Baby Bag

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„ღიმილი ნამდვილად აჯანსაღებს: ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ადამიანის ჯანმრთელობაზე ღიმილის დადებითი ზეგავლენის შესახებ ისაუბრა:

„ნახევარი წლიდან უკვე იწყება მიზანმიმართული ღიმილი, თუმცა ღიმილი სულ არსებობს. ეს არის სოციალური ურთიერთობის უნიკალური საშუალება. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს არანაირ ენას, არანაირ რასას, არანაირ რელიგიურ აღმსარებლობას, ღიმილი ყველგან უნივერსალურია. თითოეულ ჩვენს რეაქციას თავისი ნეიროფიზიოლოგიური საფუძველი აქვს. ეს ყველაფერი ტვინში მიმდინარე პროცესებია.

ღიმილი ჩვენი სახის მიმიკური კუნთების სხვადასხვა ინტენსივობით შეკუმშვაა. ყველა კუნთი არ იკუმშება, ზოგიერთი ეშვება კიდეც. პირის მარჯვნივ-მარცხნივ გვაქვს ძაფისებრი კუნთი, რომელსაც ღიმილის კუნთი ჰქვია. შუბლის ცენტრალურად ცხვირის ფუძესთან არის სიამაყის კუნთი. ეს ყველაფერი გახლავთ იმ ემოციების გამოხატვა, რისი რეალიზაციაც ხდება მიმიკური კუნთებით და რისი საფუძველიც ტვინში მიმდინარეობს. ღიმილის რეალიზაცია ხდება თავის ტვინში სეროტონინის, ოქსიტოცინის, კორტიზოლის გამოყოფით. ეს სამივე გახლავთ ჩვენი სიამოვნების, დაჯილდოვების, კარგი ხასიათის ხელშემწყობი.

ის, რომ ღიმილი აჯანსაღებს, ეს ნამდვილად ასეა. ჰორმონების აქტიური მოქმედებით იმუნური სისტემა ძლიერდება, ძლიერდება უამრავი სისტემის მუშაობა, მათ შორის კუჭ-ნაწლავის,“ - მოცემულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის კოდი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის კოდი“

შეიძლება დაინტერესდეთ

​შესაძლებელია თუ არა მეძუძური დედის კვებამ გამოიწვიოს ყაბზობა ჩვილებში? - თემაზე ექიმი-ნეონატოლოგი თინათინ ქურდაძე საუბრობს

​შესაძლებელია თუ არა მეძუძური დედის კვებამ გამოიწვიოს ყაბზობა ჩვილებში? - თემაზე ექიმი-ნეონატოლოგი თინათინ ქურდაძე საუბრობს

შესაძლებელია თუ არა მეძუძური დედის კვებამ გამოიწვიოს ყაბზობა ჩვილებში? -  თემაზე MomsEdu.ge-ს ექიმი-ნეონატოლოგი თინათინ ქურდაძე ესაუბრა.

- სტატისტიკურად რამდენად ხშირია ყაბზობა ჩვილებში?

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებს შორის, ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში, დაახლოებით 20-30%-ში გვხვდება ყაბზობა.

- რა იწვევს ჩვილებში ყაბზობას?

ჩვილებში ყაბზობა უფრო იმით განისაზღვრება, როგორ გამოიყურება დეფეკატი, ვიდრე რამდენად ხშირია ნაწლავთა მოქმედება. ყაბზობად მიიჩნევა - თუ განავალი მკვრივია და მაგარი კონსისტენციის, დეფეკაციას თან ახლავს ჩვილის ჭირვეულობა, ძლიერი ჭინთვები და დეფეკატის გაძნელებული ევაკუაცია ნაწლავიდან. რბილი დეფეკატი არაა შეკრულობის ნიშანი.

გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მრავალი იყოს:

1) კვებითი დარღვევები (ძირითადად ეხება ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს და როდესაც ბავშვი გადადის შერეულ კვებაზე);

2) ნევროგენული დარღვევები (მაგალითად, ჰირშპრუნგის დაავადება, ზურგის ტვინის დაზიანება);

3) სხვადასხვა მედიკამენტის ხანგრძლივი და არარაციონალური მოხმარება;

4) მეტაბოლურ-ენდოკრინული დარღვევები;

5) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ფუნქციური პათოლოგია;

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვილები, რომლებიც იკვებებიან დედის რძით, იშვიათად აქვთ შეკრულობის პრობლემა, თუ რა თქმა უნდა, ჩვილს არ აქვს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგია.

- შესაძლებელია თუ არა შეკრულობა მეძუძური დედის კვებამ გამოიწვიოს?

არა, კვლევებით დასტურდება რომ დედის კვების რაციონი არ ახდენს გავლენას ჩვილის შეკრულობაზე. დედისთვის არ უნდა მოხდეს საკვები პროდუქტების არასაჭირო შეზღუდვა. თუ ჩვილს აქვს შებერილობა, დედა უნდა დააკვირდეს მის მიერ ბოსტნეულის შეზღუდვას (მაგალითად: კომბოსტო, ნიორი, ხახვი, პარკოსნები), თუ ექნება დადებითი გავლენა ჩვილის შებერილობაზე. თუმცა, ზოგადად ხილის ან ბოსტნეულის შეზღუდვა დედის საკვებ რაციონში არ არის რეკომენდებული.

რაც შეეხება ალერგიულ საკვებს, როგორიც არის ძროხის რძე, კვერცხი, თევზი, თხილეულობა, ციტრუსი საწყის ეტაპზე, ასევე, უნდა მოხდეს მათი მცირე რაოდენობით და უმჯობესია არაერთდროულად მიღება, რადგან მშობელი დააკვირდეს ჩვილს. კვლევებმა აჩვენა რომ ლაქტაციის პერიოდში რომელიმე საკვების (მათ შორის ალერგიულის) შეზღუდვას არ აქვს არსებითი გავლენა ჩვილის ჯანმრთელობაზე, თუმცა აღსანიშნია, რომ დედის დაბალანსებული და სასარგებლო კვება ძალიან მნიშვნელოვანია.

- როდის არის საშიში იშვიათი დეფეკაცია?

- ნაწლავთა მოქმედება, კონსისტენცია და ფერი ცვალებადია და დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე, კვების ტიპზე. სრულად ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს ნაწლავთა მოქმედება შესაძლოა ყოველი კვების შემდეგ ჰქონდეთ, ან ძალიან იშვიათად, მაგალითად, 1-2 კვირაში ერთხელ. თუ ამ დროს ჩვილი არ ჭირვეულობს, მუცელი რბილია, შარდვა და წონის ნამატი - ნორმის ფარგლებში, დეფეკატი - რბილი, შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს. ზოგჯერ დედის რძე სრულად შეიწოვება, მისი შემადგენლობიდან გამომდინარე და მხოლოდ შარდის სახით გამოიყოფა. თუ ბავშვი იმყოფება შერეულ კვებაზე ან სრულად იღებს ფორმულას, დეფეკაცია შეიძლება ჰქონდეს 1-3-ჯერ დღეში, თუ დეფეკატი არაა მკვრივი და არ ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომატიკა არც ამ შემთხვევაში ვღელავთ, მაგრამ თუ ახალშობილს პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში არ აქვს ნაწლავთა მოქმედება (მეკონიუმი) ან დეფეკაციის აქტმა 48 საათს გადააჭარბა, დეფეკატის კონსიტენცია მკვრივია, ბავშვი ჭირვეულობს, დეფეკაციას თან ახლავს ტკივილი, მუცლის შებერილობა, ასეთ შემთხვევაში, აუცილებლად უნდა ჩავერიოთ და მივმართოთ ექიმს (პედიატრს/ნეონატოლოგს) დახმარებისთვის. არსებობს რამდენიმე სამედიცინო მდგომარეობა, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა და დროული ჩარევაა საჭირო.

პრევენციის გზებზე რომ ვისაუბროთ?

- ყაბზობა, პედიატრთან ვიზიტის ხშირი მიზეზია. შეკრულობის პრობლემის მოგვარება უმეტესად კვებით შეიძლება. ასევე, არსებობს გარკვეული ვარჯიშებიც (მაგალითად, „ველოსიპედი“). უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ძუძუთი კვებას, თუ რასაკვირველია დედის ფსიქო-ემოციური და სომატური მდგომარეობა გვიწყობს ხელს, რადგან ქალის რძე ბუნებრივ საფაღარათო საშუალებადაც კი ითვლება. თუ ახალშობილი სრულად ფორმულაზეა ან შერეულ კვებაზე და აღენიშნება ყაბზობა, ექიმმა ჩვილს უნდა შეურჩიოს სპეციალური კვება. როდესაც ბავშვი გადადის მყარ საკვებზე, რაციონი მდიდარი უნდა იყოს უჯრედისის შემცველი საკვებით. თუ აღნიშნული ღონისძიებების მიუხედავად ბავშვთან გამოხატული რჩება ყაბზობა, დაუყოვნებლად უნდა მიმართოთ ნეონატოლოგს/პედიატრს, რათა დაადგინოს გამომწვევი მიზეზი და სწორად შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა.

- როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა და ზოგადად, რას ურჩევდით მშობლებს?

- როდესაც დადგებით მსგავსი გამოწვევის წინაშე, პირველ რიგში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განსაზღვრეთ რა შეიძლება ყოფილიყო ყაბზობის გამომწვევი მიზეზი. ვიდრე მიმართავთ პედიატრს, ერთჯერადად, შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო გლიცერინის მიკროოყნა ან სანთელი (თუ ბავშვს არ აღენიშნება სწორი ნაწლავის ნახეთქი ან სისხლდენა) და შემდეგ აუცილებლად მიმართეთ ნეონატოლოგს/პედიატრს და რა თქმა უნდა, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ თქვენ ძალიან კარგი დედა ხართ, თქვენ არ ხართ „დამნაშავე“, როცა ბავშვი ჭირვეულობს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, განსაზღვრეთ პრობლემები, გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული რჩევები და იმოქმედეთ რაციონალურად.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად