Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედას ბავშვზე რომ უთხრა, ყური რაღაც დიდი ხომ არ აქვსო, მიგახრჩობს იქვე, ეს არის ინსტინქტური თავის დაცვა,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

„დედას ბავშვზე რომ უთხრა, ყური რაღაც დიდი ხომ არ აქვსო, მიგახრჩობს იქვე, ეს არის ინსტინქტური თავის დაცვა,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ დედის შვილისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედა-შვილს შორის პერმანენტული ძლიერი კავშირი არსებობს:

„აგრესიას ვზომავდით და ძალიან საინტერესო შედეგები მივიღეთ. ქალს რომ უთხრა, შენი ქმარი იდიოტიაო, შეიძლება გითხრას, იდიოტი კი არა, ნაძირალაც არისო, მაგრამ ბავშვზე რომ უთხრა, ყური რაღაც დიდი ხომ არ აქვსო, მიგახრჩობს იქვე. ერთი ქალი მიყვება, ამას წინათ ბავშვმა ნერვები მომიშალა, დედაჩემს მოვუყევი, რა უსინდისო ბავშვი მყავს და რომ დამეთანხმა, დედაჩემზე გავბრაზდიო. ბავშვის გამო სასიცოცხლო ბრძოლები შეუძლია გაუმართოს თავის თავსაც ქალმა. ის ასეთია.“

„ქალიშვილის გათხოვება კაცისთვის უფრო რთულია, ვიდრე ქალისთვის, უბრალოდ კაცმა იცის, რომ ასე უნდა მოხდეს. მამებთან რომ მაქვს შეხება, ვისაც გოგო გაუთხოვდა, ძალიან საცოდავები არიან, არ უნდათ. გიხსნიან: „გაგიზრდია, მოვიდა ვიღაც მუტრუკი სიძე, წაიყვანა.“ კონფლიქტი მაინც არის სიდედრთან და არა სიმამრთან, ისევე როგორც დედამთილთან. დედა შვილის მიმართ ასეა, ეს არის ინსტინქტური თავის დაცვა. ფროიდს თუ წაიკითხავთ სიდედრის და სიძის ურთიერთობაზე, ძალიან საინტერესო გარჩევა აქვს, რატომ აქვს ერთს მეორესთან მიმართებაში აგრესიები. დედასთან რაციონალური, დალაგებული ლაპარაკი ძალიან ძნელია. განა არ ესმის დედას?! ყველაფერი გაიგო, მაგრამ მაინც ასე გამოდის. დედა-შვილს შორის აპრიორში არსებობს პერმანენტული კავშირი. მამა რომ უყვარდეს შვილს, მან ეს უნდა დაიმსახუროს, კარგი მამა უნდა იყოს. დედა თუ არ დაგსდევს და მდუღარეს არ გასხამს ყოველ დილას, მას ეს სიყვარული გარანტირებული აქვს,“- აღნიშნა ზურაბ მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად