Baby Bag

რამდენ წელიწადში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილს უნაყოფობის პრობლემა აქვს?- მეან-გინეკოლოგი თეა ჩარკვიანი

რამდენ წელიწადში შეგვიძლია ვთქვათ, რომ წყვილს უნაყოფობის პრობლემა აქვს?- მეან-გინეკოლოგი თეა ჩარკვიანი

მეან-გინეკოლოგმა თეა ჩარკვიანმა უშვილობის პრობლემაზე ისაუბრა და განმარტა, რა შემთხვევაში ითვლება, რომ წყვილი უნაყოფოა:

„როგორია უნაყოფობის დეფიცინია? როდესაც დაუცველი სქესობრივი კონტაქტის თავის არიდების გარეშე არ დგება ორსულობა ერთ წელიწადში, ვამბობთ, რომ არის უნაყოფობა. 35 წლიდან და ზემოთ უკვე 6 თვის შემდეგაც კრიტიკულია. საუბარი გვაქვს რეგულარულ სექსუალურ ცხოვრებაზე. ამ დროს წყვილმა უკვე უნდა მიმართოს ექიმს.

აუცილებლად ტარდება კვლევები. დასადგენია, რა არის უნაყოფობის მიზეზი. კვლევების ჩატარების შემდეგ მათზე მორგებული ინდივიდუალურად განპირობებული სქემით უნდა წავიდეთ და მკურნალობის გარკვეული ეტაპი უნდა შევთავაზოთ. იმისთვის, რომ ორსულობა დადგეს, მილები გამტარი უნდა იყოს, სპერმა კარგი უნდა იყოს. კარგად შეკრებილი ანამნეზი უკვე ნახევარი მკურნალობაა. ჩვენ მედიკოსები ვართ და ეს ყველამ ვიცით. ანამნეზი შეიძლება ვიღაცისთვის დამატებითი კვლევების საჭიროება გახდეს. დაიგეგმება, რა სჭირდება წყვილს,“ - მოცემულ საკითხზე თეა ჩარკვიანმა „TV პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო:​ „ოჯახის ექიმი“

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვებში ბრაზის მართვის 8 ეფექტიანი მეთოდი

ბავშვებში ბრაზის მართვის 8 ეფექტიანი მეთოდი

მშობლებს ძალიან აფრთხობთ ბავშვებში აგრესიული ქცევის გამოვლინებები: ყვირილი, ფიზიკური ძალადობისკენ მიდრეკილება და უხეშობა. ზოგიერთი ბავშვი ძალიან მარტივად ღიზიანდება და აგრესიისკენ აშკარა მიდრეკილებას ავლენს. ჩვენს სტატიაში ბავშვებში ბრაზის მართვისთვის საჭირო რეკომენდაციებს გაგაცნობთ, რომელიც თქვენი შვილის აგრესიულ ქცევებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

  • 1.ბავშვს ემოციებზე ხშირად ესაუბრეთ

ბავშვს, პირველ რიგში, გრძნობებისა და ემოციების შესახებ უნდა მიაწოდოთ ინფორმაცია. ბავშვების ბრაზის გამომწვევი მიზეზი ხშირად საკუთარი გრძნობების და განცდების ამოცნობის უუნარობაა. შესაძლოა, ბავშვის ბრაზი თქვენი ყურადღების მიქცევის სტრატეგია იყოს. თუ ბავშვს თავის ემოციებზე ხშირად გაესაუბრებით, ის მათ სახელდებას და ამოცნობას უკეთ შეძლებს.

  • 2.ბავშვს დამშვიდების შესაძლებლობა მიეცით

გაღიზიანებულ ბავშვთან ურთიერთობისას შესვენების აღება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვი ბრაზობს, მასთან საუბარი პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს. მოერიდეთ ბავშვთან კამათს და მის დამოძღვრას, როდესაც თქვენი შვილი გაღიზიანებულია. ვიდრე პრობლემის მოგვარებას გადაწყვეტთ, ბავშვს დამშვიდების შესაძლებლობა მიეცით. ბრაზი ბავშვს აშინებს. თუ ატყობთ, რომ ბავშვს ეშინია, მასთან იყავით და თანადგომა გამოუცხადეთ.

  • 3.ბავშვთან გადაჭარბებულ საუბარს მოერიდეთ

ბავშვთან საუბრის დაწყებამდე, დაელოდეთ, რომ ის დამშვიდდეს. გაბრაზებულ ბავშვს ინფორმაციის გადამუშავება ძალიან უჭირს. ბავშვთან საუბრისას მშვიდი ტონი შეინარჩუნეთ და რაც შეიძლება ცოტა ისაუბრეთ. გამოიყენეთ მოკლე წინადადებები და ერთი და იგივე ფრაზა ხშირად გაიმეორეთ. გამეორება ბავშვს თქვენი ნათქვამის უკეთ გაგებაში დაეხმარება.

  • 4.შეიმუშავეთ ბავშვის დამშვიდების გეგმა

ბავშვს ასწავლეთ, როგორი რეაქცია უნდა ჰქონდეს, როდესაც რამეზე ბრაზობს ან ფრუსტრაციას განიცდის. ბრაზის პოზიტიური განცდებით ჩანაცვლება ბავშვს დამშვიდებაში დაეხმარება. შესაძლოა, ბავშვს სპეციალური დასამშვიდებელი კუთხე ან ოთახი მოუწყოთ. ბავშვი გააფრთხილეთ, რომ მას აღნიშნულ კუთხეში თავის დამშვიდება შეუძლია, როდესაც გრძნობს, რომ ბრაზდება. ბავშვის დამშვიდებისთვის იდეალურია საყვარელი თოჯინით თამაში, მისთვის მოსაწონი წიგნის დათვალიერება.

  • 5.გამოიყენეთ რელაქსაციის სპეციალური ტექნიკები

გონების განტვირთვა ბრაზისგან გათავისუფლებისთვის იდეალური საშუალებაა. ბრაზის მენეჯმენტისთვის სპეციალური ტექნიკების შესწავლა ძალიან ეფექტიანია. ბავშვს რელაქსაციისთვის სპეციალური ფრაზების, სიტყვების სწავლება შეგიძლიათ, რომლებიც მას ყურადღებას გადაატანინებს. მცირეწლოვან ბავშვებს განსაკუთრებით ამშვიდებს საყვარელი მუსიკის მოსმენა ან საინტერესო წიგნის დათვალიერება. შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებისთვის კი კარგია მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები და სეირნობა.

  • 6. არ მისცეთ ბავშვს საშუალება, რომ ტანტრუმით საწადელს მიაღწიოს

ბავშვები მარტივად აცნობიერებენ, რომ ტანტრუმის წყალობით მშობლების ყურადღების მიქცევას ახერხებენ. თუ ბავშვი ამას შეამჩნევს, ტანტრუმი მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება. ბავშვს ასწავლეთ, რომ ის აგრესიით ვერასდროს მიიღებს იმას, რაც სურს.

  • 7.ისწავლეთ ემპათიის გამოხატვა

თუ ბავშვი გაბრაზებულია, დაეხმარეთ მას, რომ სიბრაზის მიზეზებზე ღიად ისაუბროს. გაამხნევეთ თქვენი შვილი. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ თქვენთვის მისი განცდები მნიშვნელოვანია, ეს მას ძალიან დაეხმარება. ბავშვები ძალიან ბრაზობენ, როდესაც ხედავენ, რომ მათი გრძნობები მნიშვნელოვანი არ არის გარშემომყოფთათვის.

  • 8.შეაქეთ ბავშვი კარგი ქცევისთვის

ბავშვებს ყურადღება ძალიან სჭირდებათ. თქვენი შვილის კარგი ქცევა ყოველთვის უნდა შეამჩნიოთ და აღიაროთ კიდეც. თუ ბავშვს კარგი ქცევისთვის ხშირად შეაქებთ, ის ეცდება, რომ მსგავსი ქცევა ხშირად გაიმეოროს. მთავარია, რომ ქებაში არ გადააჭარბოთ, რადგან ეს ბავშვს კრიტიკასდმი ზედმეტად მგრძნობიარეს გახდის და მას შენიშვნის მიღება გაუჭირდება. შექება აუცილებლად დააბალანსეთ შენიშვნით, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა.

მომზადებულია ​moms.com - ის მიხედვით

წაიკითხეთ სრულად