Baby Bag

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის დიაგნოსტირება მოზარდობის ასაკში მოხდეს, რათა ავირიდოთ შორეული გართულებები,“- მეან-გინეკოლოგი მადლენა ხვიჩია

მეან-გინეკოლოგმა მადლენა ხვიჩიამ პოლიცისტური საკვერცხის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები დაასახელა:

„პოლიცისტური საკვერცხის სინდრომის სიხშირე 5-დან 25%-მდეა. ეს ყველაფერი მოზარდობის ასაკიდან იღებს დასაბამს. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ამ ასაკში მოხდეს მისი დიაგნოსტირება, რათა ავირიდოთ ის გართულებები შორეული, რაც ახასიათებს პოლიცისტური საკვერცხის სინდრომს.

კლინიკური პრაქტიკიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში საკმაოდ ხშირია ამ პრობლემით მომართვიანობა. პირველი ნიშანი, რითაც ხშირად მოგვმართავენ, არის არარეგულარული მენსტრუალური ციკლი, არის მენსტრუათაშორისი ინტერვალის გახანგრძლივება 38 და მეტი დღის ინტერვალით. ასეთ პაციენტებს ასევე აღენიშნებათ ჭარბი სისხლიანი გამონადენი, მენსტრუალური დღეების გახანგრძლივება. მოზარდების შემთხვევაში ვსაუბრობთ 7 დღე და მეტი, ხოლო რეპროდუქციული ასაკის ქალბატონებში 8 დღე და მეტი შეიძლება იყოს.

მნიშვნელოვანი ნიშანია ანდროგენების სიჭარბით გამოწვეული აკნე, ჭარბთმიანობა, უხეში, გრძელი, შავი თმების არსებობა სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ქალბატონებისთვის არ არის დამახასიათებელი, სახეზე, სარძევე ჯირკვლების დვრილების გარშემო და მუცლის წინა ხაზზე. ასევე არის საკვერცხის სტრუქტურული ცვლილებები, ხდება კაფსულის გასქელება, მასში მრავლდება სითხური ჩანართები, რის გამოც მას ეძახდნენ პოლიცისტურ საკვერცხეს. საკვერცხის მოცულობა გაზრდილია. უნდა აღინიშნოს ჭარბი წონა, რომელიც პოლიცისტური საკვერცხის შემთხვევაში მოზარდების დაახლოებით 50%-ში აღინიშნება.

მოზარდობის პერიოდი გოგონებისთვის ძალიან მგრძნობიარეა. ეს კლინიკური ნიშნები: ჭარბთმიანობა, ჭარბი წონა, აკნე, ემოციური თვალსაზრისით მათთვის დამთრგუნველია და შეიძლება თვითშეფასება დაბლა დაწიოს. მომავალში ეს სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებთან, დეპრესიასთან არის დაკავშირებული,“- მოცემულ საკითხზე მადლენა ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

​დღესდღეობით ბარიატრიული ოპერაციები ზედმეტ წონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა

​დღესდღეობით ბარიატრიული ოპერაციები ზედმეტ წონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა

ადამიანები პათოლოგიური (მორბიდული) სიმსუქნის სამკურნალოდ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. ერთ-ერთი ძირითადი და ეფექტიანი მეთოდი არის ბარიატრიული ქირურგია. „ნიუ ჰოსპიტალსში“ სხვადასხვა ტიპის ბარიატრიული ოპერაცია ტარდება და მკურნალობის მეთოდის შერჩევა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე ხდება.

ამ თემაზე ​MomsEdu.ge-სთან „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბარიატრიულმა ქირურგმა ​გია მოსიაშვილმა ისაუბრა.

გია მოსიაშვილი: „პაციენტი, რომლის სხეულის მასის ინდექსიც 40-ზე მეტია, არის მორბიდულად მსუქანი. სხეულის მასის ინდექსის დათვლა ხდება მარტივად - პაციენტის სხეულის წონა უნდა გავყოთ მის სიმაღლეზე კვადრატში.“

- რა დაავადებებს იწვევს მორბიდული სიმსუქნე?

გია მოსიაშვილი: „პათოლოგიური სიმსუქნე ისეთი დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, როგორებიცაა: შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, ჰიპერტონული დაავადება, ინსულტი, კარდიოვასკულური დაავადებები, მსხვილი სახსრების ართრიტები, ობსტრუქტიული ძილის აპნოე და სხვა. ამასთან, მორბიდული სიმსუქნე, შესაძლოა, წინაპირობა გახდეს ონკოლოგიური დაავადებებისა.“

- როგორ შეიძლება პათოლოგიურ სიმსუქნესთან ბრძოლა ბარიატრიული ქირურგიით?

გია მოსიაშვილი: „ბარიატრიული ქირურგი ოპერაციის მსვლელობისას საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე აკეთებს ისეთ ცვლილებებს, რომლის შემდეგაც პაციენტები იკლებენ წონაში. ისტორიულად ბევრი ოპერაცია მოისინჯა, ზოგს ჰქონდა შედეგი, ზოგს - ნაკლებად. დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ხშირად ხორციელდება ორი ტიპის ოპერაცია. პირველი გულისხმობს მხოლოდ კუჭის დაპატარავებას, მეორე კუჭის დაპატარავებას და ასევე, წვრილი ნაწლავის დამოკლებასაც. ბარიატრიული ოპერაციის კანდიდატი პაციენტები გადიან კვლევას, ყველა მათგანი ინდივიდუალურად ფასდება, შემდეგ ხდება მათთვის შესაბამისი ოპერაციის შერჩევა.

როგორც უკვე გითხარით, ქირურგი გვთავაზობს ორი ტიპის ოპერაციას - რესტრიქციულს (კუჭის დაპატარავება) და რესტრიქციულ-მალაბსორბციულს (კუჭის დაპატარავება და ასევე წვრილი ნაწლავის დამოკლება). პირველი ტიპის ბარიატრიული ოპერაციაა სლივ-გასტრექტომია, მეორე ტიპის - კუჭის შუნტირების და მინი შუნტირების ოპერაციები.

- ბარიატრიის შედეგებზე რომ ვისაუბროთ…

გია მოსიაშვილი: „ბარიატრიული ოპერაციების შემდეგ არ ხდება პაციენტის სწორი წონის აღდგენა. ოპერაციის მერე პაციენტები იკლებენ ზედმეტი მასის 60-90%-ს (სხვადასხვა ოპერაციის დროს სხვადასხვანაირია პროცენტული რაოდენობა). ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ პაციენტებს ეცვლებათ კვებითი ჩვევები. ისინი ჭამენ მცირე ულუფებით, შესაბამისად, ვეღარ იღებენ ზედმეტ კალორიებს. იმის ფონზე, რომ პაციენტები ოპერაციის შემდეგ იღებენ მხოლოდ დღიური კალორიების საკმარის დოზას, 6 თვიდან 2 წლამდე შუალედში იკლებენ ზედმეტი მასის 60-90%-ს. ყველა ბარიატრიული ოპერაციის მიზანია შეამციროს პაციენტის წონა.

- როგორ განისაზღვრება მორბიდული სიმსუქნე და როგორ მივხვდეთ, გვაქვს თუ არა ქირურგიული მკურნალობის საჭიროება?

გია მოსიაშვილი: „პაციენტები პათოლოგიურ სიმსუქნესთან ბრძოლას სხვადასხვა კონსერვატიული მეთოდით იწყებენ, როგორებიცაა: დიეტა, ვარჯიში, მედიკამენტების მიღება. კვლევებით დადგენილია რომ, როდესაც პაციენტის სხეულის მასის ინდექსი აჭარბებს 40-ს, ძალიან რთულია მყარი შედეგის მიღება ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით. პირველ ეტაპზე იკლებენ, თუმცა დიეტის დასრულების შემდეგ უფრო მეტს იმატებენ, ვიდრე დიეტის დაწყებამდე ჰქონდათ. დღესდღეობით ბარიატრიული ოპერაციები ზედმეტ წონასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა.

შესაბამისად, ოპერაციული მკურნალობის საჭიროებაც დგება მაშინ, როდესაც პაციენტს ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, არ აქვს სასურველი წონა, პლუს ამას, შესაძლოა, გამოჩნდეს რომელიმე თანმხლები დაავადება.

- რა სახის ბარიატრიული ოპერაციები ტარდება „ნიუ ჰოსპიტალსში“?

გია მოსიაშვილი: „წამყვან ოპერაციებად ითვლება სლივ-გასტრექტომია, იგივე კუჭის ვერტიკალური რეზექცია და კუჭის შუნტირების ოპერაციები. „ნიუ ჰოსპიტალსში“ დანერგილია ორივე ტიპის ოპერაცია და ინდივიდუალურად შერჩევის შემდეგ პაციენტს ჩაუტარდება მისთვის შესაბამისი ოპერაცია.

- რა განსხვავებაა ამ ოპერაციებს შორის და რა დადებითი ან უარყოფითი შედეგები აქვს?

გია მოსიაშვილი: ,,სლივ-გასტრექტომია მსოფლიოში ყველაზე ხშირად გამოყენებად ბარიატრიულ ოპერაციას წარმოადგენს. ბოლო მონაცემებით, მისი წილი 60-65%-ია. ოპერაციის ეს მეთოდი გულისხმობს კუჭის „გამოწეული“ ნაწილის მოკვეთას, რაც 8-10-ჯერ ამცირებს კუჭის მოცულობას. უპირატესობა არის მისი ფიზიოლოგიურობა, შენარჩუნებულია ყველა სფინქტერი (მომჭერი) და მიღებული საკვები ბუნებრივი გზით გადაადგილდება საჭმლის მომნელებელ სისტემაში. რეაბილიტაციის შემდეგ პაციენტს არ უწევს დამატებითი მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება და, შესაბამისად, ამ მხრივ დისკომფორტი არ ექმნება.

რაც შეეხება კუჭის შუნტირებას, კუჭიდან ხდება მცირე ზომის ტაკვის შექმნა, რომელსაც მიეკერება დამოკლებული წვრილი ნაწლავი. შუნტირების ოპერაციების დროს მიღებული საკვები გაივლის ახლადშექმნილ გზას. დამოკლებული ნაწლავის გამო ზოგჯერ საჭიროა ვიტამინებისა და მიკროელემენტების დამატებით მიღება, შესაბამისად, ფიზიოლოგიურობის თვალსაზრისით სლივ-გასტრექტომიასთან შედარებით, ეს შუნტირების ოპერაციების უარყოფითი მხარეა, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ შუნტირების ოპერაციების შემდეგ სხეულის მასის კლება უფრო მეტია.''

R

წაიკითხეთ სრულად