Baby Bag

იწვევს თუ არა ბავშვებში დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება შაქრიან დიაბეტს? - ენდოკრინოლოგ ირაკლი ფაღავას პასუხი

ბავშვთა ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ბავშვებში ტკბილეულის ჭარბად მიღების პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რამდენად შეიძლება, რომ ნუგბარზე დამოკიდებულებამ შაქრიანი დიაბეტი გამოიწვიოს:

„რაც შეეხება პირველი ტიპის ინსულინდამოკიდებულ დიაბეტს, ამ შემთხვევაში დღემდე საკამათოა დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება წარმოადგენს თუ არა რისკ-ფაქტორს. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ დიდი რაოდენობით ტკბილეულის მიღება არის გასუქების რისკ-ფაქტორი. გასუქება კი არის დიაბეტი ტიპი 2-ის, ინსულინდამოუკიდებელი დიაბეტის რისკ-ფაქტორი. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა თუ არაფერი კბილებს უფუჭებს ტკბილის დიდი რაოდენობით მიღება ბავშვს.

ისიც კარგად უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ასეთი ბავშვი რეალურად წარმოადგენს ნარკომანს. მას აქვს ნარკოტიკული დამოკიდებულება შაქარზე. ნამდვილად ვერ მივიჩნევთ სასურველად იმას, რომ ბავშვი დიდი რაოდენობით ტკბილს იღებს.“

მოცემულ საკითხზე ისაუბრა ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამაც:

„უკანასკნელი კვლევების თანახმად, დადასტურებულია, რომ ყველა იმ ბავშვს, რომელიც დიდი რაოდენობით ნუგბარის მოხმარებით გამოირჩევა, აქვს B1 ვიტამინის დეფიციტი. ეს არის თიამინი, ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს შეიძლება ნერვული სისტემის სხვადასხვა ტიპის დაზიანების მიზეზი გახდეს. ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, მშობლებო! ერთი ტიპის საკვები შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმების გამშვები, ისეთი მექანიზმების, რომლებსაც მერე ყურებით ვეღარ დავიჭერთ,“- აღნიშნა მარი მალაზონიამ.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

„პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ​ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო პანდემიის დასრულების თარიღმა, შესაძლოა, გადაიწიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა, რომ პანდემიური კრიზისი 2022 წელშიც გაგრძელდება.

ელივარდის თქმით, აფრიკაში პოპულაციის 5 %-ზე ნაკლებია ვაქცინირებული, მაშინ, როდესაც მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობის 40 % აცრილია. ვაქცინების უდიდესი ნაწილი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მიიღეს, ხოლო აფრიკას ვაქცინების საერთოდ რაოდენობის მხოლოდ 2,6 % გადაუნაწილდა.

ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს ურჩია, ადგილი დაუთმონ შედარებით ღარიბ სახელმწიოფოებს და ფარმაცევტულმა კომპანიებმა პრიორიტეტულად სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები განიხილონ.

​ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - განაცხადა ბრიუს ეილვარდმა.

წყარო:​ BBC

წაიკითხეთ სრულად