Baby Bag

გულის რიტმის აჩქარება კოვიდის გადატანის შემდეგ - კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი გულის რიტმის დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე

გულის რიტმის აჩქარება კოვიდის გადატანის შემდეგ - კარდიოლოგი გიორგი პაპიაშვილი გულის რიტმის დარღვევის გამომწვევ მიზეზებზე

კარდიოლოგმა გიორგი პაპიაშვილმა კოვიდის გადატანის შემდეგ გულის რიტმის აჩქარების პრობლემაზე ისაუბრა და მისი გამომწვევი სავარაუდო მიზეზები დაასახელა:

„პანდემიის ეპოქაში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრმა ადამიანმა გადაიტანა უკვე კოვიდ-19. ძალიან ბევრი პაციენტი დაგროვდა ასეთი სიმპტომებით. ნამდვილად არ არის ეს გადაჭარბებული. საკმაოდ ბევრი პაციენტი უჩივის კოვიდის გადატანის შემდეგ გულის რიტმის გარკვეულ დარღვევებს. კოვიდს მთელს ორგანიზმზე აქვს გავლენა და ის გულზეც სერიოზულ გავლენებს ახდენს. ზოგ სიტუაციაში კოვიდი იწვევდა გულის კუნთის ანთებას, ზოგ სიტუაციაში იწვევდა თრომბოზების განვითარებას, აქედან გამომდინარე გულის კუნთის შემდგომ დაზიანებას. არის ასევე აღწერილი არაერთი შემთხვევა, როდესაც კოვიდმა გამოიწვია არა უშუალოდ გულის კუნთის დაზიანება, არამედ გულის ნერვების. ყველა ორგანოს აქვს თავისი ნერვები და ნერვული რეგულაცია. ჩვენს გულსაც აქვს ავტონომიური ნერვული რეგულაცია, რომელიც განაპირობებს იმას, თუ როგორ პასუხობს გული კონკრეტულ სიტუაციას. ეს ხორციელდება ნერვების საშუალებით. აღწერილია შემთხვევები ამ ნერვული დაბოლოებების დაზიანების. ეს იწვევს იმას, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ გახშირებულია შეუსაბამო სინუსური ტაქიკარდია. 

როდესაც სირბილის დროს გული ჩქარდება, ამას ჰქვია სინუსური ტაქიკარდია, რადგან მას აქვს თავისი მიზეზი. ვირბინეთ და აგვიჩქარდა გული. ძალიან გახშირებულია შეუსაბამო სინუსური ტაქიკარდია, რომელიც არ რის გამოწვეული კონკრეტული გამღიზიანებლით. არც გვირბენია, არც გვინერვიულია, მაგრამ მაინც ძალიან აჩქარებული გვაქვს გული. გვაქვს შემთხვევები, როდესაც ადგომისას, წამოჯდომისას, შეუსაბამოდ უჩქარდება ადამიანს გული. ამ ნერვული დისრეგულაციის მკურნალობის მზა რეცეპტი არ არსებობს. ხშირ შემთხვევაში უბრალო სიმპტომური დახმარება არის ხოლმე საჭირო და დროთა განმავლობაში ორგანიზმი ახდენს ამის დაბალანსებას.

როდესაც ვნახავთ, რომ კოვიდის შემდეგ ადამიანს აჩქარებული გულისცემა აქვს, არ ნიშნავს, რომ პირდაპირ ეს დიაგნოზი უნდა დავსვათ. ცხადია, ჩასატარებელია კვლევები, რომ სხვა ცნობილი დაავადებები გამოვრიცხოთ, რომელიც გულის რიტმის დარღვევას იწვევს. თუ ვხედავთ, რომ სხვა დაავადებები გამოირიცხა და კლინიკური მიმდინარეობა ჩვენ მიერ ჩამოთვლილ სიმპტომატიკას შეესაბამება, მაშინ ამას უკვე ვარქმევთ ამ სახელს და ვიცით, რომ ეს არის კოვიდის მიერ დატოვებული კუდი,“- მოცემულ საკითხზე გიორგი პაპიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

შეიძლება დაინტერესდეთ

„პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

„პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ​ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო პანდემიის დასრულების თარიღმა, შესაძლოა, გადაიწიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა, რომ პანდემიური კრიზისი 2022 წელშიც გაგრძელდება.

ელივარდის თქმით, აფრიკაში პოპულაციის 5 %-ზე ნაკლებია ვაქცინირებული, მაშინ, როდესაც მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობის 40 % აცრილია. ვაქცინების უდიდესი ნაწილი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მიიღეს, ხოლო აფრიკას ვაქცინების საერთოდ რაოდენობის მხოლოდ 2,6 % გადაუნაწილდა.

ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს ურჩია, ადგილი დაუთმონ შედარებით ღარიბ სახელმწიოფოებს და ფარმაცევტულმა კომპანიებმა პრიორიტეტულად სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები განიხილონ.

​ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - განაცხადა ბრიუს ეილვარდმა.

წყარო:​ BBC

წაიკითხეთ სრულად