Baby Bag

„თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს,“- მეან-გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი

„თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს,“- მეან-გინეკოლოგი ირაკლი ვერულაშვილი

მეან-გინეკოლოგმა ირაკლი ვერულაშვილმა ფიზიოლოგიური მშობიარობის დადებით მხარეებსა და მშობიარობისთვის იდეალურ ასაკზე ისაუბრა:

„ახალგაზრდა მშობიარეები არიან 20 წლამდე ასაკის ქალბატონები. ოქროს შუალედი არის 20-დან 30 წლამდე, შემდეგ არის 30-დან 45 წლამდე ასაკი. როდესაც ქალი არის 20-დან 30 წლამდე, ჰორმონალური ფონი დალაგებული აქვს, დედობისთვისაც უფრო მზად არის და მშობიარობის რისკ-ფაქტორები ნაკლებია. სასურველია, რომ ამ ასაკში ქალმა მოახერხოს ბავშვის გაჩენა.

იყო ასეთი სტატისტიკა, რომ საკეისროების რაოდენობამ ძალიან მოიმატა. ეს გამოწვეულია ბევრი ფაქტორით. ერთი ის, რომ არ არსებობს ქალი, რომელსაც მშობიარობის ბოლომდე არ ეთქვას, რომ „საკეისრო გამიკეთე.“ თუ რაღაც ჩვენება არ გააჩნია, ქალმა ფიზიოლოგიურად უნდა იმშობიაროს. საკეისრო კვეთაც არის მშობიარობის ერთ-ერთი მეთოდი. ის არის სიცოცხლის გადამრჩენელი ოპერაცია. საკეისრო კვეთის ჩვენება შესაძლებელია იყოს ქალის მხრივ, შეიძლება იყოს ნაყოფის მხრივ. შეიძლება ნაყოფის შემთხვევაში იყოს არასწორი მდებარეობა, მაგალითად, ტერფებით წინ მდებარეობა, ჯდომით წინ მდებარეობა. ქალის შემთხვევაში, შესაძლოა, იყოს ექსტრაგენიტალური პათოლოგიები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თვალის დაავადებები და ა.შ.

არ არსებობს ქალი, ვისაც არ ეშინია მშობიარობის. ქალმა ექიმთან იმიტომ უნდა იაროს, რომ მან უნდა უთხრას ყველა რისკი, ყველაფრისთვის მოამზადოს. ის, რომ მეშინია, ეს საკეისრო კვეთის ჩვენება არ არის. ნებისმიერ ქალს აქვს უფლება, რომ მოითხოვოს საკეისრო კვეთა. ნებისმიერ ექიმსაც შეუძლია, რომ უარი უთხრას საკეისრო კვეთაზე. ექიმმა მას უნდა დაუსაბუთოს ეს უარი და აუხსნას, რატომ სჯობს ერთი მეთოდი მეორეს,“- აღნიშნულ საკითხზე ირაკლი ვერულაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ზღვა არის ძალიან კარგი სითხე, მასში არის მარილი და მიკროელემენტები, რომლებსაც ანტისეპტიკური ეფექტი აქვს'' - გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი

გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგი მადონა ჯუღელი გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ გინეკოლოგიური პრობლემების დროული გამოვლენის მნიშვნელობაზე საუბრობს:

„თუ ჩვენ დაველოდებით იმ პრობლემებს, რომლებსაც ქლამიდიური ან გონორეული ინფექცია განაპირობებს და რომლებზეც მკურნალობას უკვე ვეღარ ვატარებთ, ისინი გახდებიან ჩაწერილი ინფექციები. ეს უკვე პრობლემაა. ისეთი გართულებები, როგორებიც არის უშვილობა, ძვალ-სახსროვანი პათოლოგიები და სხვა სისტემური პრობლემები უსიმპტომო სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს ახასიათებს. თუნდაც შევეხები ადამიანის პაპილომა ვირუსს, რომელსაც აბსოლუტურად არანაირი სიმპტომი არ აქვს. თუ ქალბატონი წელიწადში ერთხელ მიაკითხავს ექიმს და ჩაიტარებს კომპლექსურ კვლევებს, ეს გახდება საწინდარი იმისა, რომ ის სრულიად ჯანმრთელი იქნება.“

მადონა ჯუღელის თქმით, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ:

„სიმსივნის პათოლოგიის რისკი ადრე მაღალი იყო 45 წელს გადაცილებულ ადამიანებში, დღევანდელ დღეს ეს დაავადება გაახალგაზრდავდა, რადგან სქესობრივ ცხოვრებას ვიწყებთ ადრეულად. გინეკოლოგთან მარტო სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ არ უნდა მივიდეს ქალი. რეპროდუქციული სისტემის ჩამოყალიბების დროს ყოველდღიური სტრესი ან სხვა სირთულეები განაპირობებს დარღვევებს. თუ ამ დარღვევებს დედამ, მშობელმა და თვითონ ბავშვმა დროულად არ მიაქცია ყურადღება, არ მივიდა ექიმთან, ეს იქნება ძალიან ცუდი.“

მადონა ჯუღელი აღნიშნავს, რომ ძილის რეჟიმის დარღვევა ჰორმონალური ფონისა და ციკლის დარღვევის ერთ-ერთი მიზეზია:

„ბიოლოგიური რიტმის დარღვევა განაპირობებს, როგორც ციკლის დარღვევას, ასევე რეპროდუქციული ჰორმონების დაღვევებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის სტრესი. ორგანიზმი 11 საათის შემდეგ გამოიმუშავებს იმ ნეიროტრანსმიტერებს, რომლებიც არეგულირებენ ჩვენს ნივთიერებათა ცვლას და ჰომრონალურ ფონს. როდესაც ამ დროს ქალს არ ძინავს, ორგანიზმი სტრესის შეფერხებას იწყებს, რაც დარღვევების მიზეზი ხდება. ის, რომ ადამიანს ძინავს რვა საათი, არ არის საკმარისი. თქვენ უნდა დაიძინოთ ღამე. მაგალითისთვის მომყავს ხოლმე ქათამი. ის არ დადებს კვერცხს, თუ ღამით არ დააძინეთ, მისი საკვერცხე არ იმუშავებს.“

„პირველ რიგში, მოვაწესრიგოთ კვება. არ ავრიოთ კვებისა და ძილ-ღვიძილის რეჟიმი. ჩემს პაცინტებს ყოველთვის ვთხოვ, რომ არ მოწიონ თამბაქო. ის ძალიან აგრესიულად მოქმედებს გინეკოლოგიურ-რეპროდუქციულ ფუნქციებზე. ზღვასთან ხშირად აკავშირებენ გამონადენს, რაც შეცდომაა. ზღვა არის ძალიან კარგი სითხე, მასში არის მარილი და მიკროელემენტები, რომლებსაც ანტისეპტიკური ეფექტი აქვს. ის ადგილი, სადაც ზღვაში შედიხართ სუფთა უნდა იყოს. თუ გამონადენს ზღვას უკავშირებთ, ეს არ არის სწორი. ამის მიზეზია სტრესი, ალბათ, არ გამოიცვალეთ საცვალი, არ დაიძინეთ დროულად,“ - აღნინავს მადონა ჯუღელი.

წაიკითხეთ სრულად