Baby Bag

„სიმაღლეში ზრდის ხელშეწყობისთვის სტაფილო ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცხიმიან საკვებთან ან რძის პროდუქტებთან ერთად,“- ლაშა უჩავა

„სიმაღლეში ზრდის ხელშეწყობისთვის სტაფილო ბავშვმა აუცილებლად უნდა მიიღოს ცხიმიან საკვებთან ან რძის პროდუქტებთან ერთად,“- ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ ბავშვის სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ ისაუბრა:

„სიმაღლეში ზრდასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მითი არსებობს. ჭარხალი, სტაფილო, ლიმონი, რძე ნამდვილად შეიცავს იმ ნივთიერებებს, რომლებიც აუცილებელია ჩვენი ძვლოვანი სტრუქტურისა და კუნთოვანი ქსოვილის ზრდისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტაფილო, რომელიც ვიტამინ A-ს შეიცავს. ის უნდა მივიღოთ რძესთან კომბინაციაში. უნდა გვახსოვდეს, რომ სტაფილოს მიღება ცალკე, როგორც პროდუქტის, არ გვეხმარება ზრდის ხელშეწყობაში. ის აუცილებლად უნდა მივიღოთ ცხიმიან საკვებთან ერთად, ან უნდა იყოს მცენარეულ ზეთთან ერთად გახეხილი, ან რძის პროდუქტებთან ერთად მიღებული. რძეს აქვს თავისი ცხიმიანობა, რომელიც უფრო მარტივად აათვისებინებს ორგანიზმს A ვიტამინს. რძის პროდუქტები პირდაპირ კავშირშია ზრდასთან. ჩვენ ვიცით, რომ რძე შეიცავს ცილოვან სტრუქტურას, რომელიც კუნთოვანი მასის ზრდა-განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. რძის პროდუქტები მდიდარია კალციუმით. ის არის საშენი მასალა ჩვენი ძვლისთვის, რომ მან ზრდა-განვითარება შეძლოს.

ძელზე ჩამოკიდება არის ერთ-ერთი დამხმარე საშუალება. ეს რეალობაა. რიგ შემთხვევებში ჰგონიათ, რომ ძელზე ჩამოკიდება 5-8 სანტიმეტრს მოამატებინებთ, მაგრამ არა. ის ზოგადად ხელს უწყობს კუნთოვანი მასის განვითარებას და ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებასაც. ძელზე ჩამოკიდება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ხერხემლის სვეტი იყოს სწორად განვითარებული, რომ ხერხემლის დეფორმაციამ არ მოგვცეს შემდგომში ზრდის შეფერხება.

მსმენია ფრაზები: „თმა გაქვს გრძელი და როგორ გაიზრდები.“ ეს, რა თქმა უნდა, არის მითი. ეს მითი დაკავშირებულია მცენარეების ზრდასთან. მცენარე მთლიანად ფესვებიდან იღებს გარკვეულ ნივთიერებებს. მას ფოთლების ქვემოთა ნაწილს აჭრიან, რომ სიმაღლეში წავიდეს.

იოგა და გაწელვები, გარდა იმისა, რომ ბავშვთა ასაკში ზრდა-განვითარებას ეხმარება, ზრდასრულ ასაკშიც გარკვეულ ეფექტებს გვაძლევს, როდესაც არის ხერხემლის დეფორმაცია. კუნთოვანი ქსოვილი, რომელიც იჭერს ხერხემალს, არის მოდუნებული და ხერხემალი არის დაბლა დასული. იოგა ყველაფრისთვის კარგია,“- მოცემულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

​სიმინდი - ცხელი პლაჟების ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი - მივცეთ თუ არა ბავშვს?

​სიმინდი - ცხელი პლაჟების ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი - მივცეთ თუ არა ბავშვს?

სიმინდი - ცხელი პლაჟების ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი - მივცეთ თუ არა ბავშვს? - აღნიშნულ კითხვას პედიატრი თამარ ობგაიძე საკუთარ ფეისბუქგევრდზე პასუხობს. 

გთავაზობთ პედიატრის პოსტს ამ საკითხთან დაკავშირებით:

„მზე, ზღვა, გასარუჯად მზეს მიფიცხებული დიდ-პატარა და ამ დროს ჭილისქუდიანი, ქვაბაკიდებული ადამიანები პლაჟების ყველაზე საყვარელი ცხელ-ცხელი პროდუქტით.
- აბაააა, ცხელი სიმიდიიიიიიი...
სიმინდი უძველესი მარცვლოვანი კულტურაა, რომელიც ცენტრალური ამერიკიდან გავრცელდა. მაიას და აცტეკების ტომების ხალხები მას სიცოცხლის შემანარჩუნებელ საკვებს უწოდებდნენ.
მოხარშული თუ შემწვარი, ფაფების და სალათების სახით, შინ თუ ცხელ პლაჟებზე - ზაფხულში ის ყველასათვის საყვარელი საკვებია!

სასარგებლოა თუ არა სიმინდი ბავშვისათვის?

მოდით, ვნახოთ, რა სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს ეს პროდუქტი.
ვიტამინებით დავიწყოთ - B ჯგუფის ვიტამინების კომპლექი იმ ნივთიერებათა ერთობლიობაა, რაც სიმინდს ბავშვისათვის განსაკუთრებით სასარგებლო პროდუქტად აქცევს. ნიაცინი შაქრის და ცილების ცვლაში მონაწილეობს, თიამინი და პირიდოქსინი აუცილებელია მისი თავის ტვინის და ნერვების ფუნქციონირებისათვის.
ფოლიუმის მჟავას მარილები სისხლწარმოქნის პროცესში მონაწილეობენ და ანემიის განვითარებისაგან იცავენ.
A ვიტამინი აუცილებელია იმუნური სისტემის ფუნქციონირების, ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის, აუჯობესებს კანის სტრუქტურას, მხედველობას.
K ვიტამინი სისხლის შედედების პროცესებში მონაწილეობს.
სიმინდი იმ მინერალებითაა მდიდარი, რომელიც ბავშვის ზრდა-განვითარების, მისი ძვლოვანი, იმუნური, სისხლმბადი სისტემის ფორმირებისათვისაა აუცლებელი, შეიცავს რა დიდი რაოდენობით ფოსფორს, კალიუმს, მაგნიუმს, თუთიას და სელენს.
ანტიოქსიდანტები, რომელთაც სიმინდი შეიცავს, უჯრედებს მავნე რადიკალების ზემოქმედებისაგან იცავს, ამიტომ მეცნიერები ფიქრობენ, რომ სიმისვნური დაავადებების პროფილქტიკისათვის სიმინდი განსაკუთრებით სასარგებლო მარცვლეულია.
დადგენილია სიმინდის გავლენა სისხლში ქოლესტერინის მომატებულ დონეზე.
თუ თქვენი პატარა ყაბზობისაკენაა მიდრეკილი სიმინდის მიღება მას ამ პრობლემის მოგვარებაშიც დაეხარება, რადგან იგი დიდი რაოდენობით საკვებ ბოჭკოებს შეიცავს. საკვები ბოჭკოები ხელს უწყობენ ნაწლვთა პერისტალტიკის გაძლიერებას, "მეგობარი" ბაქტერიების ნორმალურ ფუნქციონირებას.
საეჭვოა, რომ სიმინდის ქიმიური შემდგენლობა მაიას და აცტეკების ხალხებმა იცოდნენ, თუმცა ამ მარცვლეულის სასარგებლო თვისებებს რომ გადახედავ, ადვილი მისახვედრია, რატომ ერქვა მას სახელად სიცოცხლის გადამრჩენელი.

როდიდან მივცეთ პატარას სიმინდი?

4-6 თვიდან, როცა ბავშვს დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად დამატებითი კვება ენიშნება, სხვა ბურღულის ფაფასთან ერთად სიმინდის ფაფაც უნდა შესთავაზოთ.
არ მისცეთ 1 წლამდე ასაკის პატარას მოხარშული სიმინდის მარცვლები, რათა თავიდან აიცილოთ მისი სასუნქთ გზებში გადაცდენა.
თუ თქვენი პატარა ჭარბი წონისაკენაა მიდრეკილი, სიმინდის დიდი რაოდენობით მიცემა არ ღირს შაქრის მაღალი შემცველობის გამო. გახსოვდეთ, რომ 100 გრ სიმინდი 342 კკალ ენერგიას შეიცვას.

და ბოლოს, სანამ ზღვის სანაპიროზე ნებივრობისას ბავშვისათვის მოხარშული სიმინდის ყიდვას გადაწყვეტთ, გაიხსენეთ ნაწლავური ინფექციები. სიმინდი აუცილებლად უნდა იქნას მომზადებული ჰიგიენის წესების სრული დაცვით, ხოლო მირთმევის წინ პატარას ხელები აუცილებლად უნდა დაბანოთ.“

წაიკითხეთ სრულად