Baby Bag

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

„ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ამის გამო არ შივდებათ,“- ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა უმადობის გამომწვევ მიზეზებზე

ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ ბავშვების უმადობის ერთ-ერთი სავარაუდო მიზეზი დაასახელა და აღნიშნა, რომ ბავშვები ფიზიკურად ნაკლებად იტვირთებიან:

„ბავშვებს პირადი მაგალითიც უნდა ვუჩვენოთ. თუ ბავშვი ხედავს, რომ მშობელი კარტოფილის, მაკარონის, ხაჭაპურის მეტს არაფერს არ მიირთმევს, ნაკლები ალბათობაა, რომ თვითონ სხვა პროდუქტები გასინჯოს. ჩემი დაკვირვებებით, დღეს და უკვე ათწლეულებია ასეა, რომ ბავშვები ძალიან ცოტას მოძრაობენ და ცოტას რომ მოძრაობენ არ შივდებათ. აბა რეალურად ფიზიკურად დაღლილი, მოქანცული, ნარბენი ბავშვი მოვიდეს, ის ყველაფერს გადასანსლავს. თუ ყველაფერს არა, ბევრ რამეს გასინჯავს. მეტი ალბათობაა, რომ იგივე ტოლმა შეჭამოს ან სხვა რამე.

ძალიან ბევრი რამ დამოკიდებულია ბავშვის ასაკსა და წონაზე. ჩემი დაკვირვებებით, ბავშვები უფრო ხშირად ეტანებიან პურს. მათ უყვართ პური, იმიტომ, რომ ის ნახშირწყალია, ტკბილია. ის, რომ ბავშვი არ ჭამს პურს, ეს უფრო მეტად არის მშობლისა და ბებია-ბაბუის ახირება. ერთი პურის ნაჭერი იმდენ კალორიას შეიცავს, რომ ჰყოფნით ბავშვებს. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია ცელიაკია. ცელიაკია ეს არის ხორბლის, ჭვავის, ქერისა და შვრიის აუტანლობა. მადაც ეკარგება აქ ბავშვს და თუ ჭამს, არ ერგება, ვერ იმატებს წონაში და არის გამხდარი,“- მოცემულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

​„შესაძლოა, სწრაფი სიკვდილი განვითარდეს“ - რას გულისხმობს ციროზებისა და კუჭის კიბოების დროს სისხლდენების ემბოლიზაცია?

​„შესაძლოა, სწრაფი სიკვდილი განვითარდეს“ - რას გულისხმობს ციროზებისა და კუჭის კიბოების დროს სისხლდენების ემბოლიზაცია?

„სისხლის მცირე რაოდენობით დაკარგვა ანემიასა და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს იწვევს, დროის მცირე მონაკვეთში დიდი დანაკარგისას, შესაძლოა, სწრაფი სიკვდილი განვითარდეს“ - როგორ აჩერებენ სისხლდენას ციროზებისა და კუჭის კიბოების დროს?

​MOMSEDU.GE-ს კითხვებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი, თსსუ-ის პროფესორი მალხაზ მიზანდარი პასუხობს:

- რას ნიშნავს სისხლდენა ციროზებისა და კუჭის კიბოების დროს და რა სიმპტომები ახასიათებს?

მალხაზ მიზანდარი: „ციროზის დროს სისხლდენა საყლაპავის ვენებიდან ხდება. კარის ვენის სისტემა ღვიძლს სისხლით ამარაგებს, ციროზის დროს ხდება მთელი ღვიძლის ქსოვილის გამკვრივება და გაუხეშება, რის გამოც კარის ვენით სისხლის შედინება ღვიძლში მკვეთრად ფერხდება და ხდება წნევის მომატება ამ სისხლძარღვის სისტემაში. ორგანიზმი ეძებს შემოვლით გზებს ამ შეფერხების დაძლევისათვის და შემოვლითი გზებიდან ერთ-ერთია საყლაპავის ვენები. საქმე იმაშია, რომ საყლაპავის ვენები დაკავშირებულია კუჭის ვენებთან, საიდანაც ჩვეულებრივ, სისხლი კარის ვენაში უნდა მიდიოდეს, მაგრამ ამ სისტემაში წნევის მატება იწვევს რევერსულ დენას, ანუ პირიქით - კარის ვენიდან კუჭის ვენების გავლით საყლაპავის ვენებში, რაც ამ სისტემის გადაბერვას იწვევს, რაც საყლაპავის ვენების სუსტი კედლების გამო ადვილად იწვევს ძლიერ სისხლდენას. მით უმეტეს, რომ ადამიანები უხეშ საკვებს ხშირად მივირთმევთ.

კუჭის კიბოს დროს ხდება სიმსივნური პროცესის მიერ არტერიის კედლების დაზიანება, რაც ამ მაღალი წნევის სისხლძარღვიდან შესაძლოა მნიშვნელოვანი სისხლდენის საწინდარი გახდეს.

რაც შეეხება სისხლდენის სიმპტომებს, ეს დამოკიდებულია ამ პრობლემის ინტენსივობაზე. ქრონიკული მცირე დანაკარგის შემთხვევაში ეს პათოლოგია შესაძლოა შეუმჩნევლად მიმდინარეობდეს; კლინიკურად საბოლოოდ გამოიხატება სისუსტით, ოფლიანობით, ვლინდება ანემია (ჰემოგლობინის დაცემა) თუკი სისხლდენა ძლიერია (შესაძლოა როგორც ციროზის, ასევე სიმსივნეების დროს) ასეთ შემთხვევებში ვითარდება უეცარი სისუსტე და კოლაფსი (არტერიული წნევის სწრაფი დაცემა), აღინიშნება აგრეთვე მელენა (შავი განავალი) ან სისხლიანი ღებინება.“

- ვის შეიძლება აწუხებდეს სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან?

მალხაზ მიზანდარი: „სისხლდენის მაღალი რისკი აქვს პაციენტს, რომელსაც აქვს ციროზი - კარის ვენაში იზრდება წნევა, ამ დროს აუცილებელია ენდოსკოპია, რათა საყლაპავი ვენების გაფართოების ხარისხი განისაზღვროს.

ასევე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმსივნის მქონე პაციენტი, რადგან ასეთ დროს შესაძლებელია სიმსივნის პენეტრაცია (ღრმად ჩაზრდა) კუჭის ან ნაწლავის კედელში და თუკი იქვეა მაგისტრალური სისხლძარღვი, ხდება მისი სანათურის მთლიანობის დარღვევა და დაკავშირება ნაწლავის სანათურთან.“

- როგორ ხდება სისხლდენების შეჩერება?

მალხაზ მიზანდარი: „როდესაც ციროზის დროს საყლაპავ მილზეა საუბარი, პირველ რიგში, ენდოსკოპიით ჩადიან და ლიგირებას აკეთებენ; სამწუხაროდ, შესაძლოა ლიგირების ერთი და ან რამდენიმე პროცედურის შემდეგ პრობლემა განახლდეს და ასეთ შემთხვევაში შესაძლოა საყლაპავის დიდი მონაკვეთზე ერთდროული მექანიკური ზეწოლით, დიდი ზომის სპეციალური გასაბერი ზონდის (ბლეკმორის ზონდი) გამოყენება სისხლდენის სწრაფი, მაგრამ დროებითი კუპირებისათვის - ამგვარი ზონდი შესაძლოა მოთავსდეს სისხლმდენ არეში, გაიბეროს და დარჩეს იქ მხოლოდ რამდენიმე საათით. ამ შემთხვევაში ეფექტური გზა ემბოლიზაციაა.“

- რა არის ემბოლიზაცია?

მალხაზ მიზანდარი: „ემბოლიზაცია მკვებავი სისხლძარღვის დახშობის პროცედურაა. ის ხორციელდება კათეტერიზაციის ლაბორატორიაში, რენტგენოლოგიური დანადგარის - ანგიოგრაფის გამოყენებით. ამ დროს უოპერაციოდ, კანგავლითი ჩხვლეტით ხდება არტერიულ თუ ვენურ სისტემის პერიფერიულ სეგმენტში შესვლა, რის შემდეგაც სპეციალური კათეტერების საშუალებით შეგვიძლია, მოვხვდეთ დაზიანებულ სისხლძარღვში და შევწყვიტოთ მასში სისხლის მიწოდება მისი დახშობის საშუალებით.

ციროზის დროს კარის ვენის ერთ-ერთ ტოტში შეგვყავს კათეტერი, საიდანაც ვხდებით კუჭის მარცხენა ვენაში (რომელიც უშუალოდ იწვევს საყლაპავის ვენების გადაბერვას) და მასში შეგვყავს მეტალის მარყუჟები („კოილები“), რაც უზრუნველყოფს საყლაპავის ვენების სისტემაში წნევის მკვეთრ დაცემას და სისხლდენის კუპირებას.

კუჭის კიბოთი გამოწვეული სისხლდენისას არტერიული ემბოლიზაციას ვახორციელებთ პერიფერიული არტერიიდან (ბარძაყის ან სხივის არტერია) მიდგომით, რა დროსაც მიკრო კათეტერით შევდივართ კუჭის მკვებავ არტერიაში და ამ მიკრო კათეტერის საშუალებით ვაყენებთ მიკრო კოილებს, რომლებიც საიმედოდ ახშობს სისხლის ნაკადს.“

საგულისხმოა, რომ სისხლდენის პიკზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევა ხშირად სიკვდილით მთავრდება; ამდენად, ემბოლიზაცია ასტაბილურებს პაციენტის მდგომარეობას და ქირურგებს პირველადი კერის მოსაცილებლად მოსამზადებელ დროს აძლევს.

R.

წაიკითხეთ სრულად