Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ხელს რომ დავიბანთ, ტელეფონს შევეშვათ, საჭმელი ვჭამოთ და კვების დასრულების შემდეგ დავუბრუნდეთ ტელეფონს,“- გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

ონკოლოგმა გიორგი ღოღობერიძემ ვირუსებისგან თავის დაცვის წესებზე ისაუბრა და ფაღარათის შემთხვევაში დიეტის საჭიროებას გაუსვა ხაზი:

„ძალიან მარტივი ტაქტიკა არსებობს. ჩვენ ასეთი ჩვევა გვაქვს. შევდივართ აბაზანაში, ხელს დავიბანთ, გამოვდივართ და ტელეფონს ისევ ხელში დავიჭერთ. ასე ვჭამთ მერე საჭმელს. ამ ტელეფონზეა სწორედ ის ბაქტერიები, რომლებიც შენ მთელი დღის განმავლობაში შეგხვდა. ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ რაღაცას პირში მოვითავსებთ, ეს იქნება საკვები, თუ ბავშვის შემთხვევაში თითი, ის ყოველთვის უნდა იყოს დაბანილი.

ბაქტერიები არ ვრცელდება დაჟინებული მზერით. ისინი ვრცელდება სწორედ ფეკალურ-ორალური გზით. მოკიდე ხელი, შემდეგ ხელი პირში ჩაიდე და გავრცელდა. შეიძლება ჩვენ ნივთები მუდმივად არ ვწმინდოთ, მაგრამ ხელს რომ დავიბანთ, ტელეფონს შევეშვათ. საჭმელი ვჭამოთ და კვებას რომ დავასრულებთ, მერე ისევ განვაახლოთ ეს პროცესი.

ფაღარათის დროს დიეტის დაცვა საჭიროა. თუ ადამიანი იღებს მარტივ ნახშირწყლებს, რაც უცებ ათვისებადია, ეს შეიძლება კიდევ უფრო ზრდიდეს ფაღარათის სიმძიმეს. ჩემი ბავშვობის დროს ასეთი პრაქტიკა იყო, რომ ფაღარათის შემდეგ კომპოტს დაგალევინებდნენ. ასეთი მარტივი ნახშირწყლებით გაჯერებული სასმელები ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი რაღაც არის, რაც უნდა გააკეთო ფაღარათის დროს. რა სჭირდება ფაღარათს? სითხე და ელექტროლიტები, რაც ადამიანს ფაღარათის დროს სჭირდება და აფთიაქში იყიდება,“- მოცემულ საკითხზე გიორგი ღოღობერიძემ TV პირველის გადაცემაში „პირველამდე“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირველამდე“

წაიკითხეთ სრულად