Baby Bag

„ათი თვიდან ბავშვს ხელში მივცეთ ფანქარი, რომ რაღაც დახატოს,“- პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს

„ათი თვიდან ბავშვს ხელში მივცეთ ფანქარი, რომ რაღაც დახატოს,“- პედიატრ ქეთი ნემსაძის რჩევები მშობლებს

პედიატრმა ქეთი ნემსაძემ ბავშვის ჯანსაღ გარემოში გაზრდისა და მისი დადებითი ემოციური სტატუსის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჩვენი მიზანია დედასთან თერაპიული ალიანსის ჩამოყალიბება, რომ ჯანსაღ გარემოში გაიზარდოს ბავშვი და მას ჰქონდეს დადებითი ემოციური სტატუსი, მუდმივად იყოს წარმატებული და სულ აქებდნენ, როგორც წარმატებულს. ეს ჩვენ აუცილებლად გვჭირდება. ექვსი თვიდან აუცილებელია, რომ ბავშვს წაუკითხონ წიგნი. დედას შეუძლია ამოიკითხოს რაც უნდა ის, იმ წიგნში, მაგრამ ხელი გააყოლოს ასოებს. 8 თვიდან ბავშვს დააწყებინოს თითებით ჭამა, რომ სენსორები განვითარდეს და ათი თვიდან ხელში მისცეს ფანქარი, რომ ბავშვმა რაღაც დახატოს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ყველაფერს აგროვებს. მისი ყველა რეკომენდაცია არის მისაღები ჩვენთვის. 4-5-ჯერ ბავშვი უნდა გახდეს ავად ვირუსებით. ეს ნორმაა. ეს არის იმუნოლოგიის ვარჯიში. არავითარ შემთხვევაში ვირუსულ ინფექციაზე ანტიბიოტიკი არ ინიშნება. ანტიბიოტიკი ინიშნება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს სტრეპტოკოკული ინფექცია, ან რომელიმე ბაქტერია გააქტიურდება. ამ პროცესს მხოლოდ ექიმმა უნდა უხელმძღვანელოს. თვითნებური მკურნალობით თქვენ აფერხებთ ვირუსთან გამკლავების მეთოდოლოგიას, რომელიც ბავშვს აქვს. ორგანიზმში არის ასეთი რამ: იმუნიტეტი იმიტომ კი არ არის, რომ უცხოს ებრძოლოს. იმუნიტეტი არის იმიტომ, რომ ჩვენი ორგანიზმის შემადგენლობის მუდმივობა დაიცვას. როგორც კი უცხო გამოჩნდება, იმას ებრძვის. ჩვენ ათასამდე კიბოს უჯრედს ვბეჭდავთ შეცდომით დღის განმავლობაში და ამას ორგანიზმი ანადგურებს. როდესაც ეს ტოლერანტობა იშლება, მაშინ ვითარდება სიმსივნური წარმონაქმნები,“- მოცემულ საკითხზე ქეთი ნემსაძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

„სარქველი სარქველში“ - საქართველოში ურთულესი კარდიოქირურგიული პროცედურა ჩატარდა

„სარქველი სარქველში“ - საქართველოში ურთულესი კარდიოქირურგიული პროცედურა ჩატარდა

65 წელს გადაცილებულმა პაციენტმა ჩვეული ფიზიკური აქტივობის შეზღუდვით ექიმს მიმართა. 10 წლის წინ ქირურგიული წესით ჰქონდა აორტის სარქველი გამოცვლილი, ბიოლოგიური სარქველი ეყენა, რომელმაც ეფექტურობა დაკარგა. კვლევები კრიტიკულ ციფრებსა და მაღალ რისკებს აჩვენებდა... შედგა კონსილიუმი და ყველა დეტალის, რაც მთავარია პაციენტის სურვილის გათვალისწინებით, ტრანსკათერეტული აორტის სარქვლის შეცვლის პროცედურა (TAVI) ჩატარდა. „სარქველი სარქველში“ მეთოდი სირთულითა და კომპლექსურობით პირველი იყო, რაც საქართველოში, კერძოდ „ნიუ ჰოსპიტალსში“ წარმატებით წარიმართა, კარდიოლოგ ლაშა მოსიაშვილის ხელმძღვანელობით.

​MOMSEDU.GE გთავაზობთ ინტერვიუს „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტერვენციული კარდიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელთან:

- რას გულისხმობს ტრანსკათერეტული აორტის სარქვლის შეცვლის პროცედურა (TAVI)?

ლაშა მოსიაშვილი: „პროცედურა წარმოადგენს აორტის სარქვლის შეცვლის არაქირურგიულ მეთოდს. ძირითადად ნაჩვენებია პაციენტებისთვის, რომელთაც აქვთ მაღალი კარდიოქირურგიული რისკი.

მეთოდი ტექნოლოგიისა და ინტერვენციული კარდიოლოგიის განვითარებამ წარმოშვა. ჩვენ შეგვიძლია ერთი ჩხვლეტით შევცვალოთ სარქველი, რომელიც ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას და ახალი სარქველი ჩავაყენოთ. ბარძაყის არტერიიდან ან ნებისმიერი პერიფერიული არტერიიდან, საიდანაც შეიძლება აორტაში მოხვდე, სპეციალური კათეტერის მეშვეობით ხდება დაზიანებული სარქვლის გამოცვლა, რომელიც თავისი არსით ბიოლოგიური სარქველია. მას შემდეგ რაც მიდის აორტამდე, სპეციალური მარკერით სწორდება, დგება და იწყებს ფუნქციონირებას.

ცნობისთვის, აორტა გულიდან გამომავალი ყველაზე დიდი არტერიაა, მისი საშუალებით ორგანიზმს ჟანგბადით გაჯერებული სისხლი მიეწოდება, მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის არის სარქველი. აორტის სარქვლის დაზიანება, გულის სარქვლოვანი აპარატის დაზიანების ყველაზე გავრცელებული ფორმაა - მსოფლიოში 65 წელს გადაცილებული ადამიანების 3%-7% მოიცავს.

- რა იწვევს აორტის სარქვლის დაზიანებას?

ლაშა მოსიაშვილი: „ჩვენ დღეს აორტის სტენოზს, ანუ შევიწროებას განვიხილავთ. ის ასაკობრივი ცვლილებაა, რომელიც სხვადასხვა დეგენერაციული ცვლილებებიდან და კალციფიცირებიდანაა გამოწვეული. რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, სარქვლის მოძრავი ფურცლები კარგავენ ელასტიურობას, რაც სარქვლის რგოლის დაპატარავებასა და აორტის ხვრელის შევიწროებას იწვევს. თუ აორტის რგოლი არის 1 კვ.სმ-ზე ნაკლები, ითვლება რომ ამ სარქველს დახმარება სჭირდება.

პაციენტს აღენიშნება ადვილად დაღლა, ქოშინი, გულის აჩქარება, ტაქიკარდია, ტკივილი. ექოკარდიოსკოპია დაავადების დადგენის ოქროს სტანდარტია.

- ერთგვარი ანალიზი რომ გავაკეთოთ მკითხველთათვის, აორტის სარქვლის შეცვლის სხვადასხვა მეთოდის დადებითი და უარყოფითი მხარეებისა:

ლაშა მოსიაშვილი: „მოგეხსენებათ, მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად აორტის სარქვლის შეცვლის ქირურგიული მეთოდი არსებობს - მექანიკური და ბიოლოგიური სარქვლის ჩაყენება. მექანიკური სარქველი მუდმივია, თუმცა ჩვენს პოპულაციაში რთული სამართავია, რადგან მუდმივად საჭიროებს სისხლის გამათხელებლების დოზებს, რათა თავიდან ავიცილოთ თრომბოზი. ბიოლოგიური სარქველი უფრო მარტივი მოსავლელია, თუმცა 10-15 წლამდე აქვს ეფექტური მოქმედება და რეოპერაცია სჭირდება, კარდიოქირურგიული ჩარევით მას 2-3 ჯერ მეტი გართულება ახლავს თან, ვიდრე პირველ შემთხვევაში.

მსგავსი გადაწყვეტილების წინაშე ვიდექით ზემოთქმულ პაციენტთან „სარქველი სარქველში“ მეთოდის ჩატარებისას, მას არ უნდოდა, რომ გულ-მკერდი მეორედ გაგვეხერხა. არა მხოლოდ კარდიოქირურგიის, არამედ TAVI-სთვისაც მაღალი რისკი იყო. ანატომიური თავისებურებების გამო შესაძლოა, გულის მკვებავი მთავარი არტერია დაკეტილიყო და იძულებულნი გავმხდარიყავით, ძველი სარქველი სპეციალური ბალონების საშუალებით გაგვეხლიჩა, რათა ახალი კარგად ჩამდგარიყო. მთავარი რისკი იყო ყელის დახურვა, სტენტირებითვისაც წინასწარ ვიყავით მზად. გავამართლეთ პაციენტის ნდობა, 3 დღეში სრულფასოვნად დაუბრუნდა ცხოვრების რიტმს.“

TAVI-ს კვლევებმა ძალიან კარგი შედეგები გვაჩვენა, რამაც საშუალება მოგვცა, არა მხოლოდ კარდიოქირურგიის რისკის მწონე პაციენტებს ჩავუტაროთ პროცედურა, არამედ პაციენტებს, რომლებიც პირველად არიან აორტის სარქველზე ჩასარევნი. მიზეზი ისაა, რომ განსხვავებით კარდიოქირურგიისგან, TAVI-ს არ სჭირდება დიდი ნარკოზი, არც გულის გაჩერება, არც ჭრილობა. მხოლოდ ერთი ჩხვლეტითა და 90-120 წუთამდე პროცედურით, 3 დღეში პაციენტი სახლში ეწერება და სრულფასოვან ცხოვრებას უბრუნდება.“

5 წელია, რაც საქართველოში TAVI-ს პროცედურა ტარდება, ლაშა მოსიაშვილი კი მეთოდის მართვაში პირველივე დღიდან წარმატებითაა ჩართული. საამაყოა, რომ მაღალკვალიფიციური კარდიოლოგებით დაკომპლექტებულ და ტექნოლოგიურად უმაღლეს დონეზე აღჭურვილ „ნიუ ჰოსპიტალსში“ მსოფლიო მედიცინის თანამედროვე სტანდარტებს ვუწყობთ ფეხს.

R.


წაიკითხეთ სრულად