Baby Bag

იწვევს თუ არა სტრესი უშვილობას?- გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი

იწვევს თუ არა სტრესი უშვილობას?- გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი

გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა მადონა ჯუღელმა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე სტრესის მავნე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„სტრესის ჩამოყალიბების 3 ფაზა არსებობს. რა გავლენა აქვს მას რეპროდუქციულ რგოლზე? პირველ სტადიაზე ხდება მთელი ორგანიზმის ადაპტაცია, რომ სტრესთან გაძლების შესაძლებლობა შექმნას. შემდგომ მოდის წინაღობის, რეზისტენტობის სტადია. ჩვენ ვუპირისპირდებით სტრესს. მესამე არის გამოფიტვის სტადია. ამ პერიოდში, როდესაც ერთი სტადია მეორეში გადადის, შეგვიძლია ვნახოთ, როგორ ხდება რეპროდუქციული რგოლის გადამზადება. როდესაც იწყება განგაშის მეორე სტადია, ორგანიზმში ირთვება სტრეს ჰორმონები, რომელთა გამომუშავება ხდება თავში. აქ არის კორტიზოლი, ადრენალინი, რომელიც გვაძლევს საშუალებას რომ გავიქცეთ.

ვთქვათ, ჩვენ ვართ ტყეში. შევეჩეხეთ დათვს. ხდება მობილიზაცია, ჩვენ შეგვიძლია ამავდროულად დავიცვათ თავი ამ სტრესისგან. მერე არის მდგომარეობა, როდესაც ყოველდღიურად მოდის ჩვენთან დათვი. ის ჰორმონები, რომლებიც მანამდე ჩვენ გვიცავდა, ხდება ტოქსიური ჩვენთვის. უკვე ვეღარ ძლებს ორგანიზმი ამ პირობებში. დისტრესის პერიოდში ირთვება როგორც იმუნური სისტემა, ასევე ჰორმონალური სისტემა. ხდება რეპროდუქციული ფუნქციების მკვეთრად დაქვეითება. 1997-98 წელს აღმოაჩინეს, რომ თავის ტვინში, ჰიპოთალამუსში არის ნივთიერება ქისპეპტინი. ის აკონტროლებს ჰიპოთალამუსისა და საკვერცხის ურთიერთკავშირს. როდესაც გვაქვს ქრონიკული და გადამეტებული სტრესი, ქისპეპტინის რაოდენობა მკვეთრად მცირდება, რაც ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსისა და საკვერცხის ურთიერთკავშირს მკვეთრად ამცირებს. შესაძლებელია სრულად მოხდეს რეპროდუქციული რგოლის გამოფიტვა, გამოთიშვა. იყოს მენსტრუაციის არქონა, ფოლიკულოგენეზის დაქვეითება, კვერცხუჯრედის ხარისხის შემცირება, ასე მივდივართ მერე უკვე უშვილობამდე,“- აღნიშნულ საკითხზე მადონა ჯუღელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალის რძის ფერი არ განსაზღვრავს მის ცხიმიანობას და ღირებულებას, რძის გამოკვლევა არ არის საჭირო“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა ძუძუთი კვებაზე

„ქალის რძის ფერი არ განსაზღვრავს მის ცხიმიანობას და ღირებულებას, რძის გამოკვლევა არ არის საჭირო“ - მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა ძუძუთი კვებაზე

ქალის რძე საუკეთესო, განუმეორებელი, ცოცხალი ბიოლოგიური საკვებია, რომლის შემადგენლობა ბავშვის მოთხოვნილებების შესაბამისად იცვლება. იგი უზრუნველყოფს ბავშვს ადვილად მოსანელებელი მაღალ ხარისხიან საკვებით. ჩვილის ძუძუთი კვება მოზარდის ჯანსაღი ფიზიკური განვითარების გარანტია. დედის რძე ეხმარება ჩვილს იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში და ამცირებს სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს.

ძუძუთი კვება ასევე სასარგებლოა დედისთვის. იგი იცავს დედას მშობიარობის შემდგომი სისხლდენისაგან და ამცირებს სარძევე ჯირკვლების და საკვერცხეების სიმსივნურ დაავადებებს. ძუძუთი კვება უზრუნველყოფს დედისა და ბავშვის ფსიქო-ემოციურ კომფორტს.

​როდის უნდა დაიწყოს და რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ძუძუთი კვება?

  • ძუძუთი კვების დაწყება უნდა მოხდეს მშობიარობიდან 1 საათის განმავლობაში.
  • ძუძუთი კვება ექსკლუზიურად 6 თვის მანძილზე.
  • დამატებითი საკვების მიღება 6 თვის ასაკიდან.
  • დაბადებიდან პირველ საათში აუცილებელია ძუძუზე მიყვანა და პირველი მოჭიდება.

დედის რძე სრულფასოვანი საკვებია, მასში წარმოდგენილია ყველა სასიცოცხლო ნივთიერება: წყალი, ცილები, ცხიმები, იმუნოგლობულინი, მინერალები და სხვა.

დედის რძე:

  • ბავშვის პირველი აცრაა და ის იცავს პატარას სხვადასხვა ინფექციისაგან.
  • ადვილად მოსანელებელია.
  • უზრუნველყოფს ბავშვის სრულყოფილ ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას.
  • უსაფრთხო და ბიუჯეტურია.
  • ბავშვის ენის და სახის კუნთების განვითარებას უზრუნველყოფს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალში თანკბილვისა და მეტყველებისათვის.

​რა სიხშირით ვკვებოთ პატარა?

  • ბავშვი უნდა ვკვებოთ ხშირად ბავშვის მოთხოვნილებების მიხედვით. უნდა ვკვებოთ როგორც დღისით, ასევე ღამით.
  • პატარა თვითონ არეგულირებს მისაღები საკვების რაოდენობას. თვეების მატებათასთან ერთად რძის რაოდენობაც მატულობს.
  • აუცილებელია ერთი ძუძუ მთლიანად დაიცალოს, რადგან რძის ბოლო ულუფა მდიდარია ცხიმებით და ბავშვი მისი მიღებით უფრო დანაყრდება.
  • ქალის რძის ფერი არ განსაზღვრავს მის ცხიმიანობას და ღირებულებას. რძის შემადგენლობა ცვალებადია. ამგვარად, რძის გამოკვლევა არ არის საჭირო.
  • რძის პროდუქცია არ არის დამოკიდებული სარძევე ჯირკვლის ფორმაზე და ზომაზე.

ძუძუთი არასწორი კვების შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები გაჩნდეს: ჩხვლეტა და ტკივილი მკერდის არეში, ძუძუს გამაგრება, გადავსება, ნახეთქები და ტემპერატურის მატება. მისი მიზეზებია: ძუძუთი იშვიათი კვება, არასრული დაცლა, არასწორი მოჭიდება.

როგორ მოიქცეთ?

  • ხშირად აწოვეთ ძუძუ პატარას.
  • კვების შემდეგ რძე გამოიწველეთ.
  • სწორედ მოაჭიდეთ ბავშვის პირი ძუძუს.
  • თბილი საფენები კვების წინ, ცივი საფენები კვების შემდეგ.

ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემები ჩნდება დაბადებიდან 10-14 დღის განმავლობაში. რეკომენდაციების დაცვის შემთხვევაში ადვილად გვარდება. ამას კიდევ ხელს უწყობს დედის განწყობა და მოტივაცია, რომ ძუძუთი კვებოს პატარა.

მეან-გინეკოლოგი თიკო გოთუა 

წაიკითხეთ სრულად