Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ,“ - პარაზიტოლოგი ირმა კოკაია

პარაზიტოლოგმა ირმა კოკაიამ განმარტა რატომ იზიდავს ზოგიერთი ადამიანი მწერებს უფრო ხშირად, ვიდრე სხვა ადამიანები:

„ყველა ადამიანის სხეული გამოყოფს გარკვეულ ნივთიერებებს. ეს ყველა ადამიანს ეხება. ბევრი ასეთი ნივთიერება გამოიყოფა ჩვენი კანის გზით. ეს შეიძლება იყოს ამიაკი და ა.შ. გარკვეულ ადამიანებს გაცილებით მეტად გამოეყოფათ ეს ნივთიერებები და აღმოჩნდა, რომ ამ ნივთიერებებიდან არის რაღაც განსაკუთრებული სახეობები, რომელიც იზიდავს მწერებს, განსაკუთრებით კოღოებს.

როდესაც ადამიანის სხეული ჭარბად გამოყოფს ამ ნივთიერებებს, რომელსაც ჩვენ ვერ ვგრძნობთ თვითონ, ეს არის კოღოს მიზიდვის საშუალება. ასეთ ადამიანებს კოღოები გაცილებით უფრო ხშირად კბენენ. არის პირიქითაც... არის ნივთიერებები, რომლებიც პირიქით აფრთხობს მწერებს და კოღოებს. შესაბამისად ეს ადამიანები გაცილებით ნაკლებად ზარალდებიან. ეს ჩვენი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარეობს და ჩვენი მეტაბოლიზმიდან,“ - მოცემულ საკითხზე ირმა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო:​ „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად