Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქოქოსის შაქარი არის ყველაზე ჯანსაღი ბუნებრივი დამატკბობელი, რომელიც გვაქვს,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„ქოქოსის შაქარი არის ყველაზე ჯანსაღი ბუნებრივი დამატკბობელი, რომელიც გვაქვს,“- ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ შაქრის სხვადასხვა ტიპებსა და მათ დადებით თუ უარყოფით მხარეებზე ისაუბრა:

„ბევრი ტიპის შაქარი გვაქვს ბაზარზე მოწოდებული. რაც შეეხება ყავისფერ შაქარს, ეს უფრო მარკეტინგული ხრიკია, ვიდრე სასარგებლო. ფსიქოლოგიურიად ასეა ზოგადად, რომ რაც უფრო ძვირია პროდუქტი, მით უფრო კარგი გვგონია ხოლმე. როდესაც ძვირია პროდუქტი, უფრო ნაკლებსაც ვიყენებთ, ვცდილობთ ცოტა დავხარჯოთ. ცნობა უნდა ვიცოდეთ, ნამდვილად არის ეს ყავისფერი შაქარი თუ არა. კარამელიზება ხდება თეთრი რაფინირებული შაქრის და იყიდება, როგორც ყავისფერი შაქარი. ლერწმისგან მიღებული ყავისფერი შაქარი შეიცავს გარკვეულ ვიტამინებსა და მინერალებს. მისი დამუშავება ამ ტექნოლოგიით ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე გათეთრება.“

„ქოქოსის შაქარი არის ყველაზე ჯანსაღი ბუნებრივი დამატკბობელი, რომელიც გვაქვს, თუ არ ჩავთვლით შაქრის სხვა შემცველებს, როგორიცაა სტევია. ზომიერება არის ყველაფერში მნიშვნელოვანი. ძველი ბერძნები ამბობდნენ, რომ ყველაფერი სამკურნალოა და ყველაფერი საწამლავია, მთავარია ვიცოდეთ დოზირება. რაც შეეხება თაფლს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ არის ალერგიული პროდუქტი, მისი გამოყენება შაქრის ჩასანაცვლებლად მისაღებია. როდესაც ამბობენ, რომ ის უფრო ჯანსაღია, ეს მცდარია. რაფინირებული შაქრისგან განსხვავებით თაფლში არის სხვადასხვა ნივთიერება, რომელიც ორგანიზმზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მასში არის მიკრობაქტერიები, რომელიც ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს. აქაც ზომიერებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შაქარი ჩვენთვის არ არის სასიცოცხლო ჩვენებით. მას ჩვენთვის დადებითი არაფერი არ მოაქვს,“- აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო:​ „დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად