Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„სიარულის დაწყების დროს ბავშვისთვის ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება არ არის რეკომენდებული,“ - ორთოპედი ლევან ქაჯაია

„სიარულის დაწყების დროს ბავშვისთვის ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება არ არის რეკომენდებული,“  - ორთოპედი ლევან ქაჯაია

ორთოპედმა ლევან ქაჯაიამ ბავშვებში ბრტყელტერფიანობის გამოვლენის ასაკსა და ტერფის პრობლემების პრევენციის გზებზე ისაუბრა:

„მშობელს არ უნდა შეეშინდეს იმის, როდესაც ეტყვიან, რომ თქვენს შვილს ტერფი ბრტყელი აქვს. ფიზიოლოგიურად როდესაც ნორმალურად ვითარდება ტერფი, წლის ასაკში ყველა ბავშვის ტერფი არის ბრტყელი. როდესაც ტერფი რიგიდულია, არ მოგვყვება, ეს უკვე რიგიდული ტერფია და მას ცალკე კვლევა სჭრიდება.“

ლევან ქაჯაიას თქმით, ტერფი ბრტყელია თუ არა, ამის დადგენა 4-5 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი:

„წლინახევარი-ორი წლის ასაკში მშობლები აღნიშნავენ ხოლმე, ქუსლი გადაუტრიალდა ჩემს შვილს, შიგნით ჩაწეულია. ეს ქუსლის პოზიციურობაც, რომელიც შიგნით გადახრილია, თუ 5-7 გრადუსს არ აღემატება, ითვლება, როგორც ფიზიოლოგიური ნორმა. ეს ის წლებია, როდესაც ტერფი განიცდის ფორმირებას. 4-5 წლის ასაკში ჩვენ უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ, ეს ტერფი ბრტყელია, თუ არა.“

„სჭირდება თუ არა ბავშვს სიარულის დაწყების დროს ორთოპედიული ფეხსაცმელი ან სჭირდება თუ არა სუპინატორები? რა თქმა უნდა არა! სიარულის დაწყების დროს ბავშვისთვის ორთოპედიული ფეხსაცმლის ტარება და დამატებით ღაბაშების ჩაფენა არ არის რეკომენდებული. ჩვენ სახლში რომ შევდივართ, ერთი სული გვაქვს, როდის გავიხდით ფეხსაცმელს. არ მგონია, ბავშვი კომფორტულად გრძნობდეს სახლში მყარ ფეხსაცმელში თავს. ერთი სული აქვს, როდის გაიხდის ფეხზე და ფეხშიშველი დაიწყებს სიარულს. ის, რომ ბავშვი ფეხშიშველი დადის, ამაში ცუდი არაფერი არ არის. ეს ერთგვარი ვარჯიშია ტერფისთვის,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან ქაჯაიამ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „იმედის დილა“

წაიკითხეთ სრულად