Baby Bag

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ბავშვების სეზონური ვირუსებით ავადობის შესახებ ისაუბრა:

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა. ცხვირიდან გამონადენი და სურდო, რა თქმა უნდა, ნაკლები რისკის შემცველია. ამის უკან ძალიან ხშირად დგას ან ძველი კორონავირუსი, ან რინოვირუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაციებულია, მაგრამ სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ნუ გაუშვებთ გაციებულ ბავშვს საბავშვო ბაღში, სკოლაში. ის სხვებისთვის რისკის შემცველია. აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. რჩევა გვაქვს, რომ ამ დროს ბავშვს დამატებით მისცეთ სითხე, ჩაი, რძე, მინერალური წყალი. სითხის დამატებით მიცემა და ტემპერატურის კონტროლი არის ბავშვის მოვლის აუცილებელი ნაწილი.

ბავშვის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ვუვლით თუ არა სწორად მას, გვაქვს თუ არა ფანჯრები ღია, ვანიავებთ თუ არა ოთახს, ვასუფთავებთ თუ არა მის გარშემო საგნებს სველი წესით. რინოვირუსის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ვეცადოთ ბავშვის იზოლირებას. ნუ შევუზღუდავთ მას მოძრაობას, უბრალოდ შეზღუდვა გვაქვს კონტაქტების. ნუ გავუშვებთ ბავშვს ბაღში. შეიძლება ერთი ბავშვისთვის ვირუსი აღმოჩნდეს მსუბუქი და მეორე ბავშვს გაურთულდეს. ბავშვი ბინის პირობებში უნდა იყოს იზოლირებული.

ვერცერთი ბავშვი ვერ გაიზრდება რესპირაციული ვირუსების გადატანის გარეშე. ეს წარმოუდგენელია. ჩვენთვის მთავარია არა ავადობის სიხშირე, არამედ მისი სირთულე. წლის განმავლობაში 10 გაციება ნორმალურია. ნუ თვლით გაციების ეპიზოდებს. ნუ ჩათვლით, რომ ეს ბავშვის სუსტი იმუნური პასუხის მიმანიშნებელია, სრულებითაც არა!“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ „ერთსულოვნების დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

„დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა და კომფორტულადაა, ეს გადადის ბავშვზეც,“ - ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ ბავშვის ცხოვრების პირველ თვეებსა და წლებში დედასთან ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„პირველ წლებს და პირველ თვეებს დედა ბავშვს სჭირდება ფიზიკურად, რომ ის ბიოლოგიური კავშირი, რაც მუცლადყოფნის პერიოდიდან მოჰყვება, შენარჩუნებული იყოს, მშვიდად იყოს ბავშვი, დაცულად იგრძნოს თავი. დედის ემოციური მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში. დედა თუ მშვიდად არის, თუ ზრუნვის ქვეშაა, დაცულად გრძნობს თავს და კომფორტულად არის ზოგადად, ეს გადადის ბავშვზეც.“

„დედა, რომელიც მთელი დღე გასულია, დილიდან გასული გადაღლილი ხუთზე-ექვსზე შემოვა თვეების ბავშვთან, მე არ ვიცი, ან რა ენერგია უნდა ჰქონდეს, ან რა ემოციური რესურსები და უნარები, რომ ბავშვს მისცეს ყველაფერი, რაც თვეების ბავშვს სჭირდება, ჩემთვის წარმოუდგენელია,“- აღნიშნულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

წაიკითხეთ სრულად