნო, რომლის დახმარებითაც შვილის მოსალოდნელ სიმაღლეს გამოვითვლით:

„ჩვენ, ექიმებს გვაქვს ფორმულა,​ ვითვლით მოსალოდნელ სიმაღლეს. დედის და მამის სიმაღლე უნდა მივუმატოთ ერთმანეთს, გავყოთ ორზე. თუ გოგონაზე ვითვლით, კიდევ უნდა გამოვაკლოთ ექვს-ნახევარი სანტიმეტრი, თუ ვაჟზე ვითვლით, უნდა მივუმატოთ ექვს-ნახევარი სანტიმეტრი. ეს არის დიაპაზონი პლუს-მინუს ხუთი სანტიმეტრი, ანუ სინამდვილეში ათსანტიმეტრიანი დიაპაზონია. თუ მივიღებთ 165 სანტიმეტრს, გოგონას შემთხვევაში მოსალოდნელი სიმაღლე არის 160-დან 170 სანტიმეტრამდე. ზუსტად აქ უნდა იყოჩაღოს მშობელმა. ჯანმრთელობა, ჯანსაღი კვება, ფიზიკური აქტივობა და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ, რომლებიც ზრდას უწყობენ ხელს.“

ნინო ხელაძის თქმით, ყველა ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია კარგი კვება და ცილოვანი საკვების მიღება:

​ყველა ბავშვის ჯანმრთელობისთვის მთავარი და მნიშვნელოვანი არის კარგი კვება, განსაკუთრებით აუცილებელია ცილოვანი საკვები, რომელიც ასტიმულირებს ზრდის ჰორმონის გამოყოფას. რძის პროდუქტი 2-3 ულუფა უნდა მიიღოს ყველა ბავშვმა დღეში. აუცილებელია D ვიტამინიც, რომელიც ზამთარში არავის არ აქვს საკმარისი. ჩვენს ქვეყანაში საკვებშიც მისი შემადგენლობა პრაქტიკულად არ არის და დანამატის სახით უნდა მივიღოთ ყველამ. აუცილებელია კარგი ძილი. სკოლის ასაკის ბავშვს 9-10 საათი კარგად, გადაბმულად უნდა ეძინოს. ჩვენი ბავშვების თაობას, რომელიც კომპიუტერში ან ტელეფონშია თავჩარგული, ძილის პრობლემა აქვს.“

„ყველა მშობელმა წლიდან წლამდე თავისი შვილი აუცილებლად უნდა გაზომოს. ეს ძალიან სწორია. მეორე პრინციპი არის, როგორ ტანსაცმელს ვურჩევთ. ​რატომ ეპარებათ მშობლებს, რომ ბავშვი კარგად არ იზრდება?! რატომ ვერ ხვდებიან, რომ თავისი ასაკის შესაბამისი ტანსაცმელი ბავშვს ძალიან დიდი აქვს?! მშობლებმა ბავშვი უნდა ნახონ კლასში, სხვებთან შედარებით არის თუ არა პატარა. ძალიან მნიშვნელოვანია, როდის დაეწყებათ ბავშვებს გარდატეხის ასაკი. რაც უფრო გვიან დაეწყებათ ბავშვებს სქესობრივი მომწიფება, მით უფრო მაღლები იქნებიან,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნინო ხელაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად