Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ გსურთ, რომ ბავშვის ქცევა გამოსწორდეს, დილით მისი გაღვიძების სწორი ფორმა შეარჩიეთ

თუ გსურთ, რომ ბავშვის ქცევა გამოსწორდეს, დილით მისი გაღვიძების სწორი ფორმა შეარჩიეთ

დილით გაღვიძების ფორმა ადამიანის დღეს და მის განწყობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. ზრდასრულებს კარგად გვესმის, რომ ძილის ხარისხი და დილის განწყობა ჩვენს ხასიათზე გავლენას ახდენს. აღნიშნული წესები ბავშვების შემთხვევაშიც სწორედ ასევე მოქმედებს.

თუ ბავშვს ნაჩქარევად აღვიძებთ, რადგან გვიან ადექით და ოჯახის ყველა წევრს სადღაც ეჩქარება, მას დღის განმავლობაში ამაღლებული განწყობა ნამდვილად არ ექნება. ​იმას, თუ როგორ აღვიძებენ მშობლები შვილებს დილით, ბავშვების ხასიათსა და პროდუქტიულობაზე უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.

მშობლები ბავშვის გაღვიძებისას დადებით და მხიარულ განწყობაზე უნდა იყვნენ. ეს ბავშვებზეც პოზიტიურად აისახება და მათი დღე სასიამოვნოდ დაიწყება.

მშობლებმა დილით ბავშვებზე ოცი წუთით ადრე მაინც უნდა გაიღვიძონ, რათა ბავშვს მომზადებულები დახვდნენ და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი დახმარება აღმოუჩინონ. ბავშვის საგარეო ტანისამოსი წინა ღამით გაამზადეთ, დაეხმარეთ ბავშვს ჩანთის ჩალაგებაში და დარწმუნდით, რომ თქვენს შვილს სკოლის დავალებები მომზადებული აქვს.

ცუდ ხასიათზე ყოფნისას გადაწყვეტილებების მიღება რთულია. ამიტომ აჯობებს, ბავშვთან შეთანხმებით წინასწარვე გაამზადოთ მათთვის ტანისამოსი და საუზმეც. ​დილით თქვენს შვილებს, შესაძლოა, არ ჰქონდეთ იმის განწყობა, რომ მსგავს საკითხებზე იფიქრონ.

არცერთ ზრდასრულს არ სურს, რომ დასტრესილმა ნაჩქარევად გაიღვიძოს, როდესაც დილით სადღაც მიდის. ანალოგიური წესი მოქმედებს ბავშვების შემთხვევაშიც. აუცილებლად გამონახეთ დრო, რომ საწოლიდან ბავშვებზე ადრე ადგეთ, რათა ისინი მშვიდად და აუჩქარებლად გააღვიძოთ. დილით დადებითი ემოციებითა და თბილი განწყობით გაღვიძებული ბავშვი მთელი დღის განმავლობაში მეტად პროდუქტიული და მშვიდი იქნება.

წყარო: moms.com

წაიკითხეთ სრულად