Baby Bag

ითვლება თუ არა ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად? - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

ითვლება თუ არა ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად? - ენდოკრინოლოგი თამარ ზერეკიძე

ედოკრინოლოგმა თამარ ზერეკიძემ ტკბილეულზე დამოკიდებულების პრობლემის შესახებ ისაუბრა:

„ყოველდღიურად დღეში ერთი დესერტის მირთმევა ტკბილზე დამოკიდებულებად არ ითვლება, თუმცა გააჩნია პრობლემასაც. ყველა ერთ ქვაბში ვერ იხარშება. ყველა ადამიანი ინდვიდუალურად უნდა შეფასდეს. ვიღაცისთვის თუნდაც ერთი დესერტი დღეში შეიძლება დამღუპველიც იყოს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, ამიტომ უმჯობესია, თავი აარიდონ ტკბილეულს.

ტკბილეულზე დამოკიდებულება სხვა დამოკიდებულებების მსგავსია. ხშირად ძალიან ძნელია მასზე უარის თქმა. კლასიკური დამოკიდებულება, როგორიც არის ნარკოტიკებზე ან ალკოჰოლზე დამოკიდებულება, ამ დამოკიდებულებისგან განსხვავდება. ადამიანი ტკბილის მოსაპოვებლად არაკანონიერ საქციელს არ სჩადის. ეს დამოკიდებულება უფრო მარტივია. ამის მოგვარებაც გაცილებით უფრო მარტივი პრობლემაა.

არ არსებობს შაქრის დასაშვები დღიური ნიშნული. ყველა ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულია. თითოეული უნდა დაფიქრდეს, რომ რამდენადაც მეტს მოიხმარს, ექმნება თუ არა მას ჯანმრთელობის პრობლემა. როდესაც ადამიანი აცნობიერებს, რომ მას ტკბილის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, ეს მის წონაზეც აისახება, ექმნება კუჭ-ნაწლავის, გულ-სისხლძარღვთა გარკვეული პრობლემები, ასეთ შემთხვევაში ეს უკვე პრობლემაა და მისახედია,“- მოცემულ საკითხზე თამარ ზერეკიძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „დილა ფორმულაზე“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა ფორმულაზე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რატომ აღიქვამენ ბავშვები სამყაროს უფროსებისგან განსხვავებულად?

რატომ აღიქვამენ ბავშვები სამყაროს უფროსებისგან განსხვავებულად?

ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე ფანტაზიასა და რეალობას შორის განსხვავების დანახვა უჭირთ. ისინი ფიქრობენ, რომ მათ წარმოდგენაში შექმნილი სამყარო ნამდვილად არსებობს. ჩვენს სტატიაში განვიხილავთ, თუ რატომ აღიქვამენ ბავშვები სამყაროს უფროსებისგან განსხვავებულად.

1. ბავშვს მდიდარი ფანტაზია აქვს

ბავშვები საკუთარ წარმოდგენებს რეალობად აღიქვამენ და არ სჯერათ, რომ ბევრი რამ მათი ფანტაზიის ნაყოფია. ბავშვს რეალურისა და არარეალურის ერთმანეთისგან განსხვავება ძალიან უჭირს. არაერთი კლევით დგინდება, რომ ბავშვი სამყაროს უფროსისგან განსხვავებულად აღიქვამს და საკუთარ ფანტაზიას ძალიან ენდობა.

2. ბავშვს აბსტრაქტული აზროვნება განვითარებული არ აქვს

თერთმეტ წლამდე ასაკში ბავშვები მხოლოდ აწმყოზე ფიქრობენ. მათ აბსტრაქტული აზროვნება უძნელდებათ. ერთ-ერთ ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვებს ფსიქოლოგმა სთხოვა, რომ სხეულზე მესამე თვალის განსათავსებლად ადგილი შეერჩიათ. 9 წლამდე ასაკის ბავშვები ერთხმად ასახელებდნენ შუბლის არეს, რადგან ვერ წარმოედგინათ, რომ მესამე თვალი დანარჩენი ორისგან დაშორებით ყოფილიყო. 11 წელს გადაცილებული ბავშვების წარმოდგენა კი გაცილებით შორს მიდიოდა და მათ ერთმანეთისგან განსხვავებული პასუხები ჰქონდათ.

3. ბავშვები ახალ ენას ადვილად სწავლობენ

ზრდასრულებს ახალი ენის შესწავლა უჭირთ, ბავშვებისთვის კი ეს გაცილებით ადვილია. 10 წლამდე ასაკის ბავშვებს ენების ათვისება უადვილდებათ. ადამიანი რაც უფრო ასაკში შედის, მისთვის მით უფრო ძნელია ახალი ენის სწავლა, რაც ტვინის განვითარების თავისებურებებით არის განპირობებული.

4. ბავშვებს გარვეულ ასაკამდე საგნების მუდმივობის განცდა არ აქვთ

წლამდე ასაკის ბავშვი თვლის, რომ საგანი, როგორც კი თვალს ეფარება, სამუდამოდ ქრება. ჟან პიაჟემ ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვითაც საგნების მუდმივობის განცდა ადამიანს ასაკთან ერთად უყალიბდებდა. პატარა ბავშვი მეტისმეტად გამოუცდელია იმისთვის, რომ საგნის მუდმივობა აღიქვას.

5. მცირეწლოვან პატარებს იდენტიფიკაციის პრობლემა აქვთ

მეცნიერები გვარწმუნებენ, რომ მცირეწლოვან ბავშვებს უჭირთ საგნებისა და ადამიანების ნათლად დანახვა. მათი მხედველობა ფოკუსირებული არ არის. ექსპერიმენტებით დასტურდება, რომ 6 თვემდე ასაკის ბავშვს უჭირს უცნობი და ნაცნობი სახეების გარჩევა. ეს უნარი ბავშვს მხოლოდ 9 თვიდან უყალიბდებდა. ერთი წლის ასაკისთვის ბავშვის მხედველობა ფოკუსირებული ხდება და ის სამყაროს მრავალფეროვნად აღიქვამს.

6. ბავშვებს გარკვეულ ასაკამდე უჭირთ საგნების ზომებს შორის სხვაობის და მსგავსების აღქმა

კვლევებით დგინდება, რომ შვიდ წლამდე ასაკის ბავშვს უჭირს საგნების ზომებს შორის სხვაობის და მსგავსების აღქმა. თუ მცირეწლოვან ბავშვს აჩვენებთ წყლით სავსე მაღალ ჭიქას და წყალს გადაასხამთ უფრო განიერ, მაგრამ დაბალ ჭიქაში, ის ჩათვლის, რომ ახალ ჭიქაში წყლის მოცულობა შემცირდა.

7. ბავშვები უფროსებისგან განსხვავებულად ხატავენ

ბავშვები უფროსებისგან განსხვავებულად მხოლოდ იმიტომ არ ხატავენ, რომ მათ მოტორული უნარები სათანადოდ განვითარებული არ აქვთ. ექსპერიმენტით დადგინდა, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვები ხატვისას საკუთარ წარმოსახვას მეტად ენდობიან, ვიდრე იმას, რასაც ხედავენ. ბავშვებს ექსპერიმენტის დროს ჭიქის დახატვა დაავალეს. 7 წლამდე ასაკის ბავშვებმა ჭიქა სახელურით დახატეს, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინ უსახელურო ჭიქა ედგათ. 7 წელს ზემოთ ბავშვებმა კი ჭიქა სწორედ ისეთი დახატეს, როგორსაც ხედავდნენ.

8. ბავშვებს უფროსებისგან განსხვავებული მორალი აქვთ

უფროსები კარგ და ცუდ ქცევას ერთმანეთისგან მარტივად ასხვავებენ. ისინი საზოგადოებაში დამკვიდრებული უნივერსალური წესების მიხედვით ცხოვრობენ. ბავშვები კი ქცევას ჯილდოს მიღებისა და სასჯელის თავიდან აცილების მოტივით ახორციელებენ. ერთ-ერთ ექსპერიმენტში მონაწილე ბავშვებს ჰკითხეს, რა უფრო ცუდი ქცევა იყო, გამიზნულად ერთი სათვალის გატეხვა, თუ უნებურად ორი სათვალის გაფუჭება. ბავშვების უდიდესი ნაწილი აღნიშნავდა, რომ უნებურად ორი სათვალის გატეხვა უფრო ცუდი ქცევაა, რადგან ზიანი ამ შემთხვევაში მეტია.

მომზადებულია ​brightside.me-ს მიხედვით

წაიკითხეთ სრულად