Baby Bag

„ეს არის უსასტიკესი ვირუსი ფეხმძიმეების შემთხვევაში, რომელიც სახსრების ტკივილს იწვევს,“- გიორგი ღოღობერიძე

„ეს არის უსასტიკესი ვირუსი ფეხმძიმეების შემთხვევაში, რომელიც სახსრების ტკივილს იწვევს,“- გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ ორსულ ქალებში სახსრების ტკივილით მიმდინარე სახიფათო ვირუსის შესახებ ისაუბრა:

„წარმოვიდგინოთ, რომ ახალგაზრდა ქალბატონს ხელებში სახსრების მტკივნეულობა აწუხებს. ეს ტკივილი მას გამოხატული აქვს დილის საათებში, როდესაც იღვიძებს, გრძნობს შებოჭილობას, უჭირს თითების მოძრაობა. თითების გამოძრავებასთან ერთად შვება მოსდის და აღარ აწუხებს ეს სახსრები. ეს ქალი ფეხმძიმედაა. რა შეიძლება მოხდეს, თუ უყურადღებოდ ვიქნებით და სახსრების ტკივილს არ დავუთმობთ მეტ ყურადღებას? თუ აქამდე სახსრები მას არასდროს არ ტკიოდა და დაეწყო ახლახანს, ამ ტკივილს ახლავს გამონაყარი, ან არ ახლავს, შეიძლება მოხდეს ძალიან ცუდი რაღაც. ეს არის ნაყოფის წყალმანკი. არის ასეთი ვირუსი, მას ჰქვია პარვოვირუსი. ეს არის უმცირესი ზომის, დნმ-ის შემცველი შიშველი ვირუსი, რომელიც უსაფრთხოა ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ის მათ არ უქმნის პრობლემას, მაგრამ ფეხმძიმეების შემთხვევაში ის ძალიან პრობლემურია.

ფეხმძიმე ქალებში ის იწვევს სახსრების დაზიანებას. ყველაზე მეტად ამ დროს ზიანდება მტევნის სახსრები. მან შეიძლება დააზიანოს მაჯის სახსრებიც. გარდა ამ სახსრების დაზიანებისა, მას შეიძლება ახლდეს გამონაყარი, ან გამონაყარი არც კი იყოს. ეს დაავადება ძალიან ემსგავსება რევმატოიდულ ართრიტს. პარვოვირუსი ვრცელდება არამხოლოდ სახსრებში, ასევე ვრცელდება საშვილოსნოშიც. ეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ის ნაყოფში გადასვლის შემდეგ გამოიწვევს ნაყოფის ძვლის ტვინის დაზიანებას. ნაყოფის სხეულში ჟანგბადის შემცველობა ძალიან დაეცემა. ნაყოფის გული მაშინვე გააქტიურდება, გაზირდება გულისცემის სიხშირე. სისხლძარღვებში ბევრი სისხლია. ნაყოფი ნელ-ნელა შეშუპდება. მას მუცლის ღრუში დაუგროვდება ბევრი წყალი, ასევე ფილტვებსა და პლევრის ღრუში. ნაყოფის შეშუპებას საბოლოო ჯამში შეიძლება მოჰყვეს ნაყოფის კვდომა და მისი მოცილება. პარვოვირუსი B 19 არის უვნებელი ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ ფეხმძიმეების შემთხვევაში ის არის ძალიან სახიფათო. ფეხმძიმეებში ის მხოლოდ სახსრების ტკივილს გამოიწვევს და ორსული მას არ მიაქცევს დიდ ყურადღებას. შეიძლება ექიმმაც ვერ გამოიცნოს სწორად ეს დაავადება. პარვოვირუსი B19 არის უსასტიკესი ვირუსი ფეხმძიმეების შემთხვევაში. კითხვა ჩნდება, სად ნახა ფეხმძიმე ქალმა ეს ვირუსი? ეს ვირუსი ძალიან არის გავრცელებული სკოლის ასაკის ბავშვებში. ის ბავშვებში მხოლოდ გაციებას იწვევს, მეტს არაფერს. ბავშვს დაეწყება გამონაყარი. გამონაყარი დაეშვება მთელი სხეულისკენ. თუ შენ იცნობ ასეთ ბავშვს, რომელსაც აქვს გამონადენი, ცხელება და ზემოდან ქვემოთ მიმავალი გამონაყარი, უნდა იფიქრო, რომ მას შეიძლება ჰქონდეს პარვოვირუს B19, რომელიც ბავშვისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ძალიან სახიფათოა ფეხმძიმეების შემთხვევაში. ყოველთვის მოერიდე, როდესაც ფეხმძიმე იქნები, დაინფიცირებულ საზოგადოებას,“-აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

წყარო: ​Usmle მოსამზადებელი ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვთა და მოზრდილთა თვალის პათოლოგიებს მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობები „ნიუ ჰოსპიტალსში“

ბავშვთა და მოზრდილთა თვალის პათოლოგიებს მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობები „ნიუ ჰოსპიტალსში“

რეფრაქციული ანომალიები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა ბავშვებსა და მოზარდებში. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს რეფრაქციის დიაგნოსტირება და შემდეგ მკურნალობა. „ნიუ ჰოსპიტალსში“ გარკვეული რეფრაქციული პათოლოგიების მკურნალობა ქირურგიული მეთოდით - ექსიმერული ლაზერით ხორციელდება, პროცედურა ხანმოკლე და უმტკივნეულოა.

ამ თემაზე ​MomsEdu.ge „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგს, მაია საგინაშვილს ესაუბრა.

მაია საგინაშვილი: „გარკვეული რეფრაქციული ანომალიების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს:

  • გენეტიკური წინასწარგანწყობა
  • თვალის კაკლის სტრუქტურების ცვლილება, რაც გამოწვეულია თვალის ტრავმის ან სხვა დაავადებისგან
  • მხედველობითი დატვირთვა, სხვადასხვა გაჯეტთან დროის ხანგრძლივად გატარებით, განსაკუთრებით, მცირეწლოვან ბავშვთა ასაკში.“
  • ზოგადად რომ ვისაუბროთ, რა არის რეფრაქციული პათოლოგია?

მაია საგინაშვილი: „მანამ, სანამ განვიხილავთ რა არის რეფრაქციული პათოლოგია, ვთქვათ რა არის კლინიკური რეფრაქცია. კლინიკური რეფრაქცია არის თვალის ოპტიკური აპარატის გარდამტეხი ძალისა და თვალის კაკლის წინა-უკანა მონაკვეთის სიგრძის თანაფარდობა. გარდამტეხი აპარატი მასზე დაცემულ სხივს იმგვარად გარდატეხს, რომ გამოსახულება ფოკუსირდეს ბადურა გარსის ცენტრში - ასეთ რეფრაქციას ემეტროპია ჰქვია.

ზემოთ აღნიშნული თანაფარდობის დარღვევის შემთხვევაში საქმე გვაქვს რეფრაქციის ანომალიასთან ანუ ამეტროპიასთან. ასეთია:

  • მიოპია, იგივე ახლომხედველობა, არის ისეთი ტიპის რეფრაქცია, როდესაც გამოსახულება ფოკუსირდება ბადურა გარსის წინ;
  • ჰიპერმეტროპია, იგივე შორსმხედველობა, გახლავთ ისეთი რეფრაქცია, როდესაც გამოსახულება ხვდება ბადურა გარსის უკან.
  • ასტიგმატიზმის დროს რქოვანას ზედაპირის არაერთგვაროვნება, სიმრუდის მიხედვით იწვევს ფოკუსის სიმკვეთრის დაქვეითებას;
  • პრესბიოპია ახლო მანძილზე მკაფიო ხედვის, ანუ აკომოდაციის ბუნებრივი შესუსტებაა 40 წლის შემდეგ.“
  • რა რეფრაქციული პათოლოგიები ვლინდება ბავშვებსა და მოზარდებში და რა სიმპტომებით გამოიხატება თითოეული მათგანი?

მაია საგინაშვილი: „ჩვილებში ნორმალურად ითვლება დაბალი ხარისხის ჰიპერმეტროპიული რეფრაქცია, რაც განპირობებულია თვალის კაკლის მცირე ზომით. წინა-უკანა ღერძი მოკლეა, შესაბამისად, თვალს აქვს ჰიპერმეტროპული რეფრაქცია. ჩვილი ბავშვის თვალი მოწყობილია შორსმხედველობაზე და ის ახლოს ცუდად ხედავს. 3-4 წლამდე ზრდის პერიოდში ჰიპერმეტროპიის ხარისხი კლებულობს. მაღალი ხარისხის ჰიპერმეტროპიამ შესაძლოა გამოიწვიოს სიელმის განვითარება.

მიოპია, ანუ ახლომხედველობა ხშირად გვხვდება დღენაკლულ და იშვიათად დროულჩვილებში. თანდაყოლილი მიოპია თითქმის ყოველთვის მაღალი ხარისხისაა და იწვევს მხედველობითი ფუნქციების მკვეთრ გაუარესებას. უფრო ხშირად, მიოპია გვხვდება მოზარდებში და ახალი შემთხვევების გამოვლინება მაქსიმუმს აღწევს 20 წლამდე ასაკში.ასტიგმატიზმი თვალის წინა ზედაპირის ანატომიური თავისებურებებით არის განპირობებული, ამიტომ თავს იჩენს უკვე მცირე ასაკში და ადრეულ ზრდის პერიოდში.

რაც შეეხება პრესბიოპიას, ის ახლო მანძილზე მკაფიო მხედველობის დაქვეითებაა, ასაკობრივი ანომალია, რომელიც 40 წლიდან პროგრესირებად ხასიათს ატარებს.“

  • როგორ ხდება მკურნალობა ბავშვებსა და მოზარდებში? არის თუ არა განსხვავებული მიდგომები ამ ორ ასაკობრივ კატეგორიას შორის მკურნალობის დროს?

მაია საგინაშვილი: „რეფრაქციული ანომალიები წარმოადგენს თვალის ოპტიკურ ნაკლს, ამიტომ მათი მკურნალობა, პირველ რიგში, გულისხმობს მხედველობის კორექციას. ბავშვებში ოპტიკური კორექცია შეიძლება განხორციელდეს სათვალით ან კონტაქტური ლინზით.

ბავშვთა ასაკში რეფრაქციული ანომალიების თანმიმდევრული მკურნალობა მნიშვნელოვანია ბავშვის მხედველობითი ანალიზატორის სრულყოფილი ჩამოყალიბებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა მივიღოთ მხედველობის დაქვეითება, ზარმაცი თვალი, სიელმე, მოცულობითი მხედველობის განუვითარებლობა, რაც შემდგომში პაციენტს ხელს შეუშლის ყოველდღიურ, ყოფით ცხოვრებაში, მათ შორის პროფესიის არჩევაში. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტს ჰქონდეს მოცულობითი მხედველობა.

მოზრდილ პაციენტებში შესაძლებელია გამოვიყენოთ სათვალე ან კონტაქტური ლინზა, აგრეთვე ქირურგიული მკურნალობა. ეს გახლავთ ექსიმერლაზერული კორექცია, ფაკიური ინტრაოკულური ლინზების იმპლანტაცია. რეფრაქციული მიზნით ბროლის შეცვლის ოპერაცია.

  • „ნიუ ჰოსპიტალსში“ მკურნალობის რა მეთოდები გამოიყენება?

მაია საგინაშვილი: „კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და შესაბამისად შესაძლებელია დაავადებათა ფართო სპექტრის მკურნალობა. ექსიმერული ლაზერით (Carl Zeiss mel 90) ხორციელდება ოპტიმიზირებული და პერსონიფიცირებული რეფრაქციული ქირურგია. პროცედურა არის ხანმოკლე, საჭიროებს რამდენიმე წუთს, უმტკივნეულო, რომლის შედეგადაც პაციენტი იხსნის სათვალეს. ფაკიური ლინზების იმპლანტაცია ხორციელდება უმცირესი განაკვეთით, თვალში იმპლანტირდება დამატებითი ოპტიკური ლინზა, ჩარევა გახლავთ სრულიად უსაფრთხო და ვაღწევთ საკმაოდ მაღალი ამეტროპიების კორექციას. გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში მხედველობის კორექცია ხორციელდება ბროლის ქირურგიული შეცვლის გზით.

  • რა დროს არის საჭირო ქირურგიული ჩარევა?

მაია საგინაშვილი: „ძირითადად, ქირურგიულ ჩარევას პაციენტი და ქირურგი ერთად წყვეტენ. ქირურგიული ჩარევის დაგეგმვისთვის მნიშვნელოვანია წინა მოსამზადებელი პერიოდი, გასათვალისწინებელია სხვადასხვა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც ისაზღვრება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკა, ასევე ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და სხვა ქრონიკული დაავადება, რომელთაც, თავის მხრივ, შეუძლიათ უარყოფით გავლენის მოხდენა მხედველობაზე.

R. 


წაიკითხეთ სრულად