Baby Bag

„თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია,“ - ბავშვთა ქირურგი ლევან ხარაშვილი

ბავშვთა ქირურგმა ლევან ხარაშვილმა მშობლებს ურჩია, ბავშვებს ფეხშიშველი სიარულის შესაძლებლობა მისცენ:

„თუ ბავშვი სიარულს სწავლობს, ფეხზე დგება, დაყრდნობა იცის და ცდილობს, რომ იაროს, სჯობს, რომ ფეხზე საერთოდ არ ეცვას. ასე ის უკეთესად შეიგრძნობს იმ ზედაპირს, რომელზეც დგას. კონტაქტი მის სხეულსა და ზედაპირს შორის გაცილებით უკეთესად ყალიბდება. ის უკეთესად გრძნობს, რომელი ზედაპირია მყარი, რომელი რბილი, სად შეიძლება ენდოს, სად შეიძლება ფეხი დაუცურდეს. თუ ფეხშიშველი ისწავლის ბავშვი სიარულს, ეს მისთვის უკეთესია. არ არის აუცილებელი ორთოპედიული ფეხსაცმელების და სუპინატორების დამზადება.

ამდენი წელია ბავშვების ექიმი ვარ და ყოველი პაციენტის ჩემს კაბინეტში შემოყვანა იწყება ამაზე საუბრით, რომ გახადეთ ბავშვს, სცხელა. ძალიან დაეჭვებული სახით მიყურებენ ხოლმე, გახდიან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც კი ჩემი კაბინეტიდან გავლენ, აუცილებლად ჩააცმევენ. რომელიღაც ოჯახის წევრი, ძირითადად ბებიები, ჭკვიან ექიმად არ მომიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ რა ვქნა?! მე უნდა ვიბრძოლო ბავშვებისთვის,“ - მოცემულ საკითხზე ლევან ხარაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“ ისაუბრა.

წყარო: ​„ჯანმრთელობის ფორმულა“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„კონსერვაციისთვის ასპირინის გამოყენება სარისკოა,“ - ბიოქიმიკოსი ირაკლი ჩხიკვიშვილი

ბიოქიმიკოსმა ირაკლი ჩხიკვიშვილმა მურაბის დამზადების ტექნოლოგიისა და რისკების შესახებ ისაუბრა:

„ახლა შაქრის ნაკლებად გამოყენების ტენდენციაა. გამოიყენება სხვადასხვა ნატურალური შაქარი, იყებენ სტევიას. ეს უფრო მისაღებია. ასევე იყენებენ შემსქელებელს, პექტინს უმატებენ, რომელიც შეასქელებს და თუ შაქარი ნორმალურია გემოვნური თვისებებით, არ დასჭირდება დამატებითი შაქარი. შაქარი საჭიროა 60%-მდე, რომ კონსერვაციული თვისებები ჰქონდეს. პროდუქტში თითქმის 60% უნდა იყოს შაქარი, რომ მან შეძლოს კონსერვაცია.

კონსერვაციისთვის იყენებენ სხვა საშუალებებს. საბჭოთა დროს ასპირინს იყენებდნენ კონსერვაციისთვის. შემდეგ ეს, რა თქმა უნდა, აკრძალეს. მისი გამოყენება სარისკოა.

კონსერვაციისთვის მჟავის გამოყენება შეიძლება ბოლოს, მაგალითად, ლიმონმჟავა. შეიძლება ჩავამატოთ ლიმონის წვენი. კონსერვაცია უკავშირდება მიკრობებისგან დაცვას. ანტიმიკრობული თვისებების მქონე ხელოვნურ ნაერთს იყენებენ ნატრიბენზოატს, მაგრამ მას აქვს ცუდი რეპუტაცია. მას ლიმონათებსა და სხვა საშუალებებშიც იყენებენ. ის, რა თქმა უნდა, რისკ-ფაქტორია სხვადასხვა დაავადების.

ტემპერატურული ზემოქმედების დროს ძალიან ბევრი ნაერთი, რომელსაც აქვს ანტიმიკრობული თვისებები, სამწუხაროდ, იჟანგება, დეგრადაციას განიცდის. გარდა კონსერვაციისა, მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც არის ჩვენს ხილში. არის სხვადასხვა თანამედროვე მეთოდი, რომელსაც იყენებენ, მაგალითად ორთქლით დამუშავება,“ - მოცემულ საკითხზე ირაკლი ჩხიკვიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად