Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„როდესაც ადამიანი მთლიანად ბუჟდება, იმას არაფერი არ სჭირს სერიოზული,“- ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი

„როდესაც ადამიანი მთლიანად ბუჟდება, იმას არაფერი არ სჭირს სერიოზული,“- ნევროლოგი გოგიტა გეგელაშვილი

ნევროლოგმა გოგიტა გეგელაშვილმა დაბუჟების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უმრავლეს შემთხვევაში დაბუჟება საშიში სიმპტომი არ არის:

„როდესაც ადამიანი მთლიანად ბუჟდება, იმას არაფერი არ სჭირს სერიოზული. თუნდაც ტუჩების ირგვლივ რომ დაგიბუჟდება, ესეც არაფერი არ არის. ადამიანი თავისი ემოციით გარემოსთან ურთიერთობს. ადამიანს ზოგჯერ აქვს მომატებული შეგრძნებები გარკვეული პარამეტრებით. შეიძლება დაბუჟდებს, დაუაროს ელექტროდენმა. რა, ელექტროდენმა დაარტყა რეალურად?!“

„თითების დაბუჟება თუ ძილის მერე ხდება, გამოღვიძებისას, ეს ყოველთვის არის ნერვის მოჭყლეტა. ფეხის ფეხზე გადადების დროს რა ხდება?! ამ დროს ყველა ადამიანს აქვს მოჭყლეტითი ნეიროპათია. დილას გაგეღვიძა, ხელი გაქვს დაბუჟებული, გაამოძრავებ აქტიურად და წამალი რაღად უნდა ამას?! თუ დაბუჟება შეუპოვარია, იწვევს ატროფიას, დიდი ხნის უგრძნობლობის ჩამოყალიბებას, საჭიროა ხუთწუთიანი მინი პროცედურა და ხუთ წუთში მთავრდება ყველაფერი,“- აღნიშნულ საკითხში გოგიტა გეგელაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად