„პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიტანა უკვე კოვიდ-19. ძალიან ბევრი პაციენტი დაგროვდა ასეთი სიმპტომებით. ნამდვილად არ არის ეს გადაჭარბებული. საკმაოდ ბევრი პაციენტი უჩივის კოვიდის გადატანის შემდეგ გულის რიტმის გარკვეულ დარღვევებს. კოვიდს მთელს ორგანიზმზე აქვს გავლენა და ის გულზეც სერიოზულ გავლენებს ახდენს. ზოგ სიტუაციაში კოვიდი იწვევდა გულის კუნთის ანთებას, ზოგ სიტუაციაში იწვევდა თრომბოზების განვითარებას, აქედან გამომდინარე გულის კუნთის შემდგომ დაზიანებას. არის ასევე აღწერილი არაერთი შემთხვევა, როდესაც კოვიდმა გამოიწვია არა უშუალოდ გულის კუნთის დაზიანება, არამედ გულის ნერვების. ყველა ორგანოს აქვს თავისი ნერვები და ნერვული რეგულაცია. ჩვენს გულსაც აქვს ავტონომიური ნერვული რეგულაცია, რომელიც განაპირობებს იმას, თუ როგორ პასუხობს გული კონკრეტულ სიტუაციას. ეს ხორციელდება ნერვების საშუალებით. აღწერილია შემთხვევები ამ ნერვული დაბოლოებების დაზიანების. ეს იწვევს იმას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ გახშირებულია შეუსაბამო სინუსური ტაქიკარდია.
როდესაც სირბილის დროს გული ჩქარდება, ამას ჰქვია სინუსური ტაქიკარდია, რადგან მას აქვს თავისი მიზეზი. ვირბინეთ და აგვიჩქარდა გული.
როდესაც ვნახავთ, რომ კოვიდის შემდეგ ადამიანს აჩქარებული გულისცემა აქვს, არ ნიშნავს, რომ პირდაპირ ეს დიაგნოზი უნდა დავსვათ. ცხადია, ჩასატარებელია კვლევები, რომ სხვა ცნობილი დაავადებები გამოვრიცხოთ, რომელიც გულის რიტმის დარღვევას იწვევს. თუ ვხედავთ, რომ სხვა დაავადებები გამოირიცხა და კლინიკური მიმდინარეობა ჩვენ მიერ ჩამოთვლილ სიმპტომატიკას შეესაბამება, მაშინ ამას უკვე ვარქმევთ ამ სახელს და ვიცით, რომ ეს არის კოვიდის მიერ დატოვებული კუდი,“- მოცემულ საკითხზე გიორგი პაპიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.