პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ნაწლავური აშლილობის შესახებ ისაუბრა და მისი გამომწვევი მიზეზები დაასახელა:
ბავშვებში, განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში ჩვენ გვაქვს ფუნქციური დიარეა. ისინი უფრო მეტად იღებენ უჯრედისის შემცველ საკვებს ხილისა თუ ფაფის სახით. ეს ფუნქციური დიარეა არ არის პათოლოგია და არ საჭიროებს მედიკამენტოზურ ჩარევას. ასაკის მატებასთან ერთად ის თავისით გავა. ჩვენ გვეშინია და ყურადღებას ვაქცევთ ნაწლავთა ინფექციას, ნაწლავთა ინფექციებით განპირობებულ დიარეას, რომელიც შეიძლება ელექტროლიტების დისბალანსის მიზეზი იყოს, შეიძლება განვითარდეს მწვავე მოშლილობები, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს.
შეგვიძლია გამოვყოთ ნაწლავთა ვირუსული ინფექციები, რომელიც 70-80%-ში გვხვდება. ამ სეზონზე სწორედ ამის გამო მოგვმართავენ. ჩვენს ქვეყანაში 10 წელზე მეტია ტარდება უკვე როტავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში როტავირუსით განპირობებული ნაწლავთა ინფექციები საკმაოდ შემცირებულია.
ადრეული ასაკის ბავშვებში სხვა რესპირატორულ-ვირუსულ ინფექციებსაც შეიძლება ახლდეს ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, მაგალითად კოვიდს. ეს განსაკუთრებით დელტა შტამს ახასიათებდა, ასევე ალფასაც და ომიკრონსაც. წლამდე ასაკში ძირითადი კლინიკური სიმპტომი შეიძლება ყოფილიყო ნაწლავთა გახშირებული მოქმედება. არ უნდა დაგვავიწყდეს ნაწლავთა ბაქტერიული ინფექციებიც. ნაწლავთა ბაქტერიულ ინფექციებს ველოდებით ხოლმე უფრო ივლისის შუა რიცხვებიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე. არ უნდა აგვერიოს კვებითი ტოქსიკოინფექციები. სტაფილოკოკის ტოქსინმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც დიარეა, ასევე ღებინება.
ცალკე არის ნაწლავთა პარაზიტული ინფექციები. ეს უფრო იშვიათია. შეიძლება იყოს ნაწლავთა სოკოვანი ინფექციები, რომელიც თითზე ჩამოსათვლელ შემთხვევაში შეიძლება იყოს იმუნოკომპრომეტირებულ პირებში,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.