Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„არაფერს არ ვჭამ და მაინც ვსუქდები," - პრობლემის მიზეზებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა საუბრობს

„არაფერს არ ვჭამ და მაინც ვსუქდები," - პრობლემის მიზეზებზე ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა საუბრობს

ენდოკრინოლოგმა ლაშა უჩავამ წონაში მატების ყველაზე ხშირ გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა კვების რაციონის მნიშვნელობას:

„არსებობენ ადამიანები, რომლებიც კონსულტაციაზე მოდიან და ამბობენ:​ „არაფერს არ ვჭამ და მაინც ვსუქდები.“ გადამწყვეტი მნიშვნელობ აქვს, რას ვჭამთ. შესაძლებელია, მაგიდა მთლიანად შევავსოთ სხვადასხვა საკვები პროდუქტით, ადამიანმა მიიღოს მთლიანი სუფრა და მას არ შეექმნას არანაირი წონის პრობლემა, მაგრამ მუჭში ჩავიყაროთ გარკვეული პროდუქტი და მოვიმატოთ.“

ლაშა უჩავას თქმით, წონის მატებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის გენეტიკასაც:

„სიმსუქნეში დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკას. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ფიზიკურ აქტივობას, რაც ვიღებთ და რას გავცემთ. არიან ადამიანები, რომლებმაც, შესაძლოა, დღის განმავლობაში მიიღონ 1000-1200 კილოკალორია, რომელზეც წესით და რიგით წონის მატება არ უნდა იყოს, მაგრამ მათ საერთოდ არ აქვთ გახარჯული კალორაჟი. ასეთი ადამიანები 1000 კილოკალორიაზეც მოიმატებენ.“

„ეს არის კვების კულტურა, როდესაც ჩვენ გარკვეული რეჟიმით მივირთმევთ. საკვები, როგორც ხორცის გასატარებელ მანქანაში, ასე უცებ არ გადამუშავდება ჩვენს ორგანიზმში. მას სჭირდება გარკვეული ნივთიერებები, დრო. ამ ნივთიერებების გამომუშავებასაც გარკვეული რესურსი აქვს ჩვენს ორგანიზმში. თუ ჩვენ ამ ნივთიერებებს კუმულირება არ ვადროვეთ და დავღალეთ ჩვენი ორგანიზმი, მ​იღებული საკვები ადეკვატურად ვერ გადამუშავდება. ამის ფონზე ირღვევა ნივთიერებათა ცვლა,“ - აღნიშნულ საკითხზე ლაშა უჩავამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ჩვენი ოჯახი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჩვენი ოჯახი“

წაიკითხეთ სრულად