Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

„მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა,“ - ბავშვთა ნევროლოგი ბაკურ კოტეტიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა დაინტერესებული მშობლის კითხვას უპასუხა. მშობელი ღელავდა, რადგან მისი ოთხი წლის შვილი მხოლოდ ცალკეულ სიტყვებს იმეორებდა სტერეოტიპულად, თუმცა წინადადებებს არ წარმოთქვამდა. ბაკურ კოტეტიშვილის თქმით, მსგავს შემთხვევაში ბავშვი სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, რათა დადგინდეს აქვს თუ არა ბავშვს კომუნიკაციის დეფიციტი:

„როდესაც ოთხი წლის ბავშვი სტერეოტიპულად იმეორეს სიტყვებს, მაგრამ წინადადებებს არ წარმოთქვამს, ეს უნდა შეფასდეს სპეციალისტის მიერ. მშობელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბავშვი პედიატრთან, ბავშვთა ნევროლოგთან ან განვითარების ფსიქოლოგთან. სპეციალისტმა უნდა ნახოს, რამდენად აქვს ბავშვს კომუნიკაციის დეფიციტი, იმიტომ, რომ მეტყველება კომუნიკაციური ფუნქციაა. მან უნდა განსაზღვროს უნდა თუ არა ბავშვს საერთოდ ჩარევა. იქნებ არ უნდა?! იმიტომ, რომ მეტყველების დაწყების ვადების კრიტერიუმები ძალიან შეიცვალა.

ადრე ასე ვიცოდით, რომ ბავშვმა ორ წლამდე უნდა დაიწყოს ლაპარაკი. ეს საკმაოდ გაფართოვდა. აქ მნიშვნელობა აქვს ბავშვის კომუნიკაცია როგორია, როგორია მისი ურთიერთობები, სოციალიზაცია და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ მეტყველებას, სიტყვათა მარაგი, მიზანმიმართული გამოყენება ამ სიტყვებისა, რაც მთავარია ამ სიტყვებიდან გამომდინარე არსის აღქმა და გადმოცემა მნიშვნელოვანია. ესეც სპეციალისტის საქმეა და მან უნდა შეაფასოს,“- აღნიშნულ საკითხზე ბაკურ კოტეტიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად