Baby Bag

„ამჟამად ბავშვებში რამდენიმე ვირუსია გავრცელებული ერთმანეთის პარალელურად,“ - პედიატრი ნანა რურუა რესპირატორული ვირუსების გააქტიურების შესახებ

„ამჟამად ბავშვებში რამდენიმე ვირუსია გავრცელებული ერთმანეთის პარალელურად,“ - პედიატრი ნანა რურუა რესპირატორული ვირუსების გააქტიურების შესახებ

პედიატრმა ნანა რურუამ ბავშვებში რესპირატორული ვირუსების გააქტიურების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში რამდენიმე რესპირატორული ვირუსია აქტიური:

„მთელი ორი წლის განმავლობაში ჩვენ მხოლოდ კორონავირუსის არსებობა გვახსოვდა. სინამდვილეში სხვა ვირუსებიც არსად წასულა. მას შემდეგ, რაც გაიხსნა ყველაფერი, ამ ვირუსების რაოდენობამ მოიმატა. ეს არ არის ერთი რომელიმე კონკრეტული ვირუსი. არის გრიპის შემთხვევებიც. კლინიკური სურათი, შესაძლოა, იყოს სხვადასხვანაირი, მაგალითად: კონიუნქტივიტი, სურდო, ხველა, სუნთქვის გაძნელება, ფაღარათი, ცხელება. ამჟამად ბავშვებში რამდენიმე ვირუსია გავრცელებული ერთმანეთის პარალელურად. ამის მიხედვით კლინიკური სურათი განსხვავებულია. ყველასთვის დამახასიათებელია ცხელებით მიმდინარეობა, სურდოს და ხველის თანხლებით, რომელიც საშუალოდ 3-5 დღე გრძელდება და წესით მკურნალობის გარეშე თავისით უნდა დამთავრდეს.

პედიატრები სულ ვცდილობთ მშობელს დავასწავლოთ გაარჩიოს, სად არის რთული და სად მსუბუქი შემთხვევა. რესპირაციული ვირუსების დროს საყურადღებო ნიშნებია ქოშინი, სუნთქვის გაძნელება და ზოგადი მდგომარეობის გაუარესება. 39 სიცხე არ არის საშიში ცხელება. შესაძლოა, ბავშვს არ ჰქონდეს მაღალი ცხელება, მაგრამ მისი ზოგადი მდგომარეობა იყოს ცუდი. ეს უფრო საშიშია. მხოლოდ ცხელება არ განიხილება საგანგაშო ნიშნად. კიდევ ერთი, რაც შეიძლება ძალიან საყურადღებო იყოს, არის სითხის მიღების შეუძლებლობა.

ვირუსების უფრო მძიმე პიკი ყოველთვის იყო ხოლმე გაზაფხულზე. უჩვეულო არ არის მარტსა და აპრილში ვირუსების რაოდენობის მომატება,“- აღნიშნულ საკითხზე ნანა რურუამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„ახალი დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად