Baby Bag

რომელი საკვები უყვარს ღვიძლს და რომელი პროდუქტებია მისთვის საზიანო? - ჰეპატოლოგი მაკა სვანიძე

რომელი საკვები უყვარს ღვიძლს და რომელი პროდუქტებია მისთვის საზიანო? - ჰეპატოლოგი მაკა სვანიძე

ჰეპატოლოგმა მაკა სვანიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ღვიძლისთვის მავნე და სასარგებლო პროდუქტები დაასახელა:

„ზომიერების ფარგლებში ალკოჰოლიც დასაშვებია და ცხიმიანი საკვებიც, მაგრამ აუცილებელია, რომ ადამიანმა იცოდეს მისი ღვიძლის მდგომარეობა. თუ მან იცის, რომ დაზიანებული აქვს ღვიძლი, შეიძლება საერთოდ აიკრძალოს ალკოჰოლის მიღება. მნიშვნელოვანია ღვიძლის გაცხიმოვნების ხარისხიც. დღეს ღვიძლის გადანერგვების  ყველაზე მეტი რაოდენობა ჰეპატიტებით გამოწვეული დაზიანების შემდეგ ღვიძლის გაცხიმოვნებაზე მოდის. ყავა არის ერთ-ერთი ძალიან სასარგებლო სასმელი ღვიძლისთვის. ამას გაღრმავებული კვლევები სჭირდება. თუმცა, ჩატარებულია კვლევები და არის პუბლიკაციები ყავის დიდ სარგებელზე. ყავას აქვს ძალიან კარგი ანტიოქსიდაციური მოქმედება, რის ხარჯზეც ის ეხმარება ღვიძლში მიმდინარე ანთებითი პროცესების წინააღმდეგ. ჩაიც ასევე ანტიოქსიდანტია ძალიან კარგი. არის გარკვეული ხილი და ბოსტნეული, რომელსაც აქვს ასეთი მოქმედება, მაგალითად გრეიფრუტს, მოცვს, კომბოსტოს, შვრიას, ხორბალს, ბურღულეულს. არის პუბლიკაციები, რომლებიც ადასტურებს ღვიძლზე მათ კარგ მოქმედებას.

თუ ღვიძლი ჯანმრთელია, მაშინ ალკოჰოლს აიტანს, მაგრამ ალკოჰოლი ღვიძლისთვის კარგი არ არის. ღვიძლისთვის მავნეა თამბაქოც. ადამიანმა შეიძლება კვებით მიიყვანოს ღვიძლი გაცხიმოვნებამდე. ეს არასწორი კვების შედეგია. ჭარბი ცხიმების გადამუშავება ვერ ხდება ღვიძლის მიერ, შედეგად ცხიმი ჩალაგდება ღვიძლის უჯრედებში, რაც იწვევს ანთებებს, ფიბროზს და შეიძლება ციროზიც გამოიწვიოს,“- აღნიშნა მაკა სვანიძემ.

წყარო:​ „სხვა შუადღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად