Baby Bag

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

ვის უფრო ხშირად ურთულდება ვირუსები? - პედიატრ მაია ხერხეულიძის პასუხი

პედიატრმა მაია ხერხეულიძემ ბავშვებში ვირუსების გართულებებისა და ხშირი ავადობის შესახებ ისაუბრა:

„გართულების პროცენტი რომ ავიღოთ ავადობის პროცენტთან შედარებით, ეს არის ძალიან დაბალი. თუ ავიღებთ რისკ-ჯგუფებს, რისკ-ჯგუფი არის, პირველ რიგში, მცირე ასაკის ბავშვები. მცირე ასაკის ბავშვებში ვგულისხმობთ 5 წლამდე ასაკის ბავშვებს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალი რისკია ჩვილებში, წლამდე ასაკში. ჯერ კიდევ კარგად არ არის ჩამოყალიბებული იმუნური სისტემა ამ დროს. ბავშვებს არ აქვთ გადატანილი ეს ინფექციები და ამ ინფექციების საწინააღმდეგო დამცველობითი ნივთიერებები გამომუშავებული არ არის.

მშობლის ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს, როდესაც ბავშვი მიდის ბაღში, ან მიდის სკოლაში ბაღის გარეშე და იწყება მუდმივი ავადმყოფობა, ბავშვი ყოველთვიურად ავად არის. იწყება პანიკა, რომ რაღაც ხდება, რაღაც მძიმე დარღვევა აქვს ბავშვს იმუნური სისტემის. არ არის ასე! უხშირესად ეს არის იმის ბრალი, რომ მან უნდა გადაიტანოს ინფექცია, რომ ინფექციის საწინააღმდეგოდ დაცვა ჩამოყალიბდეს. ჩვენ ყველას ორი გზა გვაქვს, რომ ჩამოვიყალიბოთ დაცვა. ერთი ეს არის აქტიური, რომელიც შეიძლება იყოს ინფექციის გადატანა ან მეორე არის იმუნიზაცია,“- მოცემულ საკითხზე მაია ხერხეულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი? - ,,დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში''

სახე, მკლავი, მეტყველება - როგორ ამოვიცნოთ ინსულტი, რომ გადავარჩინოთ ადამიანი - თემაზე გადაცემაში ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია'' ნევროლოგი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე საუბრობს. 

მისი თქმით, თუ ადამიანს ეცვლება სახე, ვერ იმორჩილებს მკლავს, ვერ საუბრობს - დრო გადამწყვეტია, მაშინვე უნდა დარეკოთ სასწრაფოში:

„ჩვენ ყოველთვის უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად ვიმოქმედოთ. იმისათვის, რომ სწრაფად ვიმოქმედოთ, ცხადია, დროულად უნდა ამოვიცნოთ ინსულტი და სწორედ, ამერიკაში შექმნილი აბრევიატურა FAST (face, arms, speech, time) გულისხმობს ინსულტის განვითარების ნიშნებს - ადამიანს ეცვლება სახე, მკლავს ვერ იმორჩილებს, ვერ საუბრობს და მეოთხე საწყისი ამ სიტყვისა(დრო) გახლავთ გადამწყვეტი. ოჯახის წევრმა, ქუჩაში გამვლელმა, კოლეგამ მაშინვე უნდა დარეკოს სასწრაფოში და პაციენტი დაუყოვნებლივ იყოს გადაყვანილი კლინიკაში, სადაც სიტუაციას მართავენ თანამედროვე სტანდარტების მიხედვით. გაიდლაინებში, სასწრაფო დახმარების ექიმის დრო მნიშვნელოვნად შემჭიდროებულია, თუ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ადგილზე მკურნალობის დაწყებაც არ არის რეკომენდებული.  თითოეული წუთი დაკავშირებულია რამდენიმე მილიონ ტვინის უჯრედის ფუნქციონირების გადარჩენასთან,'' - აღნიშნა ალექსანდრე ცისკარიძემ.

წყარო: ,,პირადი ექიმი - მარი მალაზონია''

წაიკითხეთ სრულად