Baby Bag

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ბავშვების სეზონური ვირუსებით ავადობის შესახებ ისაუბრა:

„დამოკიდებულება „გაცივდა და მორჩა“ აბსოლუტურად სწორია, თუ მას არ ახლავს ტემპერატურა. ცხვირიდან გამონადენი და სურდო, რა თქმა უნდა, ნაკლები რისკის შემცველია. ამის უკან ძალიან ხშირად დგას ან ძველი კორონავირუსი, ან რინოვირუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაციებულია, მაგრამ სხვებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ნუ გაუშვებთ გაციებულ ბავშვს საბავშვო ბაღში, სკოლაში. ის სხვებისთვის რისკის შემცველია. აუცილებელია ტემპერატურის კონტროლი. რჩევა გვაქვს, რომ ამ დროს ბავშვს დამატებით მისცეთ სითხე, ჩაი, რძე, მინერალური წყალი. სითხის დამატებით მიცემა და ტემპერატურის კონტროლი არის ბავშვის მოვლის აუცილებელი ნაწილი.

ბავშვის გამოჯანმრთელების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია, ვუვლით თუ არა სწორად მას, გვაქვს თუ არა ფანჯრები ღია, ვანიავებთ თუ არა ოთახს, ვასუფთავებთ თუ არა მის გარშემო საგნებს სველი წესით. რინოვირუსის დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ვეცადოთ ბავშვის იზოლირებას. ნუ შევუზღუდავთ მას მოძრაობას, უბრალოდ შეზღუდვა გვაქვს კონტაქტების. ნუ გავუშვებთ ბავშვს ბაღში. შეიძლება ერთი ბავშვისთვის ვირუსი აღმოჩნდეს მსუბუქი და მეორე ბავშვს გაურთულდეს. ბავშვი ბინის პირობებში უნდა იყოს იზოლირებული.

ვერცერთი ბავშვი ვერ გაიზრდება რესპირაციული ვირუსების გადატანის გარეშე. ეს წარმოუდგენელია. ჩვენთვის მთავარია არა ავადობის სიხშირე, არამედ მისი სირთულე. წლის განმავლობაში 10 გაციება ნორმალურია. ნუ თვლით გაციების ეპიზოდებს. ნუ ჩათვლით, რომ ეს ბავშვის სუსტი იმუნური პასუხის მიმანიშნებელია, სრულებითაც არა!“- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

წყარო:​ „ერთსულოვნების დილა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​კეტოგენური დიეტა - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი დიეტის მოდელი

​კეტოგენური დიეტა - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი დიეტის მოდელი

ნუტრიციოლოგმა მარი მალაზონიამ კეტოგენური დიეტაზე ისაუბრა. როგორ მან აღნიშნა, ეს დიეტა ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა:

„კეტოგენური დიეტა - ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი დიეტის მოდელი, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო, რადგან ექიმთა დიდი ნაწილი ეთანხმება იმას, რომ პირველად ეს კლინიკის პირობებში უნდა მოისინჯოს. კეტოგენური დიეტის დროს ორგანიზმში მჟავატუტოვანი წონასწორობა და ბევრი პროცესი მკვეთრად იცვლება. მაგრამ, ვნახოთ, რატომ არის სასიკეთო ზოგიერთ შემთხვევაში ეს დიეტა. მაგალითად, ვაშლი და შაქარი რომ შევადაროთ. ვამარაგებთ ნახშირწყლით ჩვენს ორგანიზმს, როგორც ენერგიის მთავარი წყაროთი, აქედან ჩვენი ორგანიზმი საწვავის სახით იღებს გლუკოზას და შემდეგ გლუკოზის გამოყენება საწვავად შეუძლია ყველა უჯრედს. ანუ ჩვენი სხეულის ყველა უჯრედს და განსაკუთრებით, ტვინს, საწვავის სახით აქვს გლუკოზა.

მაგრამ რა ხდება კეტოგენური დიეტის დროს, როდესაც 70% ცხიმს ვაძლევთ, 20% ცილას და სულ რაღაც 10% ნახშირწყალს? ასეთ შემთხვევაში ორგანიზმს ნახშირწყალი ენერგიისთვის აღარ ჰყოფნის და ის უკვე ცხიმს იყენებს ენერგიის წყაროდ. ცხიმი ენერგიის წყაროდ ნიშნავს იმას, რომ თუ გლუკოზას ყველა უჯრედი კითხულობს და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ძალიან უყვარს თურმე სიმსივნურ უჯრედებს გლუკოზა და ძალიან კარგად იყენებს საკუთარი განვითარებისა და ზრდისთვის, კეტოსხეულებს, რომლებსაც ცხიმი გვაძლევს, ვეღარ იყენებს საკმარისად, როგორც საწვავად. ანუ რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ეფექტური კეტოგენური დიეტა ონკოლოგიური დაავადების დროს, ხაზს გავუსვამ - იმ ონკოლოგიური დაავადების დროს, სადაც სიმსივნური უჯრედები ენერგიის წყაროდ ვერ გამოიყენებს კეტოსხეულებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს კანონზომიერება შეიძლება დაირღვეს. ამიტომ კეტოგენური დიეტა უნივერსალური არ არის და ამით მე ვპასუხობ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელთაც ამ დიეტის სიკეთეზე და ონკოლოგიურ დაავადებასთან კავშირზე მოისმინეს ინფორმაცია და გადაწყვიტეს, რომ თვითნებურად დაიცვან. გარწმუნებთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს ასე არ არის და საკითხი ინდივიდუალურად უნდა გადაწყდეს,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარი მალაზონიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წაიკითხეთ სრულად