Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე ვემხრობი, რომ მეცადინეობა და თამაში გაიმიჯნოს,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ბავშვის განვითარებისთვის თამაშის მნიშვნელობასა და მოზარდობის ეტაპის ხანგრძლივობის შესახებ ისაუბრა:

„მოზარდობა ითვლება, რომ 19 წლამდეა, თუმცა ეს გადის 21-24 წლამდე. 21-დან 25 წლამდე გახლავთ გვიანი სიყმაწვილე. არის საუბარი, რომ მოზარდობა გადასწიონ 24-25 წლამდე. რა საფუძველი აქვს ამას? ამას აქვს ფიზიოლოგიური საფუძველი. დიდი ჰემისფეროების ქერქის ის ნაწილი, რომელიც ქცევის კონტროლზეა პასუხისმგებელი, ამ დროისთვის ამთავრებს ჩამოყალიბებას. 25 წლისთვის მთავრდება სიმაღლეში ზრდა. აქედან გარკვეული პლატოა, რომელიც შეიძლება 65 წლამდეც იყოს.“

​თამაში მნიშვნელოვანი ქცევაა ბავშვისთვის, ავითარებს ბავშვს. არის დებატები იმასთან დაკავშირებით უნდა იყოს თამაშით მეცადინეობა, თუ გაიმიჯნოს მეცადინეობა და თამაში. მე ვემხრობი, რომ მეცადინეობა და თამაში გაიმიჯნოს. ბავშვმა ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს, რომ ეს დრო არის თამაშისთვის და ეს დრო, თუნდაც 5 წუთი, არის სწავლისთვის, რადგან შემდომში ძალიან უჭირს, რომ სერიოზულად შეხედოს სწავლას, მეცადინეობას. როდესაც იზრდება და თამაშით აღარ გამოსდის სწავლა, დიდი ფრუსტრაცია შეიძლება ჰქონდეს. თამაშის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, ის ძალიან სჭირდება ადამიანს,“- აღნიშნულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნე​ბა"

წაიკითხეთ სრულად