Baby Bag

„ერთ კვირაში 17 კილო დავიკელი... ერთ დღეს მივხვდი, რომ ფეხს ვეღარ ვდგამდი,“- ნინო ზაუტაშვილის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემასთან ბრძოლის ისტორია

„ერთ კვირაში 17 კილო დავიკელი... ერთ დღეს მივხვდი, რომ ფეხს ვეღარ ვდგამდი,“- ნინო ზაუტაშვილის ფარისებრი ჯირკვლის პრობლემასთან ბრძოლის ისტორია

ტელეწამყვანმა ნინო ზაუტაშვილმა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებასთან ბრძოლის საკუთარი ისტორიის შესახებ ისაუბრა:

„ყველაფერი დაიწყო ტირილით. უცებ ყველაფერზე უმიზეზოდ მეტირებოდა, მქონდა ტაქიკარდია, წონის ინტენსიური კლება. თავიდან ამას ვერ მივაქციე ყურადღება. ვფიქრობდი, ეს გაივლის. ერთ მშვენიერ დღეს, რომ ავდექი, ვიგრძენი საოცარი სიმსუბუქე, მივხვდი, რომ ფეხს ვეღარ ვდგამდი. რომ ავიწონე, აღმოვაჩინე, რომ 1 კვირაში მქონდა 17 კილოგრამი დაკლებული. რა თქმა უნდა, დავიწყე ბრძოლა ამ პრობლემასთან. 10-წლიანი ბრძოლის შემდეგ მე წამალს საერთოდ აღარ ვიღებ. კი, მოვიმატე წონაში, ეს გაცილებით ნაკლები პრობლემა მგონია.

თავდაპირველად მე ამას ვერ მივხვდი, ბუნებრივია. წავედი თერაპევტთან. იქ მოხდა დიაგნოზში შეცდომა. თუმცა, ეს ხდება. ჩემი რეალური დიაგნოზი იყო ჰიპერთირეოზი, ტოქსიკოზი უმძიმესი ფორმის, ტრემორით. ერთხელ ქუჩაზე გადავდიოდი, გასაღები დამივარდა. რომ დავიხარე ასაღებად, მივხვდი, რომ ვერ ვდგებოდი. ვიღაც მომეხმარა, რომ ფეხზე ავმდგარიყავი. მართლა ვერ ვდგებოდი ფეხზე. ეს იყო მძიმე გადასატანი.

მკურნალობისას პირველი აბის მიღებისთანავე ტაქიკარდიამ გამიარა. საშუალება მომეცა, რომ ბალიშზე დამედო თავი და ისე დამეძინა. ეს იყო ჩემთვის მიღწევა. მთელი ღამე ვიჯექი. სუნთქვის საშუალება არ იყო უბრალოდ. პრეპარატების მიღების შემდეგ ერთ კვირაში გაცილებით უკეთ ვიყავი. ექიმების საოცრად დამჯერი ვარ. იდეალური პაციენტი ვარ. ენდოკრინოლოგიურ დაავადებას ახასიათებს ერთი რამ, ეს არის საშინელი გაღიზიანება. უცებ გავხდი გიჟი, აბსოლუტურად ყველაფერზე ვღიზიანდებოდი, ყველას ვეჩხუბებოდი. მერე დავდექი სწორ გზაზე და წავედი ბოლომდე. 8 წელი დამჭირდა მკურნალობისთვის. მინდა ყველა პაციენტს ვუთხრა, რომ ნებისმიერი მკურნალობის 20-30% არის პაციენტის პასუხისმგებლობაც,“- მოცემულ საკითხზე ნინო ზაუტაშვილმა „ტელეკომპანია პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა - თამარ გაბუნიას განცხადება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბავშვების მკურნალობის პროტოკოლი შეიცვალა. მან ის სიმპტომები დაასახელა, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში ბავშვებს კლინიკაში გადაჰყვანა სჭირდებათ:

„პროტოკოლი შეიცვალა. მეტად საყურადღებო, ბუნებრივია, რჩება ერთ წლამდე ასაკის ბავშვი. სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აქვს მაღალი ტემპერატურა დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც არ ექვემდებარება სიცხის დამწევს, ან არ აქვს სხვა თანხმლები სიმპტომები, ძლიერი ხველა. სხვა შემთხვევაში მისი მართვა სრულიად წარმატებით არის შესაძლებელი სახლის პირობებში. მითითებაა იმ კრიტერიუმებზე, თუ როდის არის საჭირო ბავშვის ჰოსპიტალიზაცია, რომ თავიდან ავიცილოთ არასაჭირო ჰოსპიტალიზაცია, რაც საკმაოდ სტრესულია ბავშვისთვისაც, მშობლისთვისაც და იწვევს სისტემის გადატვირთვას. ამიტომ, თუ ბავშვს არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ბუნებრივია, ის უნდა დარჩეს ბინაზე,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წყარო: ​„რუსთავი 2“

წაიკითხეთ სრულად