Baby Bag

მშობლები ბავშვებში უცნაური გამოყანარის გამო ღელავენ - რა არის კოქსაკის ვირუსი?

მშობლები ბავშვებში უცნაური გამოყანარის გამო ღელავენ - რა არის კოქსაკის ვირუსი?

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში კოქსაკის ვირუსის გავრცელების შესახებ ისაუბრა და მისი დამახასიათებელი ნიშნები დაასახელა:

„კოქსაკის ვირუსი პირველად აღმოაჩინეს ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ კოქსაკში. ის ენტეროვირუსების ერთ-ერთი სახეა. ძირითადად ეს არის 5 წლამდე ასაკის დაავადება. გადაცემის მექანიზმი არის ფეკალურ-ორალური. როდესაც ბავშვები ეზოებში ქვიშაში თამაშობენ, ეს ქვიშა არის დაბინძურებული. ყველაზე ხშირი მიზეზი მსგავსი ინფექციების არის ეს. მას ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი.

კოქსაკის ვირუსს ასე მარტივად არ უნდა შევხედოთ. მას ახასიათებს უსიმპტომო მიმდინარეობიდან დაწყებული გართულებები მენინგოენცეფალიტამდე, მენინგიტამდე და ა.შ. საბოლოო გამოსავალი ნებისმიერი კოქსაკის ფორმას აქვს კეთილსაიმედო.

ძირითადად პაციენტი გადამდებია უსიმპტომოდ მიმდინარეობისას. დაავადების მიმდინარეობისას ინკუბაციის პერიოდი შეიძლება იყოს 3-დან 6 დღემდე ან უფრო მეტიც. ძირითადი ნიშანი არის ცხელება, ბუშტუკოვანი გამოყანარი პირის ღრუში, ტუჩების ირგვლივ, ხელისა და ფეხის გულებზე. შეიძლება იყოს ყელის ტკივილი, ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. პირველ რიგში, მშობლებმა უნდა მიმართონ პედიატრს, რომ მოხდეს დიფერენცირება ჩუტყვავილასგან, ხომ არ არის მენინგიალური გამოვლინებები,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება,“- პედიატრი რუსუდან ჯაში

პედიატრმა რუსუდან ჯაშმა მშობლებს მოუწოდა, არასდროს დატოვონ ბავშვები ან ხანდაზმულები გაჩერებულ მანქანაში:

„მინდა, გაითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც ძალიან ხშირია. როდესაც მშობლებს მიჰყავთ ბავშვები და ერთად მიდიან მანქანით სადღაც, მაღაზიასთან ან სხვა დაწესებულებასთან გააჩერებენ და მანქანაში ტოვებენ ბავშვებს ან თუნდაც ხანდაზმულებს. ეს არის კატასტროფულად საშიში მდგომარეობა. გამორთულ, გაჩერებულ მანქანაში ტემპერატურა ორჯერ უფრო მატულობს და ხანდაზმულებისთვის სასიცოცხლოდ საშიშია მანქანაში დატოვება. სულ ერთია, ფანჯარა ღიაა თუ დახურული. ღია ფანჯარა უარესია კიდევ.

გაჩერებულ მანქანაში არც ბავშვის, არც ხანდაზმულის დატოვება არ შეიძლება, უმჯობესია გადაიყვანოთ. ჩვენთან უკვე ყველა მაღაზია კონდიცირებულია. იქ უფრო გაგრილდება ბავშვი და უფრო ნორმალურად იგრძნობს თავს, ვიდრე მანქანაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას და პირიქით, ჰგონია, რომ უკეთესია ეს მათთვის, ვინც დატოვა მანქანაში, არ შეაწუხა და არ გადაიყვანა. მანქანაში არ დატოვოთ არავინ. ძალიან საშიშია გაჩერებულ მანქანაში სიცხის დროს ყოფნა,“- მოცემულ საკითხზე რუსუდან ჯაშმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად